1952 წელს შემოიღო ამერიკელმა სოციოლოგმა კარიმ.უილიამ ლაბოვი სოციოლინგვისტიკას განმარტავს, როგორც მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის «ენას მის სოციალურ კონტექსტში». თუ ამ სწორხაზოვან განმარტებას დავუკვირდებით, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ სოციოლინგვისტები საკუთრივ ენას, ესე იგი მის შინაგან აგებულებას კი არ შეისწავლიან, არამედ იმას, თუ როგორ გამოიყენება ეს ენა მასზე მეტყველთა (ანუ, ენათმეცნიერების სპეციალურ ენაზე — ინფორმანტების) მიერ. სოციოლინგვისტიკა, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერების ცალკე დარგი, წარმოიშვა ენათმეცნიერების (ლინგვისტიკის), სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიისა და ეთნოგრაფიის, ასე ვთქვათ, «სასაზღვრო» კონტაქტის შედეგად. სოციოლინგვისტიკის შესწავლის საგანი პრობლემათა საკმაოდ ფართო კომპლექსია, რომელიც უკავშირდება ენის, როგორც ასეთის, სოციალურ ბუნებასა და საზოგადოებრივ ფუნქციებს. ერთი მხრივ, შეისწავლება სოციალური ფაქტორების გავლენა ენაზე, მეორე მხრივ კი — ის როლი, რომელსაც ენა ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002