სკოლის ბიუჯეტის შედგენის მთელ პროცესში იმ მხარეების ჩართვა, რომლებიც უშუალოდ არიან დაინტერესებული სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მომსახურების ხარისხითა და ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების მიზნობრიობით. სკოლის ბიუჯეტის შედგენასა და ხარჯვაში მონაწილეობა იმის გარანტიას იძლევა, რომ სკოლისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები შემოსავლისა თუ თანამდებობის მიუხედავად სკოლის მომსახურების ყველა მომხმარებელზე ერთნაირად გადანაწილდეს, ანუ გამოირიცხოს დისკრიმინაცია და უსამართლობა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია გამჭვირვალობა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის სკოლის სახსრების განკარგვის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამგვარად, განათლების სამინისტროს თუ საზოგადოების წარმომადგენელს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ხელი უნდა მიუწვდებოდეს სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებულ ბიუჯეტზე და შეეძლოს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება სკოლის ფინანსური რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი გამჭვირვალე, ღია და ყველასათვის გასაგები იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტის შემუშავების, ხარჯვისა და შედეგების ანალიზის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა პოლიტიკოსების კაბინეტებში, არამედ საზოგადოების წევრებისაგან - მშობლების, მასწავლებლების და სხვა დაინტერესებული ადამიანებისაგან შედგენილი საბჭოების შეკრებებზე.
Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] - თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004