სანტერიის რელიგია მე-19 საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც იორუბას ტომის ასიათასობით წევრი აღმოსავლეთ აფრიკიდან კუბაში მონებად ჩაიყვანეს. მათმა ტრადიციულმა აფრიკულმა რელიგიამ კათოლიციზმის მნიშვნელოვანი ელემენტები შეითავსა, რის შედეგადაც სანტერია, ანუ „წმინდანთა ცხოვრების წესი“ წარმოიშვა. სულების მიმართ, რომელთაც ორიშები ეწოდებათ, კუბელი იორუბელები ღვთისმოსაობას კათოლიკე წმინდანების იკონოგრაფიის საშუალებით გამოხატავენ. სანტერიის რიტუალებზე ხშირად შეხვდებით კათოლიკურ სიმბოლოებს. სანტერიის მიმდევრები კათოლიკურ მესებსაც ესწრებიან. სანტერიის მოძღვრების თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს ღმერთისგან მონიჭებული ბედი, რომელიც ორიშების დახმარებითა და ენერგიით აღსრულდება. სანტერიის რელიგიის საფუძველია ორიშებთან დამყარებული პირადი ურთიერთობა. ამასთან, ღვთისმოსაობის ერთერთ ძირითად ფორმას ცხოველთა შეწირვა წარმოადგენს. ცხოველების შეწირვას, როგორც რელიგიური რიტუალის ნაწილს, უძველესი ისტორია აქვს. ცხოველთა შეწირვა ხშირად მოიხსენიება ძველ აღთქმაში და ის იუდაიზმის პრაქტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იერუსალიმის მეორე ტაძრის განადგურებამდე. თანამედროვე ისლამში ტარდება ყოველწლიური მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რომელიც აბრაამის მიერ კრავის შეწირვას ეძღვნება.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004