1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბეა ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეშ

ბენ ლადენ უსამა

უსამა ბენ მოჰამედ ბენ ლადენი დაიბადა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 1957 წელს. წარმოშობით მისი ოჯახი იემენიდან იყო. ბენ ლადენის მამა დაუახლოვდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს და შესძლო სანავთობო და საამშენებლო ბიზნესის წყალობით დიდი კაპიტალის შეგროვება. მას ჰყავდა საკმაოდ ბევრი შვილი. ბენ ლადენი მას შეეძინა უძველესი არაბული წარმომავლობიდან გამოსული ერთ-ერთი მეუღლისაგან, რომელიც გამოირჩეოდა ისლამური ფანატიზმით. ბენ ლადენმა ქ. ჯიდადში დაამთავრა სამეფო სკოლა და უნივერსიტეტი. სწავლა გააგრძელა ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე. სამშობლოში დაბრუნებისას მან საამშენებლო საოჯახო ბიზნესში გააკეთა 250 მლნ. დოლარი, მაგრამ მალევე დაანება ამ ხელობას თავი და მთლიანად გადავიდა პოლიტიკურ-რელიგიურ სარბიელზე. 1979-89 წ.წ. არაბ დაქირავებულ მებრძოლ რაზმთან ერთად, რომელიც მისივე დაფინანსებით შეიქმნა, ბენ ლადენი ჩავიდა ავღანეთში საბჭოთა ჯარებთან საბრძოლველად. იმავე პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა პაკისტანის და დასავლეთის სპეცსამსახურებთან (მ.შ. ამერიკულებთანაც), რომლებიც მას იარაღითა და ფულით ამარაგებდნენ. როგორც ჩანს, მათივე დავალებით 1985-86 წ.წ. გამოჩნდა მშობლიურ ქვეყანა - სამხრეთ იემენში, სადაც სამოქალაქო ომის შედეგად დამხობილ იქნა პროსაბჭოთა რეჟიმი. 1989 წელს ბენ ლადენი დაბრუნდა საუდის არაბეთში და გააგრძელა თავისი ბიზნესი, რითაც საკუთარი შემოსავალი გაზარდა 2-დან 5 მლრდ. აშშ დოლარამდე. ამის შემდეგ 1991 წელს გამოჩნდა ფუნდამენტალისტურ სუდანში, სადაც ბიზნესთან ერთად, ეწეოდა ისლამისტურ რადიკალური ორიენტაციის ტერორისტული დაჯგუფებათა აქტიურ დაფინანსებას, ძირითადად მაღრიბისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მას შემდეგ რაც ამერიკელებმა განახორციელეს ზეწოლა ერ-რიადის ხელისუფლებაზე, ბენ ლადენს ჩამოართვეს ქვეყნის მოქალაქეობა, გაუყინეს საბანკო აქტივების ნახევარი და ამის შემდეგ ის, თავისი ოჯახით, იძულებული შეიქმნა გადაბარგებულიყო ავღანეთში. ბენ ლდენი შეიქმნა მოძრაობა ,,თალიბანის” ერთ-ერთი ფინანსური სპონსორი. ადგილსამყოფელად ქ. ყანდაგარი შეარჩია, სადაც საკუთარი შტაბ-ბინა აღჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით (მაგალითად: თანამგზავრული სატელეკომუნიკაციო ქსელი და ა.შ.). 1994 წლიდან ბენ ლადენი გადავიდა აქტიურ ანტიამერიკულ პოზიციებზე. მის სახელს უკავშირებენ ისეთ ტერორისტულ აქტებს, როგორებიცაა ერ-რიადსა და ელ-ჰობარაში ჩატარებული აფეთქებები - მიმართული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საწინააღმდეგოდ, ეგვიპტის საელჩოს აფეთქება ისლამაბადში, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკზე წარუმატებელი თავდასხმა და ბოლოს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის აფეთქების ორგანიზება. მიუხედავად ასეთი ქმედებებისა ბენ ლადენთან კონფრონტაციას თავს არიდებენ პაკისტანის და საუდის არაბეთის ხელისუფალნი. 1997 წლის მაისში ბენ ლადენმა ამერიკელებს გამოუცხადა ჯიჰადი და რეალური ნაბიჯებიც გადადგა ამ მიმართულებით. კერძოდ, გასული წლის აგვისტოში კენიასა და ტანზანიაში განხორციელდა მძლავრი აფეთქებანი აშშ-ის საელჩოებში, რის შედეგადაც დაიღუპა რამოდენიმე ათეული ადამიანი (მ.შ. ამერიკელი მოქალაქეები). ამის საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმები ბენ ლადენის სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე ავღანეთსა და სუდანში. დღეისათვის ეს პიროვნება მსოფლიო მასშტაბის ნომერ პირველ ტერორისტადაა გამოცხადებული. ბენ ლადენისა და მისი მომხრეების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უკანასკნელი გახმაურებული ტერორისტული აქტია - ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედია. ბოლო პერიოდში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბენ ლადენის დაინტერესების ზონაში შევიდა კავკასიის რეგიონიც. დაუზუსტებელი მონაცემებით, ის რამოდენიმეჯერ ეწვია ჩრდილოეთ კავკასიას (უფრო ზუსტად ჩეჩნეთს). მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი საწვრთნელ-დივერსიული ბაზები სამხრეთ ევროპის, საშუალო და ახლო აღმოსავლეთის და მაღრიბის ქვეყნებში (მაგალითად: ალბანეთი, ავღანეთი, სუდანი, იემენი და ა.შ.). გამორიცხული არ არის, რომ მისი ემისრები და ინსტრუქტორები ახლო მომავალში გამოჩნდნენ სოფელ ავტურის ან ვედენოს საწვრთნელ ბაზებზე, რომლებიც შეიძლება გადაიქცეს დასაყრდენ ცენტრებად.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9