1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სექსიზმი

  1. E. sexism
    L. sexus - სქესი

    არსებობს სექსიზმის მრავალნაირი განსაზღვრება, რომლებიც არსებითად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თითოეული ეს ცნება, უბრალოდ, გამოკვეთს ამა თუ იმ მნიშვნელოვან მომენტს. სექსიზმი არის:
    1. ინდივიდუალური მიკერძოებული განწყობები და დისკრიმინაციული ქცევა ამა თუ იმ სქესის წარმომადგენელთა მიმართ.
    2. ინსტიტუციონალური პრაქტიკა (ცრურწმენებითაც რომ არ იყოს მოტივირებული), რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლებს თავს ახვევენ დაქვემდებარებულ მდგომარეობას.
    3. უპირატესობები და მოქმედებები, რომლებიც აშკარად ან შენიღბულად ახდენენ ქალთა და მამაკაცთა დისკრიმინაციას მათი სქესის ან გენდერის საფუძველზე.
    4. მამაკაცთა ან ძირითადად ქალთა ანგარიშგაუწევლობა, რომელიც ხორციელდება დაწესებულებებსა და სოციალურ ურთიერთობებში. სექსიზმის ცნებაში მნიშვნელოვანი ასპექტია სექსისტური განწყობები ან მოქმედებები. ასეთად მიჩნეულია ისეთი განწყობები ან მოქმედებები, რომლებსაც მამაკაცების ან ქალების მიმართ გამოკვეთილად დისკრიმინაციული ხასიათი აქვთ სქესის ფაქტორის საფუძველზე. ამგვარად, სექსიზმის ცნება უშუალოდ უკავშირდება დისკრიმინაციას სქესის ნიშნის მიხედვით, რომელიც უმრავლეს საზოგადოებაში განიხილება მამაკაცების უპირატესობის აღიარებად ქალების საზიანოდ. მიჩნეულია, რომ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ინსტიტუციონალიზებულია და შეიძლება გაუტოლდეს რასობრივ დისკრიმინაციას. სქესზე დაყრდნობილი იდეოლოგია ემსახურება დისკრიმინაციული პრაქტიკის განმტკიცებას, მის ლეგიტიმურად ქცევას და ნორმად გარდაქმნას. ძალზე მნიშვნელოვანია ის ვითარება, რომ სქესობრივი დისკრიმინაცია შეიძლება იყოს როგორც შეუნიღბავი, ისე შენიღბული. სწორედ ეს ხდება ხშირად იმისი მიზეზი, რომ დისკრიმინაციული პრაქტიკის რეგულირებისათვის შემუშავებულ კანონმდებლობას შეზღუდული ეფექტი აქვს.

