1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბუდ ბუთ ბუნ ბურ ბუღ

ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებული

ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის იდეა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ბუნდესვერის შექმნის საწყის პერიოდში გაჩნდა. აღნიშნული ინსტიტუტის შექმნის საფუძველს წარმოადგენდა კონცეფცია “მოქალაქე სამხედრო ფორმაში” და ბუდნესვერის შიდა მართვის (Innere Fuhrung der Bundeswehr) დოკუმენტი, ხოლო მაგალითი აღებულ იქნა შვედური სამხედრო ომბუდსმენისგან, რომელიც უკვე 1915 წლიდან მოქმედებდა. უკვე 1956 წელს პირველად დაფიქსირდა გერმანიის ძირითად კანონში სამხედრო საპარლამენტო რწმუნებულის ინსტიტუტი, რომელიც რამდენიმე წელიწადში უკვე შესაბამისი კანონის საფუძველზე ამოქმედდა. სამხედრო რწმუნებულის შექმნის მიზანი ძირითად კანონშივე განისაზღვრა: “სამხედროთა ძირითადი უფლებების დაცვისა და, როგორც ბუნდესთაგის დამხმარე ორგანო, საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად შეიქმნას ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებული.” ბუნდესთაგის სამხედრო რწმუნებული არ არის არც ბუნდესთაგის დეპუტატი და არც სახელმწიფო მოხელე, იგი საჯარო სამართლის პირია და გათანასწორებულია საპარლამენტო მდივნის სტატუსთან. იგი, თავდაცვის კომიტეტის ან რომელიმე ფრაქციის წარდგენის საფუძველზე, განხილვის გარეშე, აირჩევა ბუნდესთაგის მიერ ფარული კენჭისყრით. კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ 35 წლის, მას რაიმე კონკრეტული განათლება და სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვება, მათ შორის მნიშვნელობა არ აქვს, მას სამხედრო სამსახური გავლილი აქვს თუ არა. პირი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის ბუნდესთაგის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმას დააგროვებს. მას არჩეულად აცხადებს ბუნდესთაგის პრეზიდენტი და მისი სამსახური იწყება ფიცის წარმოთქმის შემდეგ. სამსახურის ვადა განისაზღვრება 5 წლით, მაშასადამე ერთი წლის ვადით მეტხანს, ვიდრე ბუნდესთაგის წევრებისა. რწმუნებულის ხელახალი არჩევა დასაშვებია. მისი სამსახური სრულდება, ვადის გასვლის შემდეგ ახალი სამხედრო რწმუნებულის დანიშვნით, მისი გარდაცვალების გამო, ბუნდესთაგის მიერ უკან გამოთხოვის შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე. სამხედრო რწმუნებულის კონტროლის არეალში ექცევა ყველა სამხედრო უწყება, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები. სამხედრო რწმუნებულს თავისი საქმიანობის განხორციელების დროს აქვს შემდეგი უფლებები: 1. წინასწარი შეთანხმების გარეშე მოინახულოს ყველა ის სამსახური, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის საკითხებთან, მათ შორის სამხედრო ნაწილები, შტაბები; 2. მიიღოს და გააცნოს თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს; 3. მოსთხოვოს ნებისმიერ სამხედრო და სამოქალაქო პირს, რომელსაც თავდაცვის საკითხებთან აქვს შეხება, ახსნა-განმარტება; 4. გაესაუბროს და მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი სამხედრო მოსამსაურისგან, მისი მეთაურის თანდასწრების გარეშეც; 5. ჩაერთოს დისციპლინარულ ან სასამართლო საქმის განხილვაში და გაეცნოს შესაბამის დოკუმენტაციას.
Source: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9