1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპრეზიდენტო რესპუბლიკა

კლასიკური გაგებით, აშშ–ში წარმოიშვა, ჯერ კიდევ მე–18 საუკუნეში, აშშ–ის 1787 წლის, დღეს მოქმედი კონსტიტუციის საფუძველზე. რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს იურიდიულ ლიტერატურაში არც თუ ისე იშვიათად დუალისტურ რესპუბლიკასაც უწოდებენ. ამის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს: ერთი ის, რომ პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში, ორსახოვანია, რადგან იგი არის როგორც სახელმწიფოს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ხოლო მეორე მიზეზად კი შეიძლება დავასახელოთ ის, რომ ასეთი სახის რესპუბლიკისათვის დამახასიათებელია ორი ძლიერი ხელისუფლების არსებობა, ერთი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც პრეზიდენტის ფიგურაში განსახიერდება და მეორე, ძლიერ საკანონმდებლო ხელისუფლება, პარლამენტის სახით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპუბლიკური მმართველობის ეს ფორმა პირველად დაფუძნდა აშშ–ში, 1787 წლის კონსტიტუციის საფუძველზე (საპრეზიდენტო რესპუბლიკები გავრცელებულია ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში). საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევა ხდება პირდაპირი საყოველთაო არჩევნების გზით, მაგალითად, მექსიკაში, ეგვიპტეში, კოლუმბიაში, ვენესუელაში და სხვა (თვით აშშ–ში პრეზიდენტის არჩევა ხდება არაპირდაპირი, რამდენიმე საფეხურიანი არჩევნების საფუძველზე). საპრეზიდენტო რესპუბლიკა ხასიათდება არა მარტო იმით, რომ პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, არამედ იმითაც, რომ არსებობს მთავრობის ფორმირების არასაპარლამენტო წესი. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის წევრებს, მინისტრებს პრეზიდენტი ერთპიროვნულად ნიშნავს, მაგრამ ზოგიერთ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას პარლამენტისაგან დამტკიცება სჭირდება, (მაგ., აშშ–ში, ნიგერიაში, საქართველოში და სხვ.). პრეზიდენტის მიერ მთავრობის ფორმირებისას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პარლამენტის პარტიულ შემადგენლობას, კერძოდ იმას, თუ რომელმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა პარლამენტში. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში მთავრობა მხოლოდ პრეზიდენტის წინაშეა პოლიტიკურად პასუხისმგებელი. ამ რესპუბლიკისათვის უცნობია ისეთი ცნებები, როგორებიცაა: მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება, სახელმწიფოს მეთაურის მიერ პარლამენტის დათხოვნა და ა.შ. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში მთავრობა, როგორც უმაღლესი აღმასრულებელ–განმკარგულებელი ორგანო, როგორც ასეთი, არ არსებობს, რომელსაც შეუძლია სამართლებრივი აქტები მიიღოს, მთავრობა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისათვის სათათბირო ხასიათს ატარებს და იგი მისი სათათბირო ორგანოა. საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის აგრეთვე დამახასიათებელია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის ზედმიწევნით მკაცრი განხორციელება (სხვა რესპუბლიკებთან შედარებით). ერთიანი სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა სამ დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოდ: აღმასრულებელი ხელისუფლება განსახიერდება, როგორც აღვნიშნეთ, პრეზიდენტის პიროვნებაში, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტს ეკუთვნის, სასამართლო ხელისუფლება კი დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. ამ ხელისუფლების შტოთა ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთშეკავების სისტემას, რესპუბლიკური მმართველობის ამ ფორმის დროს პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, ხოლო, თავის მხრივ, პარლამენტს არა აქვს უფლება მთავრობას გამოუცხადოს უნდობლობა და მთელი მისი შემადგენლობა გადააყენოს. აქვე უნდა ითქვას, რომ პარლამენტს იმპიჩმენტის წესით შეუძლია პრეზიდენტის ვადამდე გადაყენება თანამდებობიდან, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი სამართალდარღვევას ჩაიდენს (დაარღვევს კონსტიტუციას, ან ჩაიდენს სხვა სახის დანაშაულს) და თვით იმპიჩმენტის პროცედურაც მეტად გართულებულია. პრეზიდენტს საკანონმდებლო პროცესში შეუძლია გამოიყენოს ე.წ. შეყოვნებითი ანუ სუსპენზიური ვეტოს უფლება, რომლის დაძლევაც პარლამენტს შეუძლია ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. საპრეზიდენტო რესპუბლიკებში შესაძლებელია არსებობდეს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაც, მაგრამ მისი როლი უმნიშვნელოა და იგი მოიაზრება, როგორც ადმინისტრაციული პრემიერ–მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში არ არსებობს მთავრობის საპარლამენტო (პოლიტიკური) პასუხისმგებლობის ინსტიტუტი, საპარლამენტო კომიტეტებს უფლება აქვთ საპარლამენტო სხდომებზე დაიბარონ მინისტრები და მოისმინონ მათი ახსნა-განმარტება ამა თუ იმ საკითხის თაობაზე. არ გამოირიცხება ის გარემოებაც, რომ მინისტრის მიერ მიცემული განმარტებები შეიძლება გახდეს მის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცესის დაწყების საფუძველი (პარლამენტს შეუძლია ინდივიდუალურად გადააყენოს მინისტრები იმპიჩმენტის წესით, თუ რომელიმე კანონდარღვევაში იქნა მხილებული). რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებებს, იგი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, ხოლო საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს - კანონის ძალის მქონე აქტებსაც, იგი არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. იგი უფლებამოსილია ქვეყნის გარეთ წარმოადგინოს თავისი სახელმწიფო, დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, მიიღოს რწმუნებათა და გაწვევის სიგელები უცხო ქვეყნების ელჩებისაგან და სხვა. საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელია მთავრობის სტაბილურობა და ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირება ხდება არა საპარლამენტო, არამედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ე.ი. მთავრობის წევრი ასრულებს თავის უფლებამოსილებას შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ გარემოების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკებში მინისტრის უფლებამოსილების ვადა ემთხვევა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას. საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როგორც თვით სახელწოდებიდანაც ჩანს, პრეზიდენტის ძლიერ ხელისუფლებას გულისხმობს, იგი მიჩნეულია ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, ქვეყნის სახედ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში (შემთხვევითი არ არის ალბათ ისიც, რომ სიტყვა პრეზიდენტი ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს «მას, ვინც წინ ზის»). ეს მოსაზრება აგრეთვე იმ გარემოებითაც დასტურდება, რომ როდესაც ამა თუ იმ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ამ ქვეყნის პრეზიდენტი გვახსენდება. საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე საუბრისას, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მმართველობის იდეალური და უნაკლო ფორმა, მის ერთ–ერთ დიდ ნაკლად მიჩნეულია ის, რომ არ არსებობს პოლიტიკური, სახელისუფლებო კრიზისის გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები (აქ იგულისხმება, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა, ხოლო პარლამენტს - მთავრობის გადაყენება). ამ მმართველობის დროს სახელისუფლებო კრიზისი მით უფრო გარდაუვალია, თუ პრეზიდენტი ერთი პარტიის წარმომადგენელია, ხოლო პარლამენტში სხვა პოლიტიკური ძალა მძლავრობს და თუ ეს პარტიები ოპოზიციურად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ. ამგვარი არასასიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების ერთ–ერთ საშუალებად პრეზიდენტის უპარტიობას ასახელებენ, ანუ მდგომარეობას, როცა იგი არც ერთი პარტიის წევრი არ არის და ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან შეუძლია თანამშრომლობა. პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე უპრიანი იქნებოდა, ერთმანეთს ემთხვეოდეს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები, იმ მიზნით, რათა არ იყოს მკვეთრი განსხვავებები პარლამენტის არჩევნების შედეგად მოსულ პოლიტიკურ ძალასა და პრეზიდენტად არჩეული პირის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას შორის. რა თქმა უნდა, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება ერთდროულად მეტად რთული პროცესია, მაგრამ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ეს სირთულე გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.
Source: არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9