    Source: სურმანიძე ლალი. სექსიზმის ცნება. სექსიზმის აქტუალური პრობლემები, – [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002
  2. ცნება სექსიზმი იუნესკოს მიერ იქნა შემოღებული 1981 წელს. იგი სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის მეორეზე ბატონობას ნიშნავს. იუნესკოს მიერვე ახსნილია მისი რეაქციული არსი, რაც ზღუდავს ქალის პიროვნებას, აკნინებს მის როლს საზოგადოებაში, ქმნის ქალის ნეგატიურ სახეს. ეს კი თავისთავად, არღვევს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და ადამიანური ღირსების დაქვეითებას იწვევს. სექსიზმის შედეგად სათანადოდ არ ხდება ქალის შემოქმედებითი პოტენციალის გათვალისწინება და მისი შეფასება მხოლოდ ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით ხდება.სექსიზმის თანახმად, საზოგადოებაში შენარჩუნებული უნდა იყოს ბუნებრივი წესრიგი, რომლის მიხედვითაც ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვა ფუნქცია და როლი აქვთ. სოციოლოგ ანდრე მიშელს, რომელიც პარიზის ეროვნული კვლევების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელია, მიაჩნია, რომ „სექსიზმი – ეს არის პოზიცია ან მოქმედება, რომელიც ადამიანებს სქესის მიხედვით ამცირებს, უარყოფს, სათანადოდ არ აფასებს, მათ სტერეოტიპებად დაყოფას ახდენს“. ბიოლოგიური და სოციალური განსხვავების გარდა, სექსიზმი სქესს კულტურულ დონეზეც განიხილავს. ამ თეორიის თანახმად, მამაკაცური საწყისი რაციონალური, სულიერი, ღვთაებრივი და კულტურულია, ხოლო ქალური – გრძნობაზე აგებული, ხორციელი, მიწიერი და ბუნებრივი. ყველაფერი ისიც კი, რაც სქესთან არ არის დაკავშირებული (ბუნება და კულტურა, გრძნობა და რაციონალიზმი, ღვთიური და მიწიერი) მამაკაცურ საწყისთან არის გაიგივებული.
    Source: კიკნაძე თამარ, დონაძე ნათელა. გენდერი-სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი / თამარ კიკნაძე, ნათელა დონაძე; [რედ. ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  3. ადამიანთა დისკრიმინაცია მათი სქესის საფუძველზე. ქალის მიმართ დამამცირებელი პრაქტიკა, ცრურწმენები და იდეოლოგია.
    Source: პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები. – [სახელმძღვანელო ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი]. – თბილისი. – 2006.
  4. წინასწარი განწყობები და მადისკრიმინირებელი ქცევა ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლის მიმართ.
    Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  5. მსოფლმხედველობა, რომელიც ქადაგებს სქესთა არათანაბარ უფლებებსა და მდგომარეობას. იგი შესაძლოა გამოვლინდეს სიძულვილში, შეუფასებლობაში ან წინასწარგანწყობებში მთლიანად შესაბამისი სქესის წარმომადგენლებთან მიმართებაში (მიზოგინია ან მიზანდრია), ან შესაბამისი სქესის მისამართით სტერეოტიპულ მსჯელობებში (მაგალითად, კაცი კაცური უნდა იყოს, ქალი კი - ქალური). სექსიზმის იდეოლოგიის გამზიარებელ ადამიანს სექსისტი ეწოდება. სექსიზმის შედეგია სქესობრივი დისკრიმინაცია - ადამიანის დისკრიმინაცია სქესის ან გენდერული იდენტობის ნიშნით. სექსიზმის მთავარ მოწინააღმდეგედ ფემინიზმი და ფემინისტური მოძრაობის მიერ გაჩაღებული თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლა, ანუ ემანსიპაცია მიიჩნევა. მიზოგინიური სექსიზმი ეფუძნება ფასეულობათა, პატრიარქალურ რწმენა-წარმოდგენათა და იდეოლოგიურ სისტემას. მაგ. „ღმერთმა დააწესა, რომ ქალი კაცისთვისაა შექმნილი, რომ ორივემ ერთად მოდგმა გააგრძელოს“. სექსიზმი ქადაგებს კაცის და ქალის ბუნებრივ დანიშნულებას, სადაც ქალი სექსუალური ობიექტის ან საგნის დონეზეა დაყვანილი. მას უფლებები არ გააჩნია და არც მასთან მიმართებაში არსებობს რაიმე მოვალეობა. აქ კაცს ოჯახის ეკონომიკური დომინანტის ფუნქცია ეკისრება, ხოლო ქალს კი შვილების მწარმოებელი მანქანის და სამზარეულოს კომბაინისა; ამ შემთხვევაში, კაცი ირგებს სექსუალურად დაინტერესებული და აგრესიული მილიტარისტი ხვადის როლს. აქედან მოდის იმის მტკიცება, რომ კაცს ცოლქმრული ღალატის უფლება აქვს, ქალს კი არა, რომ ორგაზმი მხოლოდ კაცის საქმეა, ქალის როლი კი სექსის დროს პასიური მონაწილეობაა. ასევე, სექსიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ქალისთვის იმ ზოგიერთი პროფესიის აკრძალვა, რომლებიც „კაცის საქმედ“ მიიჩნევა. ხშირად ქალის მიერ მაღალი თანამდებობების დაკავება კაცებისთვის პირადი შეურაცხყოფისა და დამცირების ტოლფასია.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9