1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რობ როდ როზ როი როკ რომ როჟ როტ როქ როშ

რომერო არნულფო

E.
(1917-1980) ,,ხალხის ეპისკოპოსი”, 1942 წელს აკურთხეს მღვდლად, ხოლო 1977 წელს ეპისკოპოსად. 1977 წელს იგი სან-სალვადორის არქიეპისკოპოსი გახდა. ამ პერიოდში ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მმართველმა ხუნტამ სრულად გააყალბა არჩევნების შედეგები, ხოლო საპროტესტო დემონსტრაციებს ცეცხლი გაუხსნა. ორი კვირის შემდეგ, 1977 წლის 12 მარტს, ქალაქ აგილარეში მოკლეს მამა რუტილიო გრანდე. ეს კათოლიკე სასულიერო პირის მკვლელობის პირველი შემთხვევა იყო სალვადორში. არქიეპისკოპოსმა რომერომ რამდენიმე დღე მოკლულის სამრევლოში გაატარა და იქ ყოფნისას, ერთ ღამეს, როგორც ამას შემდგომ თავად ჰყვებოდა, მოხდა მისი ,,ფერისცვალება”. მაშინ ის 59 წლის იყო. არქიეპისკოპოსი რომერო მანამდე კონსერვატიულ პოზიციებზე იდგა, მაგრამ ახლა ნათლად დაინახა პირდაპირი კავშირი ეკლესიის დევნასა და მმართველი ხუნტისა და მისი ,,სიკვდილის ესკადრონების” მიერ ხალხის ჩაგვრას შორის. იგი ,,ხალხში გავიდა და ხალხის ეპისკოპოსი” გახდა. ,,სინამდვილეში ეკლესია კი არ განიცდის დევნას, არამედ ხალხი, მაგრამ ეკლესია ხალხის მხარეზეა, ხოლო ხალხი კი ეკლესიისა,” - წერდა ის. რომეროს ბიოგრაფის, იონ სობრინის მიხედვით, არქიეპისკოპოსს ღარიბების ღმერთი სწამდა: ,,იმათში, რომლებიც ისტორიის განმავლობაში მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ, ჯვარცმულ ღმერთს ხედავდა... ღარიბ და გლახაკ თანამემამულეებში - ქრისტეს გატანჯულ სახეს”, გაჭირვებულთა ოხვრასა და ქვითინში რომეროს ესმოდა სახარება - უწყება ღვთის სასუფეველზე, რომელიც მოვალს. სწორედ ეს უწყება მიიღო მან გლახაკთაგან და სან-სალვადორის კათედრალური ტაძარი გახდა ის ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ ადამიანები, აღესრულებოდა ღვთისმსახურება და ეწყობოდა საპროტესტო შიმშილობები, სადაც მკურნალობდნენ დაჭრილებს და ხალხი ემშვიდობებოდა თავის დაღუპულ თანამოძმეებს. რომერო კარგად ხედავდა, რომ საჭირო იყო გზის გავლა ,,ხალხიდან - ორგანიზებულ ერამდე”. იგი ეხმარებოდა მუშებისა და გლეხების სახალხო ორგანიზაციებს. მიაჩნდა, რომ სალვადორი კრიზისიდან თავად ხალხს უნდა გამოეყვანა. ყველაფერმა ამან გამოიწვია მწვავე კონფლიქტი ხელისუფლებასთან. არქიეპისკოპოსი რომერო სან-სალვადორის საკათედრო ტაძრის წმ. ტრაპეზის წინ მოკლა დაქირავებულმა მკვლელმა საზეიმო ლიტურგიის აღსრულებისას. არნულფო რომეროს მოწამეობა წარმოაჩენს ქრისტიანული მოწამეობის მესამე სახეობას, რომელსაც აქამდე არ ექცეოდა შესაბამისი ყურადღება და დღეს კი სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. პირველი სახეობა - რწმენისათვის მოწამეობა (პაულ შნაიდერი), მეორე სახეობა - მოწამეობა უსამართლო და კრიმინალურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში (დიტრიჰ ბონჰოეფერი), მესამე სახეობა - დაჩაგრული ხალხის ტანჯვის გაზიარება (არნულფო რომერო).
Source: მოლტმანი იურგენ, თანამედროვე ქრისტიანი მოწამეები/ არჩევანი #5-6 / რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრი / 2006 წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9