1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო

  1. E. State
    ხშირად წარმოადგენს „ქვეყნის“ სინონიმს. ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მუდმივად სახლობენ ფიქსირებულ ტერიტორიაზე, აქვთ საერთო კანონები, ჰყავთ მთავრობა და შესწევთ საერთაშორისო ურთიერთობის წარმართვის უნარი.
    Source: ეს შენი უფლებაა...= This is your right... / [ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია-დეა; ავტ.-შემდგ.: მადონა ხარებავა, ლალი ესებუა, მანანა გალუაშვილი [და სხვ.]; მხატვ. ზურაბ სულაკაური]. - [თბ. : ნეკერი, 2009]. - 84გვ.: ნახ., ფოტ.; 21სმ.. - ტერმინთა განმარტებანი: გვ. 79-82. - ბიბლიოგრ.: გვ. 83-84. - ISBN: 978-9941-404-98-6
  2. ცნობილი გერმანელი იურისტის ჰუფენდორფის განმარტებით - არის რთული მორალური პიროვნება, რომლის ნებაც განიხილება თითოეული პიროვნების ნების სახით; ეს ნება წარმოიშობა ხელშეკრულების საფუძველზე - ყველას ნების ერთიანობით, ადამიანთა თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის. სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების წარმოშობის საფუძვლად იგი მიიჩნევს: საზოგადოებრივ ხელშეკრულებას (pactum) და დამორჩილების შესახებ ხელშეკრულებას (decretum). პირველი ხელშეკრულებით ადამიანთა დიდი ჯგუფები ერთიანდებიან ხელშეკრულებით ერთი საზოგადოებრივი ერთეულის სახით და შემდეგ თანხმდებიან მეორე ხელშეკრულების, არჩეული ხელისუფლებისადმი მორჩილების, პირობებსა და ფარგლებზე. სახელმწიფოში უმაღლესი ხელისუფლების მფლობელად მას სუვერენი - უმაღლესი ავტორიტეტი მიაჩნია. სუვერენის ხალხის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს ხსენებული ავტორი არ განიხილავს, რაც აიხსნება ისტორიული ეპოქის თავისებურებითაც და სამართლებრივი კულტურის დაბალი დონითაც. ჰუფენდორფი თვლის, რომ სახელმწიფოს შექმნით ბუნებრივი უფლებები იზღუდება, თუმცა რჩება ძირითადი უფლებები: საკუთრების, რწმენის თავისუფლების და სხვა. მათ იგი ხელშეუხებელ უფლებებად თვლის. მისი შეხედულებები ადამიანის უფლებებზე არ იყო საკმარისად ლიბერალური, იგი უფრო აბსოლუტური მონარქიის მომხრედ დარჩა. იგი ლუთერანული ასკეტიზმის სტილში მოითხოვს მონარქისაგან, რომ მან უარი თქვას ყველა ცხოვრებისეულ სიამოვნებაზე, რაც ხელს შეუშლის მას სახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესრულებაში. ყველა ადამიანური ვნებისა და სუბიექტური შლაკებისაგან განწმენდილი, მონარქი უნდა იყოს სახელმწიფო ნების უსახო ინსტრუმენტი. ეს შეხედულება გამოწვეული იყო იმითაც, რომ ჰუფენდორფი ფეოდალური სამართლებრივი იდეოლოგიის პერიოდში ცხოვრობდა.
    Source: წაქაძე ირ. ადამიანის ღირსების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები //ალმანახი №18, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
  3. გროციუსის აზრით - როგორც ,,თავისუფალ ადამიანთა კავშირს, საერთო სარგებლობისა და უფლებების დასაცავად.” ის მოუწოდებს სახელმწიფოს არ ხელყოს ბუნებითი სამართლის ნორმები ომის დროს: დაინდოს ქალები, მოხუცები, ბავშვები, ადამიანურად მოეპყრას ტყვეებს, არ ძარცვოს მშვიდობიანი მოსახლეობა.

  4. ციცერონის აზრით, - არის ადამიანთა სამართლებრივი ურთიერთობა, იურიდიული კავშირი; სახელმწიფო დაფუძნებულია სამართლიანობაზე.

