დოქტრინა გამოცხადებული 1823 წელს, ჯეიმს მონროს პრეზიდენტობის დროს. ამ დოქტრინის შესაბამისად ევროპულ სახელმწიფოებს ერთმეოდათ უფლება მოეხდინათ ამერიკის კოლონიზაცია, ანდა ჩარეულიყვნენ ამერიკის კონტინენტებზე არსებული სუვერენული სახელმწიფოების საშიანო საქმეებში. სამაგიეროდ აშშ აპირებდა ნეიტრალიტეტის დაცვას ომებში, რომელსაც ადგილი ექნებოდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის, ანდა ევროპულ სახელმწიფოსა და მის კოლონიას შორის, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთ ომს ადგილი ექნებოდა ამერიკაში. ამ შემთხვევაში, აშშ განიხილავდა მას, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებას. 1904 წელს პრეზიდენტმა ტეოდორ რუზველტმა შეიტანა მნიშვნელოვანი შესწორება ამ დოქტრინაში, რომლის შესაბამისად, აშშ იძენდა უფლებას, ჩარეულიყო ლათინური ამერიკის ქვეყნების საშინაო საქმეებში, ფაქტიურად თავის თავზე იღებდა საერთაშორისო პოლიციურ უფლებებს. ეს პოლიტიკა გახმოვანდა როგორც „ილაპარაკე ჩუმად, მაგრამ მოიმარჯვე დიდი კეტი“. ამ დოქტრინამ უდიდესი როლი შეასრულა გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებაში, რადგანაც ფაქტიურად გადააქცია ლათინური ამერიკა აშშ-ს „უკანა ეზოდ“, სადაც მას შეეძლო დაეცვა საკუთარი ინტერესები, როგორც ადგილობრივი სუვერენული სახელმწიფოების, აგრეთვე სხვა წამყვანი გლობალური მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, განსაკუთრებით ცივი ომის პერიოდში. ყველაზე კარგად ასეთი პოლიტიკის ეფექტურობა გამოვლინდა პანამის არხზე კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებულ მოვლენებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ არხის მშენებლობას უდიდესი როლი ენიჭებოდა გლობალური სატრანსპორტო კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებაში.
Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006