1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მესამე მსოფლიო

არსებობს ასეთი ცნება, რადგან ის არც მდიდარი და დემოკრატიული დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მსოფლიოა და არც კომუნისტური ტირანიის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მეორე მსოფლიო. სახელმწიფოებს ამ რეგიონში სხვადასხვაგვარად იხსენიებენ: მესამე მსოფლიოს ქვეყნები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ან განვითარებადი ქვეყნები. მაგრამ მკაცრი საზღვრების დადგენა შეუძლებელია და ყოველთვის არსებობს გამონაკლისები, თუმცა მისი ყველაზე დამახასიათებელი ნიშან-თვისება სიღარიბეა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გამონაკლისები. ნავთობის მწარმოებელ ქუვეითსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს სპარსეთის ყურეში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ, ძირითადად, მესამე მსოფლიო ღარიბია და მრავალ ქვეყანაში წლიური ერთიანი შიდა პროდუქტი 1.000$-ზე ნაკლებია. ათჯერ ნაკლები, ვიდრე ინდუსტრიული დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მოქალაქეების საშუალო შემოსავალი. ზოგი მესამე მსოფლიოს განსაზღვრავს ტერიტორიად, სადაც მსოფლიოს არათეთრი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ლათინური ამერიკის, არაბული მსოფლიოს, ისრაელის, თურქეთისა და ირანის ნაწილი დასახლებულია თეთრკანიანი ხალხით, ასევე აზიელი ხალხი ცხოვრობს პირველ მსოფლიოში. ასე რომ, რასობრივი კლასიფიკაციაც არ არის გამართლებული. ერთი, რაც შეიძლება მთელ მესამე მსოფლიოზე ნათლად ითქვას, არის მათი პოლიტიკური არასტაბილურობა. მრავალმა მათგანმა გაიარა პოლიტიკური რეჟიმების ცვლა, რევოლუციები და სამხედრო გადატრიალებები და დღესაც იშვიათად მოიძებნება მესამე მსოფლიოში ნამდვილი დემოკრატია. ერთ-ერთი მკვლევარის აზრით ერთი აღსანიშნავი გამონაკლისია ინდოეთი. პაკისტანიც მეტნაკლებად წარმომადგენლობითია. მაგრამ ყველა ამ სახელმწიფოებში პოლიტიკური ინსტიტუტები ძალიან სუსტია და არ ძალუძთ შეინარჩუნონ ნებისმიერი სახის (სამოქალაქო თუ სამხედრო) ეფექტური მთავრობა. მესამე მსოფლიო არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც დასახვეწი და განსავითარებელია. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი მკვლევარი მესამე მსოფლიოს განვითარებად არეს უწოდებს, მაგრამ რეალურად ყველა ქვეყანა არ არის განვითარების პროცესში. ზოგი მათგანი სტაგნაციას განიცდის, ზოგიც კი, მხოლოდ რეგრესის პროცესშია. მესამე მსოფლიოს ძირითად პრობლემად მაინც სიღარიბე რჩება. სიღარიბე შეიძლება დანახულ იქნას რამდენიმე თეორიული პერსპექტივიდან. საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები არ თანხმდებიან ვერც ამ სიღარიბის მიზეზებზე და ვერც მისი დაძლევის გზებზე. ისინი ასევე ვერ თანხმდებიან ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობების ხასიათზე. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ სამხრეთის ქვეყნები უკიდურეს გაჭირვებაში არიან. გოლდსტაინის თქმით ეს სიღარიბე ძნელად მისახვედრია ჩრდილოეთ ამერიკისათვის. ეს არის უკიდურესი გაჭირვება, აქ არის შიმშილი და მისგან გამოწვეული სიკვდილი, ამას ჩვენ ვხედავთ სომალისა და სუდანის სურათებში და ეს უაღრესად შემაძრწუნებელია. მაგრამ ეს არ არის სიღარიბის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ხშირად შიმშილობის მიზეზი ომი ან გვალვაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც იღუპება ღარიბ ქვეყნებში კი არ შიმშილობენ, არამედ ხშირად ისინი იღუპებიან სხვადასხვა დაავადებებისგან, რომლებიც გამოწვეულია უხარისხო საკვების მიღებით. უხარისხო საკვებით გაცილებით მეტი ხალხი იღუპება, ვიდრე სრული შიმშილით, მაგრამ ეს ნაკლებად დრამატულია, რადგან ისინი კვდებიან სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა გარემოებებში, სხვადასხვა დროს და არა ერთი და იმავე ადგილას თანაბარ პირობებში.
Source: ქადაგიძე ნინო. ჩრდილოეთი და სამხრეთი – მდიდრები და ღარიბები // ახალი აზრი №6 (12),–ოქტომბერი,–2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9