ზოგადი განსაზღვრებით, არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ. „…სოციოლოგია არის თეორიული კონსტრუქცია, რომელიც მიისწრაფვის ბუნდოვანი და არაცხადი ადამიანური არსებობის გაგებისაკენ...,. სოციოლოგების მიზანია ზღვრულად, მაქსიმალურად გასაგები გახადონ ის, რაც არ იყო გასაგები და ცხადი თვით რეალობაში“. ტერმინი გამომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „socius“, რაც ნიშნავს კომპანიონს და ბერძნული სიტყვიდან „ology“ – რისამე შესწავლა. სოციოლოგია ჰიბრიდულ დისციპლინადაა მიჩნეული. ტერმინი იხმარება XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან და პირველად ცნობილი ფრანგი მეცნიერი აგიუსტ კონტის (August Conte, 1798-1857) ნაშრომებში გვხვდება, სადაც იგი სოციოლოგიაზე - ჯერ კიდევ არარსებულ სფეროზე საუბრობს. სოციოლოგია სოციალური მეცნიერებაა და მაიცავს განსხვავებულ აზრთა სპექტრს შესასწავლი ობიექტის მიმართ. სოციოლოგთა ინტერესების ობიექტთა თაობაზე სამი ძირითადი კონცეფცია იკვეთება. პირველის მიხედვით, შესწავლის საგანია სოციალური სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ურთიერთობათა ფორმებს რომლებიც დამოუკიდებელია კონკრეტული ინდივიდისაგან და მათ მიერ დაკავებული პოზიციებისაგან საზოგადოებაში. მეორე კონცეფციის მიხედვით შესწავლის საგანია ის, რასაც სოციოლოგიაში კოლექტიურ წარმოდგენას უწოდებენ. მესამე კი, არის სოციალური ქმედება, ანუ ინდივიდთა და მათი ჯგუფების ურთიერთქმედება. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე უკვე გამოჩნდა რეალური პროცესი მიმართული იმისაკენ, რომ სოციოლოგია გამხდარიყო აკადემიური დისციპლინა. XIX საუკუნის ბოლოს სოციოლოგია უკვე გამოიკვეთა როგორც ცალკეული დისციპლინა აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს დისციპლინა მიმართული იყო თანამედროვე საზოგადოების ისტორიული ტენდენციების და არსებული პრობლემების გადაჭრის ხერხების აღმოჩენისაკენ. იგი მიჩნეული იყო როგორც მეცნიერება, რომელიც მოახდენდა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, და მმართველობის დონეზე შეიმუშავებდა არსებული პრობლემების გამოსწორების გზებს. XIX საუკუნეში უკვე ცნობილმა ფილოსოფოსების მოღვაწეობამ მოიცვა სოციოლოგიის ძირითადი საკითხები: ოგიუსტ კონტმა გააანალიზა ისტორიის მამოძრავებელი ძალები; ჰერბერტ სპენსერმა (Herbert Spenser, 1820-1903) ყურადღება გაამახვილა საზოგადოების „ინდუსტრიულ“ ფაზაში გადასვლის პროცესებზე; კარლ მარქსმა (Karl Marx) (1813-83) წამოაყენა საკითხი ინდუსტრილიზაციის შედეგად საზოგადოების მოსალოდნელი სრული გათავისუფლების შესახებ თემური პრინციპებისაგან; ფერდინანდ ტიონისმა (Ferdinand Tonnis, „1855-1935) დაუშვა რომ რურალური თემის „ჯგუფური სოლიდარობა“ შეიცვლებოდა ქალაქის „ინდივიდუალური სოლიდარობით“. სოციოლოგიის პიონერების შემდგომი თაობის ნაშრომები და მიდგომა სწორედ ამ მეცნიერთა თეორიას დაეყრდნო და ყურადრება გაამახვილა მათ მიერ წამოჭრილ პრობლემატიკაზე. ემილ დურკჰეიმი (Emil Durkhaim 1855-1917) ცნობილია სოციოლოგიის - როგორც აკადემიური დისციპლინის ერთ-ერთი ფეძემდებლად. მან წინ წამოსწია სოციალურ ფაქტორების ინდივიდისაგან დამოუკიდებლობის სტატუსი - ანუ ხაზი გაუსვა ამ ფაქტორების ობიექტურობას. მან წამოჭრა ქალაქის საზოგადოებაში შრომის განაწილების ასპექტების