1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რელიგიის თავისუფლება პოლონეთში

პოლონეთის რესპუბლიკა, ძირითადად, კათოლიკურ სახელმწიფოდ შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ქვეყნის მოსახლეობის 95,8 პროცენტი რომის კათოლიკურ ეკლესიას მიაკუთვნებს თავს. ქვეყანაში მცირე რაოდენობით ცხოვრობენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც - მართლმადიდებლები, პროტესტანტები, მუსლიმანები, ბუდისტები და ა.შ.. ქვეყნის მოსახლეობაში კათოლიკეთა წილით პოლონეთი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში და შეიძლება შეედაროს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იტალია (დაახლ. 97%), ესპანეთი (94.9%) და მექსიკა (95.4%). 1995 წელს პოლონეთში ცხოვრობდნენ 59 ეკლესიისა და სხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები. 1997 წლის ბოლოსათვის კი მათი რიცხვი 151-მდე გაიზარდა. კათოლიკურ ეკლესიას დაახლ. 35 მილიონი მრევლი ჰყავს (მათ შორისაა ბერძნული კათოლიკური ეკლესიის 110 ათასი წარმომადგენელი), პოლონეთის ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას კი 550 ათასი მრევლი ჰყავს, იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა დაახლ. 123 ათასია, აუგსბურგის კონფესიის ევანგელისტური ეკლესიის წევრთა რაოდენობა 87 ათასს შეადგენს, პოლონეთის ეროვნულ კათოლიკურ ეკლესიას 24 ათასი წევრი ჰყავს, ორმოცდაათიანელთა ეკლესიას - 18 ათასი, ძველ კათოლიკურ ეკლესიას - 26 ათასი. ხოლო ყველა დანარჩენ რელიგიურ ორგანიზაციას - დაახლოებით 10 ათასი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პოლონეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა კათოლიკური რელიგიის შეზღუდვა და ნებისმიერი გზით ცდილობდა კათოლიკური ეკლესიის გავლენის შემცირებას. საბჭოთა სისტემის დომინირების დროს პოლონეთმა გადმოიღო სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის საბჭოური (ე.წ. „მტრული გამიჯვნის“) მოდელი. რომის კათოლიკურ ეკლესიას პოლონეთის მღელვარე ისტორიის განმავლობაში ძალზე ძლიერი პოლიტიკური პოზიციები გაუჩნდა. ეკლესიის კავშირები პოლონურ ნაციონალიზმთან უაღრესად მჭიდროა, უფრო მეტიც, პოლონეთში ეროვნული ეკლესიის ტრადიცია უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ეროვნული სახელმწიფოსი. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო მოძრაობაში და ეს ფაქტი საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია; რომის კათოლიკური ეკლესია, როგორც დამოუკიდებელი მხარე, მონაწილეობდა 1989 წელს მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებებში ხელისუფლებასა და „სოლიდარობას“ შორის. ამ მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის დამარცხებაში.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9