მე-19 მუხლი უზრუნველყოფს და გარანტირებულს ხდის სიტყვის თავისუფლებას. კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად ან სხვაგვარი საშუალებით”. აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლება შეუზღუდავი უფლება არ არის. როგორც ევროკონვენცია, საქართველოს კანონმდებლობაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ პირობებს ადგენენ. უფრო კონკრეტულად, შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ მისი მიზანია სხვა პირის, ან საერთოდ მთელი საზოგადოების ინტერესების დაცვა. ამასთანავე, უნდა არსებობდეს სამი ძირითადი პირობა:
შეზღუდვა უნდა დაწესდეს კანონით;
შეზღუდვის მიზანი უნდა ისახავდეს ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, უწესრიგობისა და დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთას, დანაშაულის ან კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას, სხვათა უფლებებისა და ღირსებების დაცვას;
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ამავე დროს, აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის.
Source: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და თქვენი ფუნდამენტური უფლებები = The European Court of Human Rights and Your Fundamental Rights : [ბროშურა / ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ; შემდგ.: თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი ეკატერინე დარსანია სხვ. ; რედ.: მანანა კობახიძე, ვლადიმერ მკერვალიშვილი] - თბ., 2005
ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლება. სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლებები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, კონსტიტუციაშიც ერთ მუხლშია ჩამოთვლილი და გათანაბრებულია მათი დაცვის სამართლებრივი რეჟიმი. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის წესით.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.