1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სუბ სუვ სუი სულ სუნ სუპ სურ სუუ სუფ სუქ

სუუამ

სუუამ-ის ჯგუფი ფორმალურად შეიქმნა, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული ალიანსი, რომლის მიზანია ჯგუფის წევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება. სუუამ-ის შექმნის დეკლარირებული მიზნების გარდა, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მიერ რუსეთის გვერდის ავლით ალტერნატიული ენერგომარშრუტების მოძებნა, ახლო კავშირების დამყარება ნატო-სთან და ევროკავშირთან. სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის ხუთწლიან პერიოდში, სუუამი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ესწრაფვის. გარდა ამისა, იგი არსებული უსაფრთხოების პრობლემების, კონფლიქტების გადაწყვეტის ხელშეწყობისა და სხვა საფრთხეების აღმოფხვრაზე სასაუბროდ შეხვედრის ფორუმია. აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინას დელეგაციებს შორის თანამშრომლობა 1996 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიწყო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების კონფერენციაზე, სადაც ოთხმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გააკეთა და საერთო ინიციატივები წამოაყენა. სუუამ-ის უმაღლესი ორგანო სახელმწიფოს მეთაურთა ყოველწლიური შეხვედრებია. სუუამ-ში თავმჯდომარეობა წევრი სახელმწიფოების მიერ ალფაბეტის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებს შორის პერიოდში ხორციელდება. სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებზე მიიღება გადაწყვეტილება: ● სუუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე; ● სუუამ-ის სპეციალიზებული ორგანოების შექმნაზე; ● საერთო ინტერესის მქონე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე პოზიციების შეთანხმებაზე. სუუამ-ის აღმასრულებელი ორგანო საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაა, რომელიც, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ იმართება. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება სუუამ-ის ფარგლებში მიღებული შეთანხმებების განხორციელების საკითხები. ასევე მზადდება სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებისათვის სუუამ-ის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების წინადადებები. სუუამ-ის სამუშაო ორგანო ეროვნული კოორდინატორების კომიტეტია, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დანიშნული ეროვნული კოორდინატორები შედიან, თითო წევრი სახელმწიფოდან. კოორდინატორები წევრ-სახელმწიფოებს შორის სუუამ-ის ფარგლებში საქმიანობას კოორდინირებას უწევენ, უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მეთაურთა და საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრებს. ეროვნულ კოორდინატორთა შეხვედრები თანმიმდევრობით წევრ-სახელმწიფოებში კვარტალურად იმართება. ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ინიციატივით შეიძლება ეროვნულ კოორდინატორთა რიგგარეშე შეხვედრაც გაიმართოს. სუუამ-ის ფარგლებში გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, ხოლო სამუშაო ენა რუსული და ინგლისურია. სუუამ-ის ერთობლივი სამხედრო ღონისძიებები შეზღუდულია წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების განსხვავებული ხედვის გამო. სუუამი დღესაც რჩება სახელმწიფო გაერთიანებად გარკვეულ სფეროებში საერთო ინტერესებით, მაგრამ ჯერ კიდევ სრულიად განსხვავებული უსაფრთხოების ინტერესებით. მაგალითად, მილსადენის დაცვა პრიორიტეტული მნიშვნელობისაა საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის, მაშინ როდესაც უკრაინა, მოლდავა და უზბეკეთი არ მონაწილეობენ მილსადენის მარშრუტებში. სუუამი ერთადერთი სუბრეგიონული ორგანიზაციაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელსაც მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური და ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს. შედეგად, სუბრეგიონული განვითარების მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების მიერ, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ, შექმნის ევროკავშირისა და ნატო-ს ახალ აღმოსავლეთის საზღვარს, რომელიც არ იქნება ,,ბუფერული ზონა”, არამედ სტაბილური სუბრეგიონი, რომელიც ევროპული უსაფრთხოების მხარდაჭერას მიისწრაფვის. მნიშვნელოვანი თარიღები: 1996 წელი - ვენაში (ავსტრია) აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინის დელეგაციებს შორის თანამშრომლობა დაიწყო (ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების კონფერენციაზე). 1997 წლის 10 ოქტომბერი - აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინის პრეზიდენტები სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ერთმანეთს შეხვდნენ და ორმხრივი, რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში ინტერესთა თანხვედრა აღნიშნეს. 