1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბაპტისტური ეკლესია

ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული დენომინაციაა, რომელიც პურიტანთა წრეში წარმოიშვა. პურიტანები წარმოადგენდნენ ანგლიკანური ეკლესიის წიაღში არსებულ ჯგუფს, რომელიც ამ ეკლესიას დაუპირისპირდა, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული რეფორმები არასაკმარისად მიაჩნდა. ბაპტისტური ეკლესიის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები ითვლება, ვინაიდან ბაპტისტთა თემები თავდაპირველად სწორედ ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა. ბაპტისტების ეს სახელწოდება (ბერძნ. ბაპტიძო ,,ვნათლავ წყალში“) დაკავშირებულია ამ ეკლესიაში არსებულ ,,რწმენით ნათლისღების“ პრინციპთან: ადამიანი უნდა მოინათლოს მხოლოდ მოწიფულ ასაკში, როდესაც ის ცნობიერი არჩევანის გაკეთების უნარს ფლობს. ბაპტისტები მიიჩნევენ, რომ ეს არ არის ახალი პრინციპი და რომ მათ ადრეული ქრისტიანული ტრადიცია აღადგინეს. პირველი ბაპტისტური თემი დააარსა ანგლიკანმა მღვდელმა ჯონ სმიტმა, რომელიც ეკლესიის სახლმწიფოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. ანგლიკანურმა ეკლესიამ მას დევნა დაუწყო, რის გამოც მან ნიდერლანდებს შეაფარა თავი, სადაც 1611-1612 წლებში მორწმუნეთა დიდი ჯგუფი მონათლა. ასე ჩაეყარა საფუძველი ბაპტისტურ ეკლესიას. ჯონ სმიტიდან მოკიდებული, ბაპტისტურ წიაღში გავრცელებულია თვალთახედვა, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს. ,,არ შეიძლება, რომ ეკლესია სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ნაწილი იყოს და მისგან დირექტივებს იღებდეს. და პირიქით: ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და მის მიმართ მხოლოდ კრიტიკული სოლიდარობის პრინციპს უნდა ინარჩუნებდეს“ (მალხაზ სონღულაშვილი). ბაპტისტები აღიარებენ საყოველთაო მღვდლობის პრინციპს, რომელიც ევროპულმა რეფორმაციამ მოიტანა. მათი რწმენით, ყველა ადამიანი მღვდელია, რადგან შეუძლია პირდაპირ, საგანგებო შუამდგომელის გარეშე ელაპარაკოს ღმერთს. მეტიც: მნიშვნელობა არა აქვს, ქალი იქნება ეს თუ კაცი, რაც ეკლესიის პრიორიტეტებშიც ვლინდება. მაგალითად, ბაპტისტები ხელს უწყობენ ქალების ხელდასხმას დიაკვნებად, ხუცესებად, ეპისკოპოსებად. ქართული ბაპტისტური ეკლესია კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი, სოციალური სამართლიანობის სხვა ასპექტებთან ერთად, სწორედ გენდერული თანასწორობაა - როგორც საზოგადოებაში, ისე ეკლესიაში. ბაპტისტები არ მოიაზრებენ თავს ერთადერთ ეკლესიად, რომელშიც ცხონება შესაძლებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში არის საღვთო მადლი და გადარჩენის შესაძლებლობა. ამისათვის საკმარისია ადამიანის სურვილი, იყოს ქრისტიანი. ისინი თავს იესო ქრისტეს ერთი სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთ ნაწილად მოიაზრებენ. საქართველოში პირველი ბაპტისტური თემი XIX საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა. თავდაპირველად ის რუსეთიდან გადმოსახლებული მოლოკნების ბაზაზე შეიქმნა, მოგვიანებით კი ბაპტისტთა ქართული, ოსური, სომხური თემებიც ჩამოყალიბდა. 1919 წელს დაარსდა ქართული ბაპტისტური ეკლესია, რომელსაც, ევანგელისტურ თემთან გაერთიანების შემდეგ, საქართველოს ევანგელურბაპტისტური ეკლესია ეწოდა. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ჰყავს მეთაური მთავარეპისკოპოსის სახით, ეკლესიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობას უწევს პრეზიდენტი, რომელიც პარალელურად ეკლესიის სინოდის თავმჯდომარეცაა. ცალკეულ ადგილობრივ ეკლესიებს ჰყავს ხუცესები, დიაკვნები, მქადაგებლები, წმიდა ნინოს ორდენის დები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იერარქიულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ბაპტისტური ეკლესია დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული. მთავარეპისკოპოსი მოიაზრება როგორც პირველმწყემსი თანასწორთა შორის. მას ირჩევს საეკლესიო კრება, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები ყველა ადგილობრივი ეკლესიიდან, ვინაიდან ქართული ბაპტისტური ეკლესიის მიხედვით, საერო პირები არ შეიძლება დაცილებულნი იყვნენ ეკლესიას.
Source: საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია/სოლიდარობა №4’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9