1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მესხები

ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომია. XVII საუკუნემდე ისინი, ისევე, როგორც დანარჩენი ქართველობა, მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ. XVI საუკუნეში, ისარგებლა რა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური დასუსტებით, თურქეთმა მიიტაცა მესხეთი და დაარქვა მას ,,გურჯისტანის ვილაიეთი“, სხვანაირად ,,ახალციხის საფაშო“ . 1578 წლიდან ორნახევარი საუკუნის განმავლობაში მესხები თურქეთის უღელქვეშ იმყოფებოდნენ. თურქები მესხებს ,,გურჯი ოღლის“ (,,ქართველის შვილი“) უწოდებდნენ (სხვათა შორის, ეს მეტსახელი შემონახული იყო გვიანობამდე. ასპინძის რ-ის სოფ. ზემო ოშორაში 1839 და 1842 წლების აღწერებში დაფიქსირებულია ოჯახის უფროსი ალი გურჯი ოღლი, ხოლო სოფ. აბის მხვნელ-მთესველთა შორის 1847 წ. ირიცხება ისმაილ გურზინ-ოღლი). დაპყრობილ ტერიტორიებზე თურქები ატარებდნენ პოლიტიკას, რომლის მიხედვით მიწაზე საკუთრების უფლება ჰქონდა მხოლოდ სამხედრო ვალდებულს, რომელიც, თავის მხრივ მხოლოდ მაჰმადიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოსახლეობა იძულებული ხდებოდა, მაჰმადიანობა მიეღო. ამავე პერიოდში ვატიკანის მისიონერები თურქეთის ხელისუფალთა ნებართვით მესხეთის მოსახლეობის ნაწილს კათოლიკებად ნათლავდნენ. ისლამიზაციის შედეგად მესხები ივიწყებდნენ ქართულ ენას, რადგანაც სავალდებულო სალაპარაკო ენად თურქული ითვლებოდა. ქრისტიანული კულტურა თანდათანობით ადგილს უთმობდა მაჰმადიანურს. მესხებს აეკრძალათ ყურძნის მოვლა, რადგანაც ყურძნისაგან ღვინოს ამზადებდნენ. ყურანი კი ღვინის სმას კრძალავდა. მხოლოდ 1829 წ. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მესხეთის ჩრდილოეთი ნაწილი უერთდება რუსეთის იმპერიას. 1870 წ. გამოცემული ,,თბილისის გუბერნიის აღწერების კრებულში“ მესხეთის მაჰმადიანი მოსხლეობის ძირითადი ნაწილი ჩაწერილია, როგორც ,,ქართველი-სუნიტი“. მათ გარდა მესხეთის ტერიტორიაზე მცირე ჯგუფებად ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები - ,,თარაქამა“ და ქურთები. XX ს. დასაწყისში, ატარებდა რა ქართველი ხალხის გათიშვის პოლიტიკას, მეფის ხელისუფლებამ მესხეთში თურქული სკოლები გახსნა. ამ დროისათვის მაჰმადიანი მესხები თავს აღარ თვლიდნენ ქართველებად, იმიტომ რომ ,,ქართველი“ მათთვის გაიგივებული იყო ,,ქრისტიანთან“. ადგილობრივ კათოლიკეებს უწოდებდნენ ,,ფერენგს“ (,,ფრანგი“, რადგანაც მათ კათოლიკობა ფრანგებისაგან მიიღეს). მაჰმადიანი მესხები თავს თურქებად კი არ თვლიდნენ, არამედ ,,იერლი მისლიმან“-ად (,,ადგილობრივი, მკვიდრი მაჰმადიანი“), ამით ისინი ქურთებისა და თარაქამებისაგან განსხვავდებოდნენ XIX-XX ს.ს. მიჯნაზე მაჰმადიან მესხებში შეინიშნება ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება. ამ მხრივ დამახასიათებელია 1886 წ. ,,თბილისის გუბერნიის ახალციხის მაზრის ოჯახების აღწერა“. ამ დოკუმენტებში ადგილობრივი მოსახლეობის 60% ,,ქართველი ეროვნების მაჰმადიან -სუნიტებად“ იწერებიან და მათში დაფიქსირებულია 30-ზე მეტი ქართული გვარი. აღსანიშნავია ასეთი ფაქტიც: ადიგენის რ-ის სოფ. უდეს კთოლიკურ ეკლესიაზე შემონახულია წარწერა იმის შესახებ, რომ მის მშენებლობაზე ქრისტიანებთან ერთად ,,ქართული ტომის მაჰმადიანებმაც“ გაიღეს შემოწირულობა. მაჰმადიანი მესხები ლაპარაკობენ თურქული ენის აღმოსავლეთ ანატოლიურ დიალექტზე, ოღონდ ისეთი ბგერითი თავისებურებით, რომელიც მხოლოდ ქართული ენისთვისაა დამახასიათებელი. ურო მეტიც - ამ ენაში მოიპოვება ქართული სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ტერმინოლოგიის ფართო შრე. ყველაზე დიდი ზიანი მესხთა ქართულ ცნობიერებას საბჭოთა ხელისუფლებამ მიაყენა. ჯერ იყო და ისინი, ეთნიკურად ქრთველები, 1923 წ. ჩაწერეს ,,აზერბაიჯანლებად“, მასობრივად გადაუკეთეს ქართული გვარები აზერბაიჯანულად და მესხეთი გადააქციეს აზერბაიჯანის კულტურულ ავტონომიად (რადგანაც საბჭოთა კავშირს თავისი ინტერესები ახლო აღმოსავლეთში აიძულებდა ბევრი რამ დაეთმო თურქეთისათვის). შემდეგ, 1944 წ. ,,თურქის“ იარლიყით მესხეთის მაჰმადიანი მოსახლეობა გაასახლეს საქართველოდან. დეპორტირებული მესხები 12 წლის განმავლობაში კომენდანტის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდნენ შუააზიის რესპუბლიკებში და მხოლოდ 1956 წ. მოეხსნათ ეს შეზღუდვა. ამ დროიდან მათ ნება ეძლეოდათ დასახლებულიყვნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას, გარდა საქართველოსი. 1989 წ. ფერგანის დაბლობზე, სადაც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული მესხები, მოხდა მათი სისხლიანი დარბევა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რის შედეგადაც მესხებმა მასიურად დატოვეს უზბეკეთი. დღეისათვის საქართველოს მთავრობა, მისი საზოგადოებრიობა დგამს ნაბიჯებს დეპორტირებულ მესხთა უფლებების აღდგენისათვის - მზადდება საკანონმდებლო აქტი დეპორტაციის ფაქტის დაგმობის შესახებ, მიმდინარეობს მზადება მესხთა რეპატრიაციის დაწყებისათვის. ამჟამად საქართველოში ცხოვრობს არაუმეტს 300 რეპატრირებული მესხისა, რომლებიც სამშობლოში სხვადასხვ დროს დაბრუნდნენ.
Source: ბარათაშვილი კლარა. მაჰმადიანი მესხების ქართული გვარები / [რედ.: გურამ მამულია ; მთარგმნ.: ალექსანდრე თევზაძე] ; ფრიდრიხ ებერტის სახ. ფონდი - თბ., 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9