ტერმინ ,,ცივილიზაციის” დამამკვიდრებლის პატივს დღემდე ერთმანეთს ეცილებიან ფრანგები და ინგლისელები. ორივე ენაში ზმნა „civiliser“ – „to civilize“ და ზმნიზედა „civilisé“ – „civilized“ შესაბამის არსებით სახელზე ბევრად ადრე გაჩნდა.
შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ა. ფერგიუსონმა (1723-1816) პირველმა გამოიყენა ცივილიზაციის ცნება მსოფლიო-ისტორიული პროცესის განსაზღვრული საფეხურის აღსანიშნავად.
დღეს საუბარი შეიძლება ცივილიზაციის ცნების სამ ძირითად ინტერპრეტაციაზე:
1) ლოკალურ-ისტორიული (ნ. დანილევსკი, ო. შპენგლერი, ა. ტოინბი, ს. ჰანთინგტონი და სხვ.). დასახელებული მკვლევრები სხვადასხვა რაოდენობისა და სახელწოდების ცივილიზაციებს ითვლიან და მათი ურთიერთობაც სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, თუმცა მათ აერთიანებთ ცივილიზაციის ერთგვაროვანი გაგება.
2) ისტორიულ-სტადიური, რომელიც, ამა თუ იმ კრიტერიუმზე დაყრდნობით, განარჩევს სხვადასხვა ტიპის ცივილიზაციებს: ზეპირ, წერილობით, წიგნისა და ეკრანის; კოსმოგენურ, ტექნოგენურსა და ანთროპოგენურს; ტრადიციულსა და თანამედროვეს; ევოლუციურსა და ინოვაციურ ცივილიზაციებს და სხვ. გვხვდება ისეთი ტერმინებიც, როგორიცაა ,,შუბის ცივილიზაცია”, ,,მშვილდ-ისრის ცივილიზაცია”10 და ა. შ.
3) მსოფლიო-ისტორიული, რომლის თანახმად, ლოკალურ ცივილიზაციათა ურთიერთობის გარკვეულ საფეხურზე ჩნდება მსოფლიო ისტორიის ფენომენი. ამ ინტერპრეტაციის ფარგლებში თავსდება ცივილიზაციის გაგება როგორც კაცობრიობის ისტორიული განვითარების საფეხურისა, რომელიც მოსდევს ველურობისა და ბარბაროსობის საფეხურებს (ლ. ჰ. მორგანი, ფ. ენგელსი); საკაცობრიო ცივილიზაციის სამი ტალღის (აგრარული, ინდუსტრიული და ინფორმაციული) კონცეფცია (უ. როსტოუ, დ. ბელი, ო. ტოფლერი); აგრეთვე კაცობრიობის ისტორიული განვითარების სქემები, შემუშავებული კ. იასპერსისა და შ. იტოს მიერ.