1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბუდ ბუთ ბუნ ბურ ბუღ

ბუდა

ცხოვრობდა VI ს-ში ქრისტემდე. იგი იყო ინდოეთის ერთ-ერთი ტომის, შაკიების, უფლისწული, გაუტამას გვარიდან. მისმა დედამ - მაიამ (მაჰა-მაიამ ,,დიდმა მაიამ’’) შვილის დაბადებამდე სიზმარში თეთრი სპილო იხილა, რომელიც ფერდში შეუვიდა. სიდჰარტაც, ასე დაარქვეს ბავშვს, დედის ფერდიდან დაიბადა. დედა კი გარდაიცვალა. სასწაულებრივი შობა დამახასიათებელია განსაკუთრებული მომავლისა და დანიშნულების პიროვნებისათვის. ასეთი იყო სიდჰარტა, რაც ნიშნავს ,,მოწოდების აღმსრულებელს’’. მოგვებმაც უწინასწარმეტყველეს მამას: შენი შვილი მეფე გახდება, ოღონდ არა ამა ქვეყნისაო. მშობელი, ამის გამგონე, დაიზაფრა, რადგან არ სურდა, რომ მემკვიდრე რელიგიურ მოღვაწეობას შედგომოდა და ამქვეყნიურ დიდებაზე უარი ეთქვა. იგი შვილს ფუფუნებაში - საგანგებოდ მოწყობილ სასახლესა და ბაღნარში ზრდიდა, გარესამყაროსაგან იზოლირებით; ცდილობდა, მომავალ მეფეს ცხოვრების ჭირ - ვარამი და ჩრდილოვანი მხარეები არ ეხილა, წუთისოფლის ხმაურს მის ყურამდე არ მიეღწია, რომ მისგან განშორების სურვილი არ გასჩენოდა. მიუხედავად ამისა, სიდჰარტა თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. ხშირად განმარტოვდებოდა, დაჯდებოდა სადმე კუნჭულში და მიეცემოდა ფიქრებს. მამას არ ეამა ეს ფაქტი. იფიქრა: შვილი განდეგილად არ წავიდესო და სასწრაფოდ შერთო მშვენიერი ასული - იასიდორი. მაგრამ მოხდა საბედისწერო რამ: 29 წლის იყო უფლისწული, როცა ინება და მსახურთან ერთად სრა-სასახლის გალავანს გადააბიჯა. სიდჰარტამ ოთხი ,,სიახლე’’ იხილა, რამაც შეძრა იგი და შეცვალა მისი ცხოვრება. მას ჯერ საზარლად დაწყლულებული, სნეული ადამიანი შემოეყარა, მერე კი - წელში მოხრილი, ღრმად მოხუცი კაცი; ნახა შრომისაგან ილაჯგაწყვეტილი, მშიერი და დაგლახაკებული არსება; წააწყდა სამგლოვიარო პროცესიას, და ბოლოს დაინახა მძიმე ფიქრებში ჩაფლულ-ჩაძირული მოხეტიალე განდეგილი... ...დიდხანს ამაოდ უკირკიტებდა წმიდა წიგნებს ამ წუთისოფლის საიდუმლოს ამოსახსნელად. ასე უშედეგოდ გრძელდებოდა თვითგვემა... და, აი, ერთი მდინარის ნაპირას, ბოდჰის ხის ძირას, იგი გასხივოსნდა: გამოეცხადა ოთხი ჭეშმარიტება. აქ დაერქვა მას ბუდჰა (,,გასხივოსნებული’’). მისი პირველი ზრახვა იყო ხალხისათივის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც წამალი ტანჯვისა. მაგრამ ბოროტი სული, მარა, შეუჩნდა მას და ყოველმხრივ - ათასგვარი ხიბლებით, მუქარებით, დაშინებებით - ცდილობდა აეძულებინა სიდჰარტა უფლისწულყოფილი, აწ უკვე ბუდჰა ანუ ,,გასხივოსნებული’’, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე, იმ მოწოდებაზე, რისთვისაც მოევლინა იგი წუთისოფელს. ბუდამ დაძლია ცთუნებანი და შიშები, ავსულისაგან მოვლენილი, და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა (გავიხსენოთ მათეს სახარებიდან, როგორ გამოსცდიდა ეშმაკი იესოს უდაბნოში ორმოც დღეს, რათა დაებრკოლებინა იგი). მისი პირველი მსმენელები იყვნენ ხუთი ადამიანი და ორი ირემი.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9