რას წარმოადგენს სამყარო და როგორ წარმოიშვა იგი, ძალზედ უხეშად რომ ვთქვათ, ამაზე ორი აზრი არსებობს. პირველი ეს არის მატერიალისტური თვალსაზრისი, რომლის მატარებელნი თვლიან, რომ მატერია და სივრცე არსებობს, არსებობდა ყოველთვის და არავინ იცის, რატომ არსებობს. მატერიამ, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი გზით რომ მოქმედებს, შემთხვევით მოახერხა ჩვენნაირი ანუ მოაზროვნე არსებების შექმნა. რომელიღაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, რაღაც მოხვდა მზეს და მას გამოეყვნენ პლანეტები. შემდეგ, ასეთივე შემთხვევითობის წყალობით, ერთ-ერთ პლანეტაზე სიცოცხლისათვის აუცილებელი ქიმიური ელემენტები წარმოიქმნა, დამატებით კიდევ სათანადო ტემპერატურაც შეიქმნა და დედამიწაზე მატერიის ერთი ნაწილი გაცოცხლდა, რომელმაც ასევე შემთხვევითობათა მთელი რიგი გაიარა და ჩვენნაირ არსებებად ჩამოყალიბდა. მეორე თვალსაზრისი რელიგიურია. იგი ხილული სამყაროს საფუძველს უფრო გონების მაგვარ რაღაცაში ხედავს, ვიდრე სხვა რამეში. შეიძლება მასზე ითქვას, რომ ის არის ცნობიერება, რომ მას გააჩნია მიზნები, რომ ერთ საგანს ამჯობინებს მეორეს. აღნიშნული თვალსაზრისით, მან შექმნა სამყარო, ნაწილობრივ, ჩვენთვის მიუწვდომელი მოსაზრებით, ნაწილობრივ - თავისი მსგავსი ცნობიერი არსებების არსებობის სურვილით.
Source: ლუისი ქლაივ სთეიფლ. უბრალოდ ქრისტიანობა / [მთარგმნ.:ზეინაბ სარაძე ; რედ.:მაია ახალაია, მერაბ ცინდელიანი] - თბ. : მშვიდობის, დემოკრატიისა და განვით. კავკას. ინ-ტი, 2002