1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სკა სკე სკო

სკეპტიკოსები

განსხვავებით ჰიპერგლობალისტებისაგან, მსოფლიო ვაჭრობის, კაპიტალდაბანდებისა და შრომის ნაკადების სტატისტიკაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნიდან, უბრალოდ შედარებით იზრდება ინტერნაციონალიზაციის დონე, ე.ი. ურთიერთობა ძირითადად ეროვნულ მეურნეობებს შორის. ამტკიცებენ რა, რომ გლობალიზაცია მითია, სკეპტიკოსები ეფუძნებიან გლობალიზაციის ეკონომიკურ კონცეფციას და აიგივებენ მას სრულად ინტეგრირებულ გლობალურ ბაზართან. მიაჩნიათ რა, რომ დღევანდელი ეკონომიკური ინტეგრაციის დონე ჩამოუვარდება ამ „იდეალს“ და, რომ ასეთი ინტეგრაცია ბევრად ჩამორჩება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დონეს, ისინი ასკვნიან, რომ თანამედროვე გლობალიზაციის გამოვლენა ფრიად გაზვიადებულია. ამასთან დაკავშირებით სკეპტიკოსები ასკვნიან, რომ ჰიპერგლობალისტების მოსაზრება ძირფესვიანად მცდარია და პოლიტიკურად მიამიტი იმის გამო, რომ ის სათანადოდ ვერ აფასებს ეროვნული მთავრობების არსებულ შესაძლებლობებს მართონ საერთაშორისო ეკონომიკური მოღვაწეობა. იმის ნაცვლად, რომ უკონტროლოდ განვითარდნენ, ინტერნაციონალიზაციის ძალები თვითონ ექვემდებარებიან ეროვნული მთავრობების მარეგულირებელ ძალაუფლებას, რათა უზრუნველყონ მიმდინარე ეკონომიკური ლიბერალიზაცია. სკეპტიკოსების თვალსაზრისით, ყველა არსებული მტკიცებულება მიგვანიშნებს, იმას რომ ეკონომიკური საქმიანობა განიცდის მნიშვნელოვან რეგიონალიზაციას იმ დროს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება სამი ძირითადი ფინანსური და სავაჭრო ბლოკის - ევროპის, აზიაწყნარი ოკეანისა და ჩრდილო ამერიკის შექმნის მიმართულებით. შესაბამისად კლასიკური „ოქროს სტანდარტის“ ეპოქასთან შედარებით მსოფლიო ეკონომიკა ბევრად უფრო ნაკლებად ინტეგრირებულია, ხოლო მსოფლიო იმპერიების ხანასთან შედარებით ის უფრო ნაკლებად გლობალიზებულია გეოგრაფიული მოცვის თვალსაზრისით. სკეპტიკოსები, აგრეთვე არ თვლიან, რომ ეროვნული მთავრობები ექვემდებარებიან საერთაშორისო ტენდენციებს. პირიქით, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მათი როლი საზღვრებს გაღმა ეკონომიკური აქტიურობის განვითარებასა და რეგულირებაში სულ უფრო ცენტრალური ხდება. მთავრობები ინტერნაციონალიზაციის პასიური მსხვერპლი კი არა, პირიქით, მისი ძირითადი არქიტექტორები არიან. უფრო მეტიც, ზოგი განიხილავს ინტერნაციონალიზაციას როგორც ძირითადად აშშ-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მსოფლიო ეკონომიკური წესწყობის თამნხლებ პროდუქტს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უბიძგა ეროვნული ეკონომიკების ინტერნაციონალიზაციას. სხვებს საერთოდ მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ვაჭრობისა და კაპიტალდაბანდებების მიმდინარე ინტენსიფიკაცია წარმოადგენს დასავლური იმპერიალიზმის ახალ სტადიას, რომლის ფარგლებშიც ეროვნული მთავრობები გამოდიან მონოპოლისტური კაპიტალის აგენტების როლში. მიუხედავად აზრთა გარკვეული სხვადასხვაობისა, სკეპტიკოსები ერთხმად მიიჩნევენ, რომ ინტერნაციონალიზაციას არ მოჰყვა ჩრდილოეთ-სამხრეთის უთანაბრობის შემცირება. პირიქით, ხდება სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდა მდიდარ ჩრდილოეთში, „მესამე სამყაროს“ მრავალი ქვეყნის მზარდი მარგინალიზაციის ხარჯზე. ისინი, აგრეთვე ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ უცხოური ინვესტიციების ნაკადების კონცენტრირება ძირითადად ხდება განვითარებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოებში, ხოლო მულტინაციონალური კორპორაციების უმეტესობა რჩება ძირითადად მათი მშობლიური ქვეყნებისა ან რეგიონების ქმნილებებად. შესაბამისად სკეპტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ წარმოდგენას იმაზე, რომ ინტერნაციონალიზაციას თან სდევს მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც - ძირფესვიანად გარდაქმნა. ისინი აღიარებენ, რომ უთანაბრობა და იერარქიზაცია იმდენად ღრმად არის გამჯდარი მსოფლიო ეