წარმოიშვა VIII ს-ის 60-იან წლებში და დღესაც არსებობს. ისინი თვლიან, რომ იმამების ხაზი წყდება არა თორმეტზე (როგორც შიიტებს მიაჩნიათ), არამედ შვიდზე. საგულისხმოა ისტორიული ფაქტი: დაახლოებით 760 წლის მეექვსე იმამმა - ჯაფარ სადიკმა - მემკვიდრეობა წაართვა თავის შვილს - ისმაილს, რადგან სპირტიანი სასმელებისაკენ მისწრაფება შეამჩნია. ჯაფარის თქმით ,,ღვთიური თვისებების მატარებელ იმამს ლოთობასთან არაფერი საქმე აქვს’’. შიიტების უმრავლესობამ გაიზიარა იმამის გადაწყვეტილება. უმცირესობამ კი გაილაშქრა ამ მოქმედების წინააღმდეგ და შექმნა სექტა, რომელიც გამოირჩეოდა ლიბერალობით, კერძოდ, ალკოჰოლთან დამოკიდებულების საკითხში. ამ სექტამ შეიმუშავა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ანტიკური მოაზროვნეების - პლატონისა და არისტოტელეს - იდეებს, აგრეთვე - ნეოპლატონიზმს. დანერგა ყურანის ალეგორიულად გააზრების ტრადიცია და მოითხოვა თავისუფლება ცხოვრების სხვადასხვა უბანზე. XI-XII სს-ში ისმაილიტებს გამოეყვნენ ჯგუფები, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ისმაილიტ-მულიდების ანუ ასასინების ორდენი იპყრობს.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002