მნიშვნელობა დიფერენცირებულ კლასებსა და პროფესიულ ჯგუფებს შორის ურთიერთობისათვის. მაქს ვებერმა, (Max Weber, 1864-1920) რომელიც გერმანულ ფილოსოფიურ ტრადიციაზე გაიზარდა და აგრეთვე მიჩნეულია სოციოლოგიის ფუძემდებლად, დააყენა საკითხი, სოციოლოგიის, როგორც ცალკეული მეცნიერების შესახებ, საკუთარი სტრატეგიითა და მიდგომით. ვებერის განსაზღვრებით, სოციოლოგია სწავლობდა ადამიანთა ქცევას დაკვირვების მეთოდის გამოყენებით. ჟორჯ სიმელმა, (George Simmel, 1859-1918) ხაზი გაუსვა ქალაქის პირობებში ურთიერთქმედების ზედაპირულობისა და მრავალფეროვნების ზრდას, და მზარდ დამოკიდებულებას ფულად ურთიერთობებზე. მარქსის, ვებერის, დურკჰეიმის და სიმელის კლასიკური იდეები დღემდე სოციოლოგიის ქვაკუთხდედად არის მიჩნეული სოციოლოგიის ყველა ალტერნატიული სკოლისა თუ თეორიის მიერ. ამ ოთხი კლასიკოსის ნაშრომს დღემდე მიმართავენ თანამედროვე მეცნიერები, აანალიზებენ და ახალ იდეებს პოულობენ. XX საუკუნის მეორე ნახევარმა მოიტანა უდიდესი ცვლილებები თანამედროვე საზოგადოებასა და კულტურაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ძველი ფასეულობების იერარქიის ნგრევა და ორიენტაციის აღება რაციონალური საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. სოციოლოგიის ინტერესი გადაერთო „საზოგადოების სტრუქტურიდან“ „საზოგადოებრივი დაწესებულების“ ანალიზისაკენ, ანუ იდეალური მმართველობის ფორმირების საკითხებისაკენ. სოციოლოგია უკვე საზოგადოებას აღარ განიხილავდა, როგორც ინდივიდთა ერთობას მიმართულს გარეშე წინააღმდეგობათა გადალახვისაკენ, რომელიც ზღუდავდა მისი წევრების არჩევანს. სოციოლოგიის ახლებურმა მიდგომამ საზოგადოება აღიქვა, როგორც სოციალური მოწყობა მიმართული რესურსების მობილიზაციისაკენ საერთო მიზნების მისაღწევად. სოციოლოგიის ყურადღება, რომელიც თავიდან კონცენტრირებული იყო სტაბილურობის, ისტორიული განმეორებადობის და თვითგანახლების კანონთა და რეგულირებათა ძიებაზე გადაერთო ინნოვაციისაკენ. აღიარებული იქნა, რომ არსებობს ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განიხილება მოვლენათა შედეგი, გავლენა და ხანგრძლივობა. ახალმა სოციოლოგებმა ყურადღების ცენტრში მოაქციეს სოციალური რეალობა და ააღორძინეს თემის როლი საზოგადოების განვითარებაში. თუ XX საუკუნის მეორე ნახევრამდე თემი როგორც წარსულის მოვლენა ისე განიხილებოდა, ახალმა სოციოლოგიამ იგი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც ერთგვარი ტრადიციის მატარებელი, წევრებით ფორმირებული, მაგრამ ხშირად ფიზიკური საზღვრების მხრივ დიფუზური და არამდგრადი სოციალური გარემო. XX საუკუნის მეორე ნახევარში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა სოციოლოგიაში: ჩრდილო ამერიკულმა სოციოლოგიამ ლიდერობა დაუთმო ევროპულს; და აგრეთვე გაიზარდა სოციოლოგთა იდეების და ნაშრომების საერთაშორისო მიმოცვლა. მაგალითისათვის, თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგის ენტონი გიდენსის ნაშრომები მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გაიზიარა და მიიღო. ამ პერიოდშივე განვითარდა სოციოლოგიის ალტერნატიული მიმართულებანიც, რომელმაც საზოგადოების კონკრეტული ნაწილი მიიჩნია თავისი შესწავლის საგნად და ყველა დანარჩენი მოვლენა ამ ფოკუსით გაანალიზა.
Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001