1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
იუდ იუვ იუმ იუნ იურ იუს

იუდაიზმი

  1. მონოთეისტური რელიგიაა; აღიარებს ერთადერთ ღმერთს, -სამყაროს შემოქმედს, რომელსაც მრავალი ეპითეტით ვუხმობთ: იაჰვე (დამახინჯებული ფორმაა ,,იეღოვა’’), ადონაი, ელი, საბაოთ და სხვა. იუდაიზმის თანახმად, ღმერთი არის არა მხოლოდ ერთი, არამედ - ერთსახოვანიც. ებრაელთათვის მიუღებელია ერთარსება-სამების რწმენა. მათ დაუშვებლად მიაჩნიათ აგრეთვე ღვთის განკაცების საიდუმლო. იუდაისტური მოძღვრების ძირითადი დოგმატები რაბინმა მოსე მაიმონიდმა რეზიუმეს სახით წარმოადგინა (ქრისტიანული ,,რწმენის სიმბოლოს’’ მსგავსად). მას ეწოდება ,,რწმენის 13 სიმბოლო’’. ესენია:
    1. არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო;
    2. ის ერთია;
    3. ის უსხეულოა;
    4. ის მარადიულია;
    5. უნდა ვილოცოთ მხოლოდ მასზე;
    6. ღვთიური გამოცხადებანი ჭეშმარიტებაა;
    7. მოსე ყველაზე დიდი წინასწარმეტყველია;
    8. თორა, ე.ი. ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი, ღმერთმა უკარნახა მოსეს;
    9. მოსეს კანონის შეცვლა სხვა კანონით არ შეიძლება;
    10. ღვთიური განგება მართავს სამყაროს;
    11. არსებობს კეთილისათვის ჯილდო და ბოროტისათვის სასჯელი;
    12. ისრაელში მოვა მესია;
    13. მკვდრეთით აღდგომა ჭეშმარიტებაა.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. პირველი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიო ისტორიაში. იუდაიზმის ძირითადი განმსაზღვრელი ერთი ღმერთის რწმენაა, იმის აღიარება, რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთი ერთია. ეს რწმენა მოქცეულია დასაწყისი ლოცვის ამ ოთხ სიტყვაში, რომელიც პირველად ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნეში გაისმა: ,,ისმინე, ისრაელ, ერთია ჩვენი უფალი ღმერთი“ (რჯლ 6:4). მაშინ ეს მხოლოდ ამ მცირე ხალხის რწმენა იყო, დღეს მონოთეიზმს ბევრი ხალხი აღიარებს. ეს რწმენა, ბიბლიის თანახმად, სათავეს იმ პირველი გამოცხადებიდან იღებს, რომელიც ებრაელთა მამამთავარმა, აბრაამმა მიიღო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მესოპოტამიის ქალაქ ხარანში ცხოვრობდა. ღმერთი მას კვლავ გამოეცხადა უკვე ქანაანში დასახლებულს და აღუთქვა, რომ მისი წიაღიდან მრავალრიცხოვანი ხალხი გამოვიდოდა და ქანაანის მიწაზე დამკვიდრდებოდა. ისიც იყო ნაწინასწარმეტყველევი, რომ მისგან გამოსული მოდგმა უცხო ქვეყნის მონობაში მოექცეოდა, მერე თავს დააღწევდა მონობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდა ქანაანის დამკვიდრება. ეს უცხო ქვეყანა ეგვიპტე იქნებოდა. ეგვიპტეში ხალხი გამრავლდა და ამ ქვეყნის ხალხთან ასიმილაცია ელოდათ, მოსეს რომ არ შეეხსენებინა მათთვის აბრაამის ღმერთი - მათივე წინაპრების ღმერთი. მოსე იყო მეორე პიროვნება, რომელთანაც ღმერთმა საუბარი ინება. უფალი მას ახალი კუთხით გამოეცხადა: ,,მე ვარ, რომელიც ვარ“. ამ სიტყვებით ღმერთი მოსეს თავის დაუსაბამობასა და მარადიულობასთან ერთად, მიანიშნებდა იმასაც, რომ მასშივეა მისი არსებობის მიზეზი, განსხვავებით