1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურა

  1. Etym. ლათ. cultura - მიწათმოქმედება; თაყვანისცემა, პატივისცემა
    ადამიანთა ჯგუფის ცხოვრების სტილი, რომელიც ერთი თაობიდან მეორეში კომუნიკაციის მეშვეობით გადადის.
    Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) - © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი - 2010 - პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი
  2. ადამიანისა და საზოგადოების ფორმათა ერთობლიობა, რომელიც ვლინდება ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში და გამოხატავს ადამიანის სოციალიზაციისა და საზოგადოების ჰუმანიზაციის დონეს. განსაზღვრულ ეპოქაში ხალხის, ერის, საზოგადოების მიღწევათა ერთობლიობა შეადგენს მათ კულტურას.
    Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები.№1,-თბ,- 2007
  3. რთული ცნებაა. ის საზოგადოებაში ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს და შეიძლება მატერიალურიც იყოს, როგორც, მაგალითად, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებები, და ნაკლებად ნივთიერიც, როგორიც არის რელიგია და ტრადიციები. აქვეა სოციალური წყობა და კანონები, რომლებიც ჯგუფის საქმიანობას არეგულირებს და წარმართავს. კულტურა მოიცავს ყველაფერს, რაც საზოგადოებას მემკვიდრეობით ან სოციალური გადაცემით აქვს მიღებული. კულტურის ინსტიტუციური ელემენტები ადვილი დასადგენია: სკოლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, რელი გიური დანიშნულების შენობები. მაგრამ გაცილებით პრობლემურია ნაკლებად მატერიალური ასპექტების გავლენის განსაზღვრა დანარჩენ საზოგადოებაზე, განსაკუთრებით იქ, სადაც უმცირესობათა კულტურაზეა ლაპარაკი. ნაკლებად გავრცელებული ენის გამოყენებამ საჯარო სამსახურში შესაძლოა სირთულეები წარმოშვას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. იგივე მოხდება ალბათ მედიაშიც. ასევე, სახელმწიფოს უმრავლესობის აზრით, არაეთიკური იქნებოდა უმცირესობათა ჯანმრთელობის დაცვის, რელიგიურ და საგანმანათლებლო საკითხთა განცალკევებით განხილვა და მათთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ბუტროს გალის სიტყვები რომ მოვიყვანოთ, „მატერიალური კეთილდღეობა მინიმალურად მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, კულტურის ცნებამ უმცირესი მნიშვნელობა რომ შეინარჩუნოს“ (გვ. 73).
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  4. კულტურის, როგორც ტერმინის მნიშვნელობის მარავალფეროვნების მიუხედავად უკანასკნელი ათწლეულების კრიტიკაში დამკვიდრდა ერთგვარი სინთეზური, თანამედროვე გაგება ამ ცნებისა, როცა ის გულისხმობს არა მხოლოდ „ადამიანის, ეპოქის ან ჯგუფის გარკვეულ ცხოვრების წესს“, ან „ინტელექტუალური და, განსაკუთრებით, შემოქმედებითი აქტივობის პრაქტიკას და ნიმუშებს“, არამედ „დამოუკიდებელ და აბსტრაქტულ არსებით სახელს, რომელიც აღწერს ინტელექტუალური, სულიერი ან ესთეტიკური განვითარების ზოგად პროცესს“ (რ. უილიამსი, 1976, 80). ტონი ბენეტი სოციალურ პროცესებთან უაღრესად ძლიერი მიმართების ფონზე კულტურას განსაზღვრავს, როგორც სოციალურ რეგულაციათა ისტორიულად წარმოებულ ზედაპირს, რომლის გამორჩეულობა იდენტიფიცირებული უნდა იყოს შემდეგი ნიშნებით: (i) ატრიბუტებისა და წარმართვის ფორმების სპეციფიური ტიპები, რომლების დგინდება, როგორც მისი მიზნები, (ii) ხერხები, რომლებიც შემოთავაზებულია ამ ატრიბუტებისა და წარმართვის ფორმების განსახორციელებლად, (iii) ამგვარი ხერხების მოხმობა მართვის კონკრეტულ პროგრამებში, (iv) ამგვარი პროგრამების ჩართვა სპეციფიური კულტურული ტექნოლოგიების სამოქმედო პროცედურებში (ტ. ბენეტი, 1992, 27).
    Source: კრიტიკა 2005, – №1, – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
  5. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.
    თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი „კულტურა“ XVII საუკუნიდან იხმარება. მიჩნეულია, რომ დამოუკიდებელი ლექსიკური ერთეულის სახით იგი პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სემუელ პუფენდორფმა (1632-1694), რომელიც კულტურას ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას უპირისპირებდა.
    თანახმად, 1871 წლიდან 1919 წლამდე კულტურის ცნების სულ 7 დეფინიცია იყო შემოთავაზებული (პირველი, როგორც ითვლება, ცნობილ ინგლისელ მეცნიერს ე. ბ. ტაილორს ეკუთვნის); 1920-დან 1950 წლამდე კი მათ სხვადასხვა ავტორთან იგივე ცნების 157 განსაზღვრება დათვალეს.1 1963 წელს კრიობერმა და კლაკჰონმა ხელახლა გამოსცეს თავიანთი ნაშრომი. ამჯერად დეფინიციათა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, რადგან პირველი გამოცემიდან გასული ათი წლის განმავლობაში გაჩნდა კულტურის ცნების ახალი ინტერპრეტაციები. კულტურის განსაზღვრებათა ეს მიმოხილვა ყველაზე სრული იყო იმჟამად არსებულთაგან, თუმცა ზოგიერთი ნაკლი მაინც ჰქონდა: ავტორები, ძირითადად, ინგლისურ-ამერიკულ ლიტერატურაში არსებული მიდგომებით იფარგლებოდნენ და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ გერმანულ და ფრანგულენოვან ლიტერატურაში არსებულ მრავალფეროვან განსაზღვრებებსა და კონცეფციებს. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ისტორიული, სტრუქტურული, სტრუქტურულ-ფუნქციური, სისტემური (ფ. ბოასი, კ. ლევისტროსი, ბ. მალინოვსკი, ა. რადკლიფ-ბრაუნი, ლ. უაიტი) და სხვ.
    თვით ცნების უნივერსალურობა და ყოვლისმომცველობა საშუალებას იძლევა, განვიხილოთ იგი მრავალ ასპექტში: როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო; სოციალური ინსტიტუტი; პიროვნების განვითარების დონის მახასიათებელი; საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა; სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი; თვითდეტერმინაციის ფენომენი და ა. შ. ამდენად, სრულიად ბუნებრივია განსაზღვრებათა ზემოთ ნახსენები სიმრავლეც.
    ფართო აზრით, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას ყველა სხვა ბიოლოგიური არსებისაგან. კულტურაში იგულისხმება არა ცალკეული შემოქმედებითი აქტი, არამედ შემოქმედება როგორც ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის მეშვეობით იგი ქმნის „ახალ სამყაროს“ და საკუთარ თავს. თითოეული კულტურა განუმეორებელი სამყაროა, რომლის შიგნით არსებობს ადამიანის (ადამიანთა) სწორედ ასეთი დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.
    Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
  6. ის, რაც ადამიანის - მისი ხელით, გონებით, გრძნობებით, ინტუიციით არის შექმნილი. მიღებულია კულტურის დაყოფა მატერიალურად (საგანთა სამყარო) და სულიერად (ცოდნის, ფასეულობების, სიმბოლოების სამყარო).
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9