1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპარლამენტო რესპუბლიკა

რესპუბლიკის ამ სახისათვის, როგორც თვით სახელწოდებიდანაც ჩანს, დამახასიათებელია პარლამენტარიზმის უფრო მეტი დოზით გატარება, ვიდრე რესპუბლიკური მმართველობის სხვა ფორმებში. საპარლამენტო რესპუბლიკა, თავისი არსით, გავს საპარლამენტო მონარქიას და, ძირითადში, მასზე იმავეს თქმა შეიძლება, რაც საპარლამენტო მონარქიის თაობაზე ითქვა, იმ განსხვავებით, რომ საპარლამენტო მონარქიებში სახელმწიფოს მეთაური მემკვიდრეობითი მონარქია, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკაში არჩევითი პრეზიდენტი. საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო მექანიზმის ძირითად რგოლს წარმოადგენს პარლამენტი. პარლამენტი ახდენს მთავრობის ფორმირებას, მისი ფორმირება ხდება იმ პარტიისაგან, რომელმაც უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში (ორპალატიანი პარლამენტის დროს - მის ქვედა პალატაში) და მთავრობის თავმჯდომარეც ამ პარტიის ხელმძღვანელია. მთავრობა არა მარტო ფორმირდება პარლამენტის მიერ, არამედ აგრეთვე პასუხისმგებელია მის წინაშე, ე.ი., მთავრობის ფორმირებისა და პასუხისმგებლობის საპარლამენტო წესი, საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითადი მახასიათებლებია. თუ პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, იგი უნდა გადადგეს. ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი იარაღია პარლამენტის ხელში, მაგრამ ამის გასაწონასწორებლად, საპრეზიდენტო რესპუბლიკისაგან განსხვავებით, შესაძლებელია პარლამენტის დათხოვნა. ფორმალურად ამ უფლებით პრეზიდენტი სარგებლობს, მაგრამ რეალურად პრეზიდენტი ამ უფლებას იყენებს მხოლოდ პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით (პარლამენტის დათხოვნა, ერთი შეხედვით, ანტიდემოკრატიულად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ, რეალურად რომ ვქთვათ, იგი სავსებით შეესაბამება სახალხოხელისუფლებიანობის, სახალხო სუვერენიტეტის იდეას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისევ ხალხის სამსჯავროზე გამოდის მთავრობისა და პარლამენტის დაპირისპირება, იმ აზრით, რომ თუკი პარლამენტის დათხოვნის შემდეგ ხალხის ნებით ისევ ის პოლიტიკური ძალა მოვიდა უმრავლესობით, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებაშია მთავრობასთან, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხის მხარდაჭერა პარლამენტის მხარეზეა და მთავრობა უნდა გადადგეს. მეორეც ის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შეწონასწორების სისტემისა). საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში ფორმალურად ფართო უფლებამოსილებებით სარგებლობს, მაგრამ ფაქტობრივად ეს ხელისუფლება პრემიერ–მინისტრის მიერ ხორციელდება, ე.ი. საპარლამენტო რესპუბლიკა «სუსტ პრეზიდენტს» გულისხმობს. საპარლამენტო რესპუბლიკებში სახელმწიფოს მეთაური გამოსცემს იურიდიული მნიშვნელობის აქტებს, უმრავლეს შემთხვევაში ამ აქტებმა უნდა გაიარონ კონტრასიგნაციის პროცედურა, რათა მათ მიენიჭოთ იურიდიული ძალა. საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელია ე.წ. სოლიდარული პასუხისმგებლობა, ეს გამოიხატება იმაში, რომ პარლამენტის მიერ მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება მთელი მთავრობის წასვლას ნიშნავს. ზოგიერთ ქვეყანაში ეს შეიძლება უბრალოდ რომელიმე მინისტრის გადაყენებამაც გამოიწვიოს, უმთავრესად ეს არიან ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები. საპარლამენტო რესპუბლიკებში უფრო ნაკლები სიმკაცრით არის გატარებული ხელისუფლების დანაწილება, ვიდრე საპრეზიდენტო რესპუბლიკებში. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო ხელისუფლების ერთგვარ გაგრძელებადაც გვევლინება, ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში შესაძლებელია ერთი და იგივე პირი იყოს მთავრობისა და პარლამენტის წევრი ერთდროულად. საპარლამენტო რესპუბლიკებს მიეკუთვნებიან: იტალია, გფრ, ინდოეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ავსტრია, საბერძნეთი და სხვა. საპარლამენტო რესპუბლიკის ძირითად ნაკლად მთავრობის არამდგრადობას ასახელებენ, ასე მაგალითად, იტალიაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაახლოებით ორმოცდაათჯერ შეიცვალა მთავრობა. ამის თავიდან ასაცილებლად ბევრი კონსტიტუცია ახდენს პარლამენტარიზმის შერბილებას, რაც «რაციონალური პარლამენტარიზმის» სახელით არის ცნობილი («რაციონალური პარლამენტარიზმის» მექანიზმები, მაგალითისათვის რომ ავიღოთ, მოცემულია გერმანიის 1949 წლის 23 მაისის კონსტიტუციაში).
Source: არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9