  5. კანტის აზრით, - მნიშვნელოვნად ლიმიტირებული უნდა იყოს სამართლის ნორმებით, რათა არ მივიდეს დესპოტიზმთან და განუკითხაობასთან; სახელმწიფო უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მსახური და არა ბატონი.
    Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,

  6. ჰეინემანის აზრით - „სახელმწიფოს“ აქვს გეოგრაფიული ჩარჩოები და მოიცავს მის ფარგლებში მიმდინარე მთავრობის გარეთ არსებულ პოლიტიკურ პროცესებსაც, პოლიტიკურ კულტურას.
    Source: დარჩიაშვილი დავით პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქენი : საქ. ეროვნული უსაფრთხოებისა და სამხ.-სამოქ. ურთიერთობ. ანალიზი / [რედ.: კ. კაციტაძე, გ. ნოდია] - თბ. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000,

  7. განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო ხელისუფლება, რომელიც ადგენს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესებს და განსაკუთრებული აპარატის მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს კანონიერებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და მთლიანობას. სახელმწიფო საზოგადოების პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაციაა. ამ ხელისუფლებას საჯარო ეწოდება იმიტომ, რომ მოქმედებს ხალხის სახელით. იგი სახელმწიფო ხელისუფლებაა, რადგანაც ხორციელდება სახელმწიფოს განსა-კუთრებული ორგანოების მეშვეობით, საჭირო შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში, ვრცელდება ამ სახელმწიფოს მოქალაქეებზე და მის ტერიტორიაზე მუდმივად თუ დროებით მყოფ ყველა სხვა ადამიანზე. სახელმწიფო ხელისუფლება იქმნება და ხორციელდება სამართლებრივი ნორმების საფუძველზე და ფარგლებში. მხოლოდ საჯარო ხელისუფლებაა უფლებამოსილი, განახორციელოს სამართალშემოქმედება, დაადგინოს ყველასათვის სავალდებულო ქცევის წესები, უზრუნველყოს მათი დაცვა და შესრულება, გამოიყენოს იძულებითი ხასიათის ღონისძიებები. სახელმწიფო ხელისუფლება სუვერენულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხორციელდება თავისუფლად, ყველა სხვა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.,

  8. კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე აღასრულებს ,,ძალადობაზე მონოპოლიას” (Gewaltmonopol) და ახდენს ხალხისაგან ხალხის მართვას ლეგიტიმურ საფუძველზე. ეს დეფინიცია ეფუძნება სახელმწიფოს ვებერისეულ გაგებას.
    Source: აფრასიძე დავით. ბიუროკრატიულ-პატრიმონიალური სახელმწიფო საქართველოში: ახალი შანსები ,,ვარდების რევოლუციის შემდეგ? // ახალი აზრი, № 7 (13),– ნოემბერი,–2003,

  9. არისტოტელეს განმარტებით - ,,ყოველი სახელმწიფო ერთგვარ კავშირს წარმოადგენს, ნებისმიერი კავშირი კი რაიმე სიკეთის მიღწევას ისახავს მიზნად, რადგან ყველა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რაც სიკეთე ჰგონია.” სახელმწიფო არის ოჯახებისა და გვარების კავშირი შექმნილი ბედნიერი, სრულყიფილი და თავისუფალი ცხოვრებისათვის. არისტოტელე გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა პილიტიკურ დამოუკიდებლობას, რომლის გარეშეც სახელმწიფო წყვეტს არსებობას და გაურკვეველ ტერიტორია-აბსტრაქტად გადაიქცევა. არისტოტელესეული კლასიფიკაციით სახელმწიფოები იყოფიან დადებით სახელმწიფოებად და მათ დამახინჯებულ ფორმებად. ტირანია, იგივე დიქტატურა, არისტოტელეს მონარქიის დამახინჯებად მიაჩნია, ანარქია - დემოკრატიის, ოლიგარქია კი - არისტოკრატიის. რამდენადაც ტირანია სახელმწიფოს ხელმძღვანელის პირად ინტერესებს ემსახურება, ოლიგარქია - მდიდართა ფენის, ანარქია კი ღარიბთა ინტერესებს გამოხატავს, სამივე უარყოფით სახელმწიფოთა ჯგუფს მიეკუთვნება, ვინაიდან ზრუნავენ საზოგადოების მხოლოდ ნაწილზე და არა მთლიანად, საზოგადოებაზე. სახელმწიფოს ყველაზე უარყოფითი ფორმა არის ტირანია (დიქტატურა). ტირანი ზრუნავს მხოლოდ თავის პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხზე. იგი აღატაკებს მოსახლეობას, მუდმივად აწარმოებს ომებს, რათა თავისი, როგორც სახელმწიფოს დამცველის საჭიროება დაასაბუთოს, არ ენდობა საკუთარ გარემოცვასაც კი. დიქტატურის ყველაზე დიდი დანაშაულია ე.წ. ოსტარკიზმი, ანუ გამოჩენილი და ღირსეული ადამიანების დევნა-განადგურება, მაშინ, როდესაც დიდ პატივში არიან მლიქვნელები და დემაგოგები, რომლებიც ტირანის ყოველგვარ ბოროტებას ხოტბას ასხამენ. ტირანიას ბუნებრივად უპირისპირდება დემოკრატია - ხალხის მმართველობა. რამდენადაც არისტოტელე ადამიანს განსაზღვრავს როგორც პოლიტიკურ არსებას (Zoon politikon), მისი აზრით, ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის საზოგადოებრივი ცხოვრებისაკენ, ანუ პოლიტიკისაკენ. პოლიტიკური მოღვაწეობის სფერო მას მიაჩნია საერთო სახალხო სფეროდ, რადგან ის ეხება თითოეული ადამიანის ინტერესებს. არისტოტელე მოითხოვდა სახელმწიფოს მართვაში ჩაბმულიყო მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობა, ვინაიდან ,,ყველანი ერთად ან უკეთესნი არიან ერთ რომელიმე მცოდნეზე, ან სულაც არ არიან მასზე უარესნი”. უმრავლესობა გაცილებით უკეთ განსჯის ვიდრე ერთი ადამიანი. როგორც ვხედავთ, აშკარაა არისტოტელეს უაღრესად დადებითი განწყობა დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის მიმართ, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ არისტოტელე ყოველმხრივ დადებითად აფასებდა დემოკრატიას. აქვე შეიძლება უინსტონ ჩერჩილის ცნობილი სიტყვებიც გავიხსენოთ: ,,დემოკრატია ძალიან ცუდი წყობაა, მაგრამ სამწუხაროდ უკეთესი ჯერ არ შექმნილა.” არისტოტელე მომხრე იყო კანონის წინაშე თანასწორობისა, მაგრამ ღირსეული ადამინების უღირსებთან რეალური უფლებრივი გათანაბრება კი უსამართლობად მიაჩნდა. არისტოტელეს მიხედვით დემოკრატია აგებს არისტოკრატიასთან, რადგან დემოკრატია ემყარება მოსახლეობის უპოვარ ფენებს, ხოლო არისტიკრატია, ანუ რჩეულთა შორის რჩეულთა მმართველობა - ღირსეულ და ზნემაღალ ადამიანებს. არისტოკრატიას ახასიათებს განათლება, ზნეობა და კეთილშობილი წარმოშობა, დემოკრატიას კი, პირიქით - მდაბიო წარმოშობა, სიღატაკე და უკულტურობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდი ფილოსოფოსის სიმპატიები არისტოკრატიული რესპუბლიკისაკენ უფრო იხრებოდა. სახელმწიფო საქმიანობას არისტოტელე აზროვნებას უკავშირებს, აზროვნების ადგილსამყოფელად კი სულს მიიჩნევს. სულს არისტოტელე ორ ნაწილად ყოფს. რაციონალურ, ანუ გონიერ და ირაციონალურ, ანუ გრძნობიერ (რომელსაც იგი უგუნურსაც უწოდებს) ნაწილებად. ალბათ აქედან იღებს სათავეს racio-ს ცნობილი ფენომენი, რომელიც შემდგომში მთელი ევროპული მენტალიტეტის საფუძველი გახდა.
