1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სიკვდილით დასჯის გაუქმება

  1. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლი ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულისთვის. იმ დროს საზოგადოებრივი აზრი სიკვდილით დასჯის მომხრე იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავისუფალმა პრესამ და მმართველობაში არსებულმა რეფორმისტულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საზოგადოებრივი აზრის შემობრუნებაში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. მათი ძალისხმევით საქართველოში ეტაპობრივად იქნა მიღწეული საზოგადოებრივი კონსენსუსი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. თავდაპირველად გამოცხადდა მორატორიუმი. სასამართლოებს კვლავ გამოჰქონდათ სიკვდილით დასჯის განაჩენი, მაგრამ მათი აღსრულება არ ხდებოდა. ასეთი მდგომარეობა იყო 1995 და 1996 წლებში. 1996 წლის 12 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა დაარსა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც მრავალი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა. რამდენიმე თვეში ცენტრმა საქართველოში წამოიწყო სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია. მან მოაწყო სხვადასხვა ღონისძიება, პრესკონფერენციები, დაბეჭდა სტატიები, გამოვიდა რადიოთი და ტელევიზიით. ამ კამპანიას მას-მედიის წარმომადგენლებმაც აქტიურად აუბეს მხარი. ასეთმა მეცადინეობამ საშუალება მისცა მმართველობაში მყოფ რეფორმატორებს, პარლამენტში გაეაქტიურებინათ ბრძოლა სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად ახალი კანონმდებლობის მიღებისათვის. მათი პირველი წარმატება იმ მუხლების შემცირება იყო, რომლებიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდნენ - 13 მუხლიდან დატოვებული იქნა მხოლოდ ოთხი. ეს მოხდა 1996 წლის მიწურულს; ამავე პერიოდში გამოცხადდა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. ამის შემდეგ იგივე ორგანიზაციები და კერძო პირები მთელი წლის განმავლობაში ატარებდნენ კამპანიას იმ კანონის სრულიად და საბოლოოდ გასაუქმებლად, რომელიც საქართველოში სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. მათმა მეცადინეობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამიღო. 1995 წლის ბოლოს და 1996 წლის დასაწყისში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული კამპანიის წამოწყებისას, მოსახლეობის მხოლოდ 10-20 პროცენტი გამოდიოდა სასჯელის ამ განსაკუთრებული ზომის წინააღმდეგ. 1997 წლის მიწურულს კი, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, ასეთ ადამიანთა რაოდენობამ 50-55 პროცენტს მიაღწია. 1997 წლის 11 ნოემბერს პარლამენტმა საბოლოოდ გააუქმა სიკვდილით დასჯა. საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა - ქვეყანა იყო (მოლდოვას შემდეგ), რომელმაც წერტილი დაუსვა სასჯელის ამ განსაკუთრებული ზომის გამოყენებას. ბევრის შიში, რომ ამ სასჯელის გაუქმება გაზრდიდა დანაშაულთა რაოდენობას, უსაფუძვლო აღმოჩნდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 1997 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოში მძიმე დანაშაულების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.
    Source: ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998
  2. საერთაშორისო საზოგადოებამ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მეორე დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მიიღო 1990 წელს და იგი ამჟამადაც მოქმედებს. ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს სწამთ, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება „თავის წვლილს შეიტანს ადამიანის ღირსების უფრო მეტად წარმოჩენაში და ადამიანის უფლებების პროგრესულ განვითარებაში“ (პრეამბულა). აღნიშნული დამატებითი ოქმი მოითხოვს სახელმწიფოებისგან სიკვდილით დასჯის შეჩერებას და ყველა შესაძლო ზომის მიღებას სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად (მუხლი 1). ოქმის მიმართ აკრძალულია ყველანაირი დათქმის ჩამოყალიბება, თუმცა სახელმწიფოებმა შეიძლება დაიტოვონ სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება ომის დროს „ომის პერიოდში ჩადენილი სამხედრო ხასიათის მძიმე დანაშაულისათვის“ (მუხლი 2). ყველა სახელმწიფომ, რომელიც უერთდება ამ დათქმას, გაერო-ს გენერალურ მდივანს აუცილებლად უნდა შეატყობინოს ქვეყანაში ამგვარი ომის დაწყებისა და დამთავრების დრო.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9