1997 წლის 25 ნოემბერი - ბაქოში (აზერბაიჯანი) სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე კონსულტაციების შედეგად, ერთობლივ ოქმს მოეწერა ხელი. 1998 წლის 28 აპრილი - დსთ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, სუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო შეხვედრა-თათბირი გაიმართა, რომელიც საბჭოზე განსახილველ საკითხებზე პოზიციების შეჯერება-შეთანხმებას დაეთმო. 1998 წლის 21-23 ივლისი - სუამ-ის სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დსთ-ის საქმიანობის სრულყოფისა და მისი სტრუქტურის რეფორმირების საკითხებზე კონსულტაციები ჩატარდა. 1998 წლის 16 სექტემბერი - თბილისში ხელი მოაწერეს სუამ-ის ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრის ოქმს სასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. 1998 წლის 5 ოქტომბერი - სუამ-ის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში შეხვდნენ. დელეგაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. 1998 წლის 2 დეკემბერი - ოსლოში (ნორვეგია) ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს მეშვიდე სხდომაზე შეკრებილმა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავას საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. 1999 წლის 21-22 იანვარი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ბაქოში უსაფრთხოების საკითხებზე აზრთა გასაზიარებლად შეიკრიბნენ. შეხვედრაში არ მონაწილეობდა მოლდავა. მინისტრებმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიმდინარე საკითხები განიხილეს. 1999 წლის 10 მარტი - თბილისში, ბისეკ-ის ქვეყნების შეხვედრისას გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოების წარმომადგენელთა კონსულტაცია, რომელზეც მოლაპარაკებათა ოქმი მიიღეს. 1999 წლის 2 აპრილი - დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, მოსკოვში, უკრაინის საელჩოს შენობაში, გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოებისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უზბეკეთის მხარე ამ ღონისძიებაში სრულფასოვანი წევრის სტატუსით მონაწილეობდა. 1999 წლის 24 აპრილი - ვაშინგტონში (აშშ) ნატო-ს 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებისას უზბეკეთი სუამ-ის წევრი გახდა. სუამი სუუამ-ად გადაკეთდა. 1999 წლის 24 აპრილი - სუუამ-ის წევრი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადების შემდეგ, სუუამ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 6-7 აგვისტოს ტისოვეჩში (უკრაინა) სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ერთობლივი ოქმი მიიღეს. 1999 წლის 28-30 ივნისი - საქართველოში სუუამ-ის საქმიანობის კოორდინირებისათვის ვიზიტად იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი. ვიზიტისას მინისტრმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში უკრაინის როლზეც ისაუბრა. 1999 წლის 15 ივლისი - კიევში (უკრაინა) უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი სტეპაშინმა რუსეთის სუუამ-ში გაწევრიანება მოითხოვა. 1999 წლის ივლისი - ფლორენციის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ოფიციალურად სუუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს პირველად შეხვდა, რაც სუუამ-ით ვაშინგტონის დაინტერესების მანიშნებელი იყო. 1999 წლის სექტემბერი – ვენაში (ავსტრია) ეუთო-ს სამიტზე სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. 2000 წლის 6 სექტემბერი - გაერო-ს ათასწლეულის სამიტზე, ნიუ-იორკში, სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტები შეიკრიბნენ. 2000 წლის 4 ოქტომბერი - გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა სუუამ-ის ქვეყნების სახელით, გაერო-ს 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტზე ისაუბრა. 2000 წლის 24 ოქტომბერი - გაერო-ში სუუამ-ის ნიუ-იორკის სექტემბრის სამიტის დოკუმენტები დარეგისტრირდა, როგორც დამფუძნებელი დოკუმენტები. 2000 წლის ნოემბერი - სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართა სუუამ-ის პირველი უმაღლესი დონის დიპლომატიური კონფერენცია, სადაც აშშ-ის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. 2001 წლის 6-7 ივნისი - სუუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების მონაწილეობით იალტაში, უკრაინაში სამიტი გაიმართა. 2001 წლის 1-2 აგვისტო - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სოჭში (რუსეთი) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა გამოთქვა. 2001 წლის 12 სექტემბერი - სუუამ-ის წევრი ქვეყნების საელჩოებმა ვაშინგტონში (აშშ) ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც დაგმეს აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტები. 2001 წლის 7-8 ნოემბერი - სუუამ-ის წევრი ქვეყენების მთავრობების წარმომადგენლები ბაქოში (აზერბაიჯანი) შეიკრიბნენ რეგიონის სატრასპორტო დერეფნების უსაფრთხოებასა და ფუნქციონირებაზე სასაუბროდ. შეხვედრაში აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. 2002 წლის 24-25 იანვარი - თბილისში (საქართველო) სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა მერვე შეხვედრა გაიმართა.
Source: კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9