1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბუდ ბუთ ბუნ ბურ ბუღ

ბუდიზმი

გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ მიმდევარნი თითქმის ყველა კონტინენტზე ჰყავს. წარმოიშვა ძვ.წ. VI-V სს-ში ჩრდილოეთ ინდოეთში. მისთვის ნიშანდობლივია ძველი და შემდგომდროინდელი სინკრეტიზაცია სხვადასხვა სისტემასთან - ბრაჰმანიზმ - ინდუიზმთან, დაოიზმთან, ძენიზმთან და ა.შ., რის გამოც ბუდიზმის თავდაპირველი სახე ადვილად გაითქვიფა ადგილობრივ კულტებში. უკანასკნელთ კი, თავის მხრივ, ახალი გეზი და ორიენტაცია მისცა. ასე მოხდა იმიტომ, რომ ბუდიზმს, როგორც სისტემას, არ ახასიათებს მონოლითურობა, დოგმატიზმი. არ გააჩნია წეს-განგების დადგენილი სახე ანუ ტიბიკონი. ვისაც ბუდისტურ ქვეყნებში უმოგზაურია, ამბობს, რომ არამცთუ ოლქებსა და ქალაქებს, არამედ სოფლებსა და უბნებსაც კი ერთმანეთისაგან შესამჩნევად განსხვავებული კულტმსახურების ტრადიცია აქვს. ასე რომ, ეს რელიგია, დღიდან დაარსებისა, განიცდის ცვალებადობას და ჩვენს დროში წარმოდგენილია ნაირგვარი ფორმით. მიუხედავად ამისა, მას აქვს ძირითადი და უცვალებელი იდეებიც. მათგან უმთავრესია ხსნის იდეა და მისი რეალიზაციის სპეციფიკური გზა. მართალია ბუდიზმი ინდოეთში წარმოიშვა, მაგრამ უფრო ფართო გავრცელება ამ ქვეყნის გარეთ ჰპოვა, განსაკუთრებით ჩინეთში, ჩინეთის გზით კი იაპონიაში, კორეაში, შორეული აღმოსავლეთის ბევრ სხვა ქვეყანაში. ბუდიზმის ძლიერი კერა არსებობდა ტიბეტში, სადაც ტიბეტურ ენაზე შეიქმნა უმდიდრესი ბუდისტური ლიტერატურა. ტიბეტის გავლენით ბუდიზმი მონღოლებს შორისაც გავრცელდა. ამ მოძღვრებით დაინტერესებული არიან თანამედროვე ანთროპოსოფები. მათი თეორია ძირითადად ეფუძნება რწმენას კარმასა და სამსარაზე. ბუდისტების საერთო რიცხვი დღეს 359 მილიონს აღწევს. ბუდიზმის დამაარსებელია ბუდა, ინდოეთის ერთ-ერთი ტომის, შაკიების, უფლისწული, გაუტამას გვარიდან.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9