ჰანტინგტონის თქმით, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები სამხედრო უსაფრთხოების ინსტიტუციონალური დონე და მისი საფუძველია. მისი დანიშნულებაა სამხედრო ხასიათის მქონე გარეშე საფრთხეების იმდაგვარი განსაზღვრა და მათზე რეაგირების ისეთი გზების მოძებნა, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების მაქსიმალიზაციას სხვა საზოგადოებრივი ღირებულებების მინიმალური შეზღუდვით. ამ მიზნის მიღწევა გულისხმობს ძალაუფლებისა და შეხედულებების ბალანსს სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფებს შორის. ავტორის აზრით, ეს ბალანსი ზრდის ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე სწორი პასუხების მოძებნის შანსს. ჰანტინგტონი საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ სამხედრო უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას, იგი გულისხმობს როგორც საგარეო საფრთხეებს და გამოწვევებს, ისე რეაგირების სფეროს.
Source: სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები : თეორიული საკითხები და საქართველოს მაგალითი / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი ; [შემდგ.: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000