1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რიზ რიკ რიმ რიო რიპ რის რიტ რიშ რიჩ

რისკის საზოგადოება

მისი აღწერა ეკუთვნის ულრიხ ბეკს. ბეკი, ისევე როგორც გიდენსი, ამბობს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა უნდა აღიწეროს როგორც ახალი მოდერნულობა. თუკი კლასიკურ მოდერნულობა ასოცირდებოდა ინდუსტრიულ საზოგადოებასთან, ახალი მოდერნულობა ასოცირდება რისკის საზოგადოებასთან. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ინდუსტრიულ საზოგადოებაში აღარ ვცხოვრობთ, არამედ, ისეთ საზოგადოებაში, სადაც ინდუსტრიულობა გამსჭვალულია რისკით. ბეკი უწოდებს ამ ახალ წარმონაქმნს,,რეფლექსიურ მოდერნულობას”: ინდივიდუალიზაციის პროცესმა, რომელიც დასავლეთში დაიწყო, განაპირობა ის, რომ აგენტები უფრო და უფრო თავისუფლდებიან სტრუქტურული შეზღუდვებისაგან, და ამის შედეგად, მათ შეუძლიათ რეფლექსურად ააგონ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ის საზოგადოებებიც, რომელბშიც ისინი ცხოვრობენ. მაგალითად, კლასობრივი ვითარებების მხრივ განსაზღვრის მაგივრად, ადამიანები უფრო და უფრო ოპერირებენ საკუთარ თავზე დაყრდნობით. იმდენად, რამდენადაც ადამიანები თავის თავის ანაბარა დარჩნენ, ისინი ხდებიან, იძულებულნი არიან გახდნენ სულ უფრო და უფრო რეფლექსურები. ბეკს მოჰყავს რეფლექსურობის მნიშვნელობის შემდეგი მაგალითი: ,,ახალი ჩამოყალიბებული ურთიერთობები და სოციალური ქსელები ახლა უნდა აირჩიო ინდივიდუალურად: სოციალური კავშირებიც, ასევე, რეფლექსური ხდება, ასე რომ ისინი შეიძლება დამყარდეს, შენარჩუნდეს და მუდმივად განახლდეს ინდივიდების მიერ”. ბეკის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვეობას (რეფლექსურ მოდერნულობას) და კლასიკურ მოდერნულობას შორის დიდი განსხვავებაა, რეფლექსური მოდერნულობა ინარჩუნებს მსგავსებებს და საერთო ნიშნებს კლასიკურ მოდერნულობასთან, როგორც მისი გაგრძელება: კლასიკური მოდერნულობის ცენტრალური თემა იყო სიმდიდრე და მისი მაქსიმალურად თანაბარი განაწილება. ახლანდელ მოდერნულობაში (,,წინ წასულ მოდერნულობაში”) კი, ცენტრალური თემა არის რისკი და მისი შეჩერების, ნეიტრალიზაციის, მონიტორინგის, წინასწარმეტყველების პრობლემები. კლასიკურ მოდერნულობაში იდეალი იყო თანასწორობა, მაშინ როდესაც თანამედროვე მოდერნულობაში იდეალი არის დაცულობა. კლასიკურ მოდერნულობაში ადამიანები აღწევდნენ სოლიდარობას თანასწორობის პოზიტიური მიზნით, მაგრამ თანამედროვე მოდერნულობაში ეს სოლიდარობა მიიღწევა ნეგატიური მიზნით: იყო დაცული საფრთხეებისაგან.
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9