პოლითეისტური ღმერთებისა, რომელნიც ადამიანთა მსგავსად იბადებოდნენ მშობლებისგან და, შესაძლოა, იხოცებოდნენ კიდეც. ამ ღმერთის ხელშეწყობით და მოსეს წინამძღოლობით, რომელშიც მოსემ არა მხოლოდ თავისი მამა-პაპის ღმერთი, არამედ სამყაროს ერთადერთი შემოქმედი შეიცნო, აბრაამის მოდგმა სასწაულებრივად გამოვიდა ეგვიპტიდან და უდაბნოს გზით ქანაანისკენ გაემართა. მაგრამ ვიდრე ქანაანში შევიდოდა, მანამდე სინას მთის ძირას ხალხმა ღვთისგან რჯული მიიღო - კონსტიტუცია, რომლის თანახმად, მას უნდა ეცხოვრა ქანაანში და ყველგან, სადაც კი ცხოვრება მოუხდებოდა. რას უწესებდა ამ ხალხს სინას მთიდან გამოცხადებული რჯული? პირველ რიგში, ეს იყო ათი მცნება, რომელთაგან ოთხი ღმერთთან ურთიერთობას უწესებდა, ექვსი კი - საზოგადოებრივ წესრიგს. იგი ამგვარად ჟღერდა მაშინ და დღემდე უცვლელია, არც რამე მიმატებია და არც დაკლებია:
    1. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემ გარდა სხვა ღმერთები...
    2. არ გაიკეთო კერპები და არ სცე მათ თაყვანი;
    3. არ დაიფიცო ამაოდ უფლის, შენი ღვთის სახელი;
    4. გახსოვდეს შაბათი და წმიდად შეინახე სხვა დღეებს შორის; ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღე კი უფლის დღეა, მას მიუძღვენი შენი ფიქრები;
    5. პატივი ეცი შენს მამას და შენს დედას;
    6. არა კლა;
    7. არ იმრუშო;
    8. არ იქურდო;
    9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ;
    10. არ ინდომო შენი მოყვასის არანაირი ქონება - არც სახლი, არც ცოლი, არც ყმა, არც მხევალი...
    Source: კიკნაძე ზურაბ, იუდაიზმი/ სოლიდარობა #2’06/საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი /2006 წ.
  3. იმთავითვე მჭიდროდ არის დაკავშირებული ებრაელი ხალხის ისტორიასთან, რომელიც ბიბლიურ წიგნებშია გადმოცემული. ამდენად, იუდაიზმი ისტორიული და ნაციონალური რელიგიაა. ტერმინი „იუდაიზმი“ მომდინარეობს იუდას (იეჰუდა) ტომის სახელწოდებიდან, რომელიც თორმეტი ტომიდან (ბენიამინის მცირერიცხოვან ტომთან ერთად) გადაურჩა ძვ. წ. 722 წლის კატასტროფას, როცა აშურის მეფემ ებრაელთა ჩრდილო სამეფო დაიპყრო და ხალხი აშურის სხვადასხვა ქალაქში გადაასახლა. ამიერიდან ებრაელმა ხალხმა არსებობა ერთი ტომის – იუდას – სახით განაგრძო. აქედან მოდის თნამედროვე ებრაელების სახელწოდება ევროპულ ენებზე – იუდეველი, რომელიც აღნიშნავს როგორც ეროვნებას, ასევე რელიგიურ აღმსარებლობას.იუდაიზმი ეფუძნება ბიბლიურ წიგნებს – თანახს (ქრისტიანული ტრადიციით ძველი აღთქმის წიგნები), რომელიც სამი ნაწილისგან შედგება.სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ებრაელობის რელიგიურ, საოჯახო და საზოგადოებრივ ცხოვრებას, გარდა რჯულის ფუძემდებლური წიგნისა (თორა), აწესრიგებს თაობიდან თაობამდე ზეპირად გადმოცემული აგადა (ლეგენდები ბიბლიურ პერსონაჟებზე, იგავები და შეგონებები, ფილოსოფიურთეოლოგიური მოსაზრებანი...) და ჰალახა (ავტორიტეტული ნორმატიული დებულებები). აგადა და ჰალახა, საბოლოოდ, ჩაწერილი იქნა და მათ შეადგინეს თალმუდის ერთი ნაწილი.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9