    Source: დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა,–ფრიგრიხ ებერტის ფონდი,

  10. როგორც ინსტიტუტი, მათთვის, ვინც მასში მთავარ როლს ასრულებს, კონკრეტული დიდი ორგანიზაცია, რომელიც თავის შიგნით აგებს (კონსტრუირებას უწევს) სხვადასხვა ლეგიტიმურ ინსტიტუტებს – პარლამენტს, არმიას, პოლიციას, ზოგადად ძალაუფლებას, როგორც კონკრეტული სახელმწიფოსათვის შესაბამის კონკრეტულ ინსტიტუტს. ეს ნიშნავს, რომ ამ ინსტიტუტში მთავარი მოქმედი პირებისათვის არ არსებობს ძალაუფლება - პოლიტიკის სოციალური ინსტიტუტი(ები) ზოგადად, ის ყოველთვის არის კონკრეტულ დიდ ორგანზაციაში, სახელმწიფოში შექმნილი ამ სახელმწიფოს კონკრეტული მოქმედებ(ებ)ისათვის. ანუ, როგორც ამ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების მარეგულირებელი და წარმმართველი ლეგიტიმირებული ნორმატიული და არანორმატიული წესების ერთობლიობა. ამ შემთხვევაში, ინსტიტუტი არის ორგანიზაციის არსებობის წესი, ანუ, ორგანიზაცია, როგორც პროცესი, სოციალური ინსტიტუტია. ამავე დროს, სახელმწიფო მათთვის, ვინც მასში არ წარმოადგენს ძირითად აქტორს, მაგალითად, ვინც მხოლოდ მიერთებულია მისი ინსტიტუტების მუშაობას, და ეს ინსტიტუტები მასზე მხოლოდ ზემოქმედებენ, წინასწარარსებული, ტრადიციული ფენომენია, რომლის კონკრეტული ფორმებია კონკრეტული ინსტიტუტები და მოქმედებები. ხოლო დამკვირვებლისათვის სახელმწიფო არის აბსტრქცია იმ მოქმედებებიდან რომელიც სახელმწიფოში ხორციელდება.
    Source: თევზაძე გიგი - ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
  11. არა მხოლოდ გამოყოფილია საზოგადოებისგან, იმართება თავისი საკუთარი კანონებით და თავისთავად წარმოადგენს იურიდიულ პირს, არამედ უფრო მეტიც, ის დგას საზოგადოებაზე მაღლა. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება მოხდეს ერთიანობის, საერთო კეთილდღეობისა და მორალური ფასეულობების რეალიზაცია და ცხოვრებაში გატარება. მხოლოდ სახელმწიფომ იცის, რა არის საერთო ინტერესი (…) და მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა. ინდივიდი მისი ქვეშევრდომია (Untertan) და მისი უმაღლესი მოვალეობაა დაემორჩილოს სახელმწიფოს (…). ამ ტრადიციის უდიდესი მიღწევაა სახელმწიფოს, როგორც წმინდა იურიდიული პირის შექმნა და ადმინისტრაციული სამართლის გამარჯვება პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაზე.დღესდღეობით საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს საზოგადოებისგან გამოყოფილი. ამის ნაცვლად, ის მოქალაქეებს უნდა ემსახურებოდეს და მათ წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული. აქედან გამომდინარე, საჯარო სამსახური წარმომადგენლობითი უნდა იყოს, ხოლო პლურალიზმი - სახელმწიფოს აუცილებელი მახასიათებელი. დაბოლოს, საზოგადო სიკეთე უნდა განისაზღვროს არა აბსტრაქტული და არადემოკრატიული სუბიექტის მიერ, არამედ დემოკრატიული პროცესის შედეგად. პოლიტიკური გადაწყვეტილებები და შედეგები მიიღწევა კომპრომისითა და ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი სუბიექტის ჩართვით - ავტორიტარული და ზემოდან ნაკარნახევი „სახელმწიფო ნებისგან” განსხვავებით. ასეთ მმართველობას საქმე აქვს ინტერესებსა და პოლიტიკასთან და არა ჭეშმარიტების განსაზღვრასთან.
    Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005
  12. ხელოვნური ადამიანია, ადამიანი, შექმნილი საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს უდავოა. სახელმწიფოს სოციალურ-ორგანიზაციული ფუნქცია მოცემული თვალსაზრისით ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ცნობილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თომას ჰობსმა წამოაყენა. სამართლებრივად სახელმწიფო განიხილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც ფლობს კანონმდებლობით განსაზღვრულ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, რაც მიმართულია კონკრეტული მიზნების განხორციელებისაკენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ხელისუფლება არის საშუალება იმ მიზნების რეალიზაციისთვის, რა მიზნებიც ადამიანებმა სახელმწიფოს შექმნის საფუძველში ჩადეს.
    Source: ინტელექტუალი №6, - [მთავარი რედაქტორი; გიორგი მადუაშვილი. რედაქტორები – თათია დოლიძე, მაია მადუაშვილი, ნინო კახიანი კორექტორი – მაია მელიქიშვილი კომპიუტერული უზრუნველყოფა – თათა ჯოხაძე მთარგმნელი – რუსუდან ჯინჭარაძე, თეა ცომაია. სარედაქციო კოლეგია: თამაზ გამყრელიძე, არჩილ მოწონელიძე, არჩილ ფრანგიშვილი, ქეთი ქოქრაშვილი, გელა ყიფიანი, სერგო თოფურია, ნუგზარ წერეთელი, ვანო ჭიაურელი, კარლო ღურწკაია, თემურ ჯაგოდნიშვილი, გოგი ფანცუალაია, ვაჟა პაპასკირი, თენგიზ წივწივაძე, რეზო კლდიაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ლალი ღოღელიანი, ნუგზარ სიხარულიძე], - © საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებრივი აკადემია. - თბილისი 2008. - ISSN 1512-2530
  13. პლატონის თანახმად, სახელმწიფო ტრანსცენდენტური სიკეთისკენ მიმართ ავს მოქალაქეებს. სახელმწიფო სამართლის შვილია, მოქმედებს სამართლის მიხედვით და იცავს ადამიანებს სამართლის მეშვეობით.
    სახელმწიფო ადამიანის სამ სულსა და სათნოებებს ასახავს, ის სამ კლასად არის დაყოფილი:
    პირველი კლასი: კეთილდღეობის შემქმნელნი: მუშები, გლეხები, ვაჭრები და ასე შემდეგ. შეესატყვისება ადამიანის გულისთქმათა სულს და თავშეკავებას.
    მეორე კლასი: მებრძოლები. შეესატყვისება გზნებად სულს და კავშირშია სიმტკიცესთან.
    მესამე კლასი: ბრძენნი და ფილოსოფოსნი, შეესატყვისება ადამიანის ინტელექტუალურ სულს და კავშირშია სიბრძნესა და შემეცნებასთან.
    ბრძენნი სახელმწიფოს ბუნებრივი მმართველები არიან, მეეტლის მსგავსად, მათ უნდა უხელმძღვანელონ სხვა კლასებს. სახელმწიფოს მმართველს ყველა სფეროში უნდა გააჩნდეს ცოდნა და 50 წლის ასაკამდე არ უნდა მართოს სახელმწიფო. ქონება და ქალები უნდა იყოს საერთო, ანუ სახელმწიფოსი, რომელიც ზრუნავს ცალკეული ადამიანების ინტერესებზე (კომუნიზმი). ეს თანამედროვე მატერიალისტური კომუნიზმის ფორმისგან განსხვავებული იდეალური კომუნიზმია
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  14. გაერთიანება, რომელიც გარკვეულ ტერიტორიულ არეალში დაადგენს სუვერენულ ძალაუფლებას, ჩვეულებრივ, იძულებითი ძალაუფლების მონოპოლიის მქონე.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9