გულისხმობს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას, როდესაც მიღწეულია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (პირი, რომელსაც წაყენებული აქვს ბრალი და გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ), განსასჯელს (პირი, რომელიც სასამართლოს მიერ მიცემულია სამართალში) და პროკურორს. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია, აგრეთვე, მოსამართლეს (სასამართლოს) საქმის არსებითი განხილვის დროს, თუ არ არის დაწყებული სასამართლო კამათი. სასჯელზე შეთანხმება გულისხმობს, რომ ბრალდებული ან განსასჯელი არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ თანახმაა პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელის ზომაზე ან მისგან გათავისუფლებაზე. ასეთ შემთხვევაში, პირი ითვლება ნასამართლევად. ბრალზე შეთანხმების შემთხვევაში, ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს. თუ დაიდო საპროცესო შეთანხმება, პროკურორს უფლება აქვს იშუამდგომლოს სასჯელის შემცირების, ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე, რის დროსაც მან უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე ის, თუ რამდენად საშიში ქმედება იყო ჩადენილი და რამდენად მიუძღვის ბრალდებულს ან განსასჯელს მის ჩადენაში ბრალი. საპროცესო შეთანხმების დადებისას უნდა არსებობდეს ზემდგომი პროკურორის და ბრალდებულის წინასწარი თანხმობა და ამ პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს დამცველი. პროკურორმა უნდა გააფრთხილოს პირი, რომ იგი არ თავისუფლდება სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. მაგალითად, თუ დანაშაულის შედეგად დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი, ბრალდებული (განსასჯელი) აანაზღაურებს ამ ზიანს, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოს ამგვარი პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა გადადის უკვე სახელმწიფოზე. თუ ბრალდებულმა ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და შეიქმნა დანაშაულის გახსნის წინაპირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შესახებ. სასჯელისგან სრულად გათავისუფლება არ დაიშვება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.
Source: გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006