1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნებ ნეგ ნევ ნეი ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეოლიბერალები

დღევანდელი ნეოლიბერალები მხარს უჭერენ თავისუფალ ვაჭრობას და საბაზრო ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკას, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის ინსტრუმენტებს. ამავე დროს, დემოკრატიული სახელმწიფოები უფრო მიილტვიან მათი მოქალაქეების უფლებების პატივისცემისაკენ და არსებობს ნაკლები შანსი იმისა, რომ ისინი ომს წამოიწყებენ თავის დემოკრატიულ მეზობლებთან. გარდა ამისა, ურთიერთდამოკიდებულების პროცესის განვითარება მსოფლიოში იწვევს იმას, რომ სახელმწიფოებს ცალმხრივი მოქმედება და მეზობლებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სულ უფრო ძვირი უჯდებათ და უძნელდებათ. ზოგი ნეოლიბერალი თვლის, რომ გზა მშვიდობის და კეთილდღეობისა ისაა, რომ დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა გააერთიანონ რესურსები და უარიც კი თქვან მათი სუვერენიტეტის ნაწილზე, რათა, შექმნან ინტეგრირებული ერთობა ეკონომიკური ზრდისა უზრუნველსაყოფად და რეგიონალური პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი, აგრეთვე, მიიჩნევენ, რომ მსოფლიო გახდა უფრო პლურალისტული საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული მოთამაშეების თვალსაზრისით და ეს მოთამაშეები უფრო ურთიერთდამოკიდებულები გახდნენ. ნეოლიბერალები განიხილავენ საერთაშორისო ინსტიტუტებს როგორც საერთაშორისო სისტემაში თანამშრომლობის განვითარების შუამავლებსა და საშუალებებს. საერთაშორისო რეჟიმები და ინსტიტუტები დახმარებას უწევენ მთავრობებს კონკურენტული და ანარქისტული საერთაშორისო სისტემის მართვაში. ისინი აქეზებენ, ზოგჯერ კი მოითხოვენ მთავრობებისაგან მიმართონ მრავალმხრივი პოლიტიკის გატარებასა და თანამშრომლობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ინსტრუმენტებს. ამავე დროს, ისინი აღიარებენ, რომ თანამშრომლობის მიღწევა უფრო ძნელია იმ სფეროებში, სადაც მათი ლიდერები ვერ პოულობენ საერთო ინტერესებს. ნეოლიბერალების ნაწილს მიაჩნია, რომ გლობალიზაცია დადებითი ძალაა. საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო ნახავს მოგებას იმ ეკონომიკური ზრდის შედეგად, რომელიც გლობალიზაციას მოაქვს. მათ სჯერათ, რომ სახელმწიფოები არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ გლობალიზაციას ან შეეცადონ გააკონტროლონ ის არასასურველი პოლიტიკური ჩარევის გზით. ზოგი, აგრეთვე, მიიჩნევს, რომ სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ ჩარევა იმისათვის, რომ გზა გაუხსნან კაპიტალიზმს „ადამიანური სახით“, ისევე როგორც ბაზრებს, რომლებიც უფრო გულისყურით მოექცევიან ყველა ადამიანის საჭიროებებსა და ინტერესებს. უნდა შეიქმნას ახალი და გარდაიქმნას ძველი ინსტიტუტები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კაპიტალის არათანაბარი გადაადგილება, მიღწეულ იქნეს მდგრადი ეკოლოგიური განვითარება და დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები.
Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9