1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ობ ოგ ოვ ოზ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოჩ ოხ ოჯ
ობი ობლ ობს

ობსკურანტიზმი

მოვლენები და ფაქტები, რომელთა მისამართითაც ტერმინი ,,ობსკურანტიზმი“ გამოიყენება, არიან როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური, ანდა ერთდროულად რელიგიურიც და არარელიგიურიც, საკრალურიც და პროფანულიც, საეროც და სასულიეროც. ,,ობსკურანტიზმი“, მეტად რომ დავაკონკრეტოთ, ისეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სულიერ განწყობილებას აღნიშნავს, რომლის ძირითადი მახასიათებელი არის ინტელექტუალური, პიროვნული, სოციალური თუ ეროვნული მონობის აპოლოგია; ცოდნისადმი, სკოლისადმი, წიგნისადმი, გონების აქტივობისადმი, ზოგადად - განათლებისადმი ნეგატიური, უფრო მეტიც, აგრესიული დამოკიდებულება; ყოველგვარი სიახლისა და წინსვლისადმი მტრობა. ამდენად ობსკურანტიზმი თავს იჩენს ყოფაცხოვრების როგორც პროფანულ, ისე საკრალურ უბნებზე და ზოგ შემთხვევაში ტოტალურ, ე.ი. სახელმწიფო მასშტაბს იძენს. ობსკურანტიზმი და, შესაბამისად ,,ობსკურანტობა“ არის შემეცნებისა და აზროვნების ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნებისა და მოვლენების აღქმის, შეფასებისა და ანალიზის გარკვეული ფორმა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხედველობის ვიწრო ველი და ცალმხრივობა. ობსკურანტიზმის სინონიმია ,,სიბნელე“, გონების სიჩლუნგე და გაუკუღმართება. მაშასადამე, ცნობიერების ეს მდგომარეობა (ობსკურანტობა) განათლების (პედაგოგიკის) და მორალის სფეროს განეკუთვნება. სიტყვები ,,ობსკურანტიზმი“ და ,,ობსკურანტი“, როგორც ეთიკური კატეგორიის აღმნიშვნელი ტერმინი, პირველად XV-XVI სს-ის მიჯნაზე შექმნილ ერთ ლათინურენოვან ძეგლში დასტურდება, რომლის სათაურია ,,Epistolae Obscurorum Virorum“ (ბნელ კაცთა ეპისტოლეები). ესაა თავის დროს საკმაოდ გახმაურებული და პოპულარული პამფლეტი, რომელიც შეიქმნა იოჰანეს როიხლინსა (1455-1522) და კოლონის (იგივე კიოლნის) დომინიკანელ ბერებს შორის გამართული პაექრობის ამსახველი მასალების გაშარჟებისა და პაროდირების შედეგად. ავტორები ანუ პაროდისტები არიან გერმანელი ჰუმანისტები კროტუს რუბიანუსი (1486-1540) და ულრიხ ფონ პუტენი (1488-1523). კრებულის უდიდესი ნაწილი მიმართულია ორტვინ გრაციუსისადმი, რომელიც, თუმცა თვითონაც ჰუმანისტი იყო, თავს დომინიკანელთა ორდენს მიაკუთვნებდა და მათ გვერდით იდგა, რაც, როგორც ჩანს, ოპონენტებს განსაკუთრებით აღიზიანებდათ და ისრებს მეტწილად მისკენ მიმართავდნენ. სატირის ობიექტია აგრეთვე იაკობ ფონ ჰოხშტრახენი (გარდ. 1527 წ.), რომელიც ძველი სქოლასტიკური ტრადიციის წარმომადგენელი იყო. ეპისტოლეები დაწერილია ისეთი სტილით, რაც ბერმონაზვნური ლათინურის პაროდირებაა და იმ მეთოდების, ასკეტიზმის იმ ფორმისა და საეკლესიო-რელიგიური ცხოვრების იმ რეგლამენტის მწარე სატირას წარმოადგენს, რაც გვიანი შუა საუკუნეების სქოლასტიკასა და, ზოგადად, იმ პერიოდის კათოლიკურ ეკლესიას ახასიათებდა. აღნიშნული ძეგლის დიდმა პოპულარობამ ბევრად განაპირობა მაშინდელი კლერიკალიზმისა და მისი წარმომადგენლების დისკრედიტაცია და სხვადასხვაენოვან მწიგნობარ ხალხთა მეტყველებაში დაამკვიდრა ახალი სიტყვა - ობსკურანტიზმი. ,,ობსკურანტიზმი“ ფრანგი განმანათლებლების, მწერლებისა და რევოლუციონერების საყვარელ სიტყვად იქცა. მას ხშირად ხმარობდა ბალზაკი, რუსო და დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სხვა მწერალი, აგრეთვე ლენინი და, საერთოდ, რუსი ნაროდნიკები და სოციალდემოკრატები, ქართულ სინამდვილეშიც ეს სიტყვა უფრო პარტიული ელიტის ლიტერატურულ-პროპაგანდისტურ მეტყველებაში გამოიყენებოდა.
Source: თავისუფლება №5(17)მაისი, [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9