1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ეპა ეპი

ეპილეფსია

წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან ,,epilambanein” და ნიშნავს ,,მოულოდნელობით შეპყრობილს”. ეს სახელწოდება დაავადებას მისცეს მისთვის ასე დამახასიათებელი კრუნჩხვითი გულყრის გამო, რომელიც ადამიანს ნებისმიერ ასაკში, დროსა და ადგილზე შეიძლება განუვითარდეს. დიახ, ეპილეფსია არის თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, გამოწვეული თავის ტვინის ნეირონების სრულიად უნებლიე, არაადეკვატური, ადამიანისგან დამოუკიდებელი აღგზნებით და შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, რასისა და სოციალური ფენის წარმომადგენელს. იქამდე, ვიდრე მეცნიერება ამ დასკვნამდე მივიდოდა, ეპილეფსიას წარმოშობის უამრავი მიზეზი და სახელი მოუძებნეს. უძველესი ცნობები ამ დაავადების შესახებ ადრეულ ბერძნულ მითოლოგიაში მოიპოვება. ერთ-ერთი მითის მიხედვით, ეპილეფსიით იყო შეპყრობილი ჰერაკლე, ამიტომ ბერძნები მას ჰერაკლეს დაავადებას უწოდებდნენ. ძველ რომში ეპილეფსიურ გულყრას იდუმალ ძალებს უკავშირებდნენ და, თუ რომელიმე სენატორს შეკრებაზე გულყრა განუვითარდებოდა, ამას ღვთის რისხვას მიაწერდნენ და სენატის არასწორი ქმედებისა თუ გადაწყვეტილებების მაუწყებლად მიიჩნევდნენ. აქედან მოდის ეპილეფსიის კიდევ ერთი დასახელებაც - ,,კომიტეტის დაავადება”. მოგვიანებით ეპილეფსიას შეერქვა ,,ღვთაებრივი დაავადება”, ,,ვარსკვლავთა დაავადება”, ,,მთვარის დაავადება”. ძველი ბერძნები და რომაელები ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს არა მარტო დემონური ძალებით შეპყრობილ, არამედ მეტად საშიშ და ბოროტმოქმედ პიროვნებად მიიჩნევდნენ. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ საქმე გვაქვს ღვთაებრივ დაავადებასთან, რომ ასეთი ადამიანის თავის ტვინი ღვთის რისხვის მსხვერპლი იყო და მას წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდა. ამგვარი ავტორიტეტის შეხედულებამ ეპილეფსიას საშიში დაავადების სახელი განუმტკიცა, რის გამოც ანტიკურ ხანაში როგორც ეპილეფსიით დაავადებულთა, ისე მათი ოჯახების იზოლაციის სტრატეგია შეიმუშავეს, რათა ,,ღვთის რისხვა სხვა ადამიანებზე არ გავრცელებულიყო”. განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ ეპილეფსიან ქალებს, რომლებიც გრძნეულებთან და ჯადოქრებთან იყვნენ გაიგივებულნი. მე-15 საუკუნეში ორმა დომინიკელმა პაპმა მიიღო სპეციალური კანონი, - ეპილეფსიით დაავადებული ყველა ქალი ჯადოქრად შერაცხულიყო და სახალხოდ დაეწვათ კოცონზე. ეს კანონი საკმაო ხანს მოქმედებდა ევროპის ქვეყნებში და მილიონამდე ეპილეფსიით დაავადებული ქალი შეიწირა. ქართულ წყაროებში პირველი მონაცემები კრუნჩხვითი გულყრების შესახებ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია” აღწერილი. IX-X საუკუნეების საქართველოში საკმაოდ კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი გულყრის დეტალები, რასაც ,,სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში” ამოკითხული ფრაზები ადასტურებს. იმ დროს, კრუნჩხვითი გულყრის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად საქართველო- ში ძლიერი ემოცია ივარაუდებოდა. შემდგომი ხანის ლიტერატურაში კრუნჩხვითი გულყრა კიდევ უფრო დაწვრილებითაა აღწერილი და ,,მტერდაცემად” იწოდება.პარალელურად, გამოიყენება მისი არაბული სახელწოდებაც - ,,სარა”. XV-XVI საუკუნეებში საქართველოში ეპილეფსიას უკვე იხსენიებენ, როგორც ,,ბნედას”, ,,იადიგარ დაუდი” კი გვაუწყებს, რომ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი ,,ალის” მიერაა შეპყრობილი და გრძნეულებით გამოირჩევა. სახელები ,,ბნედა” და ,,ავი ზნე” ამ დაავადებას დღემდე შემორჩა.
Source: ნიჟარაძე ნანა, ეპილეფსია/სოლიდარობა #3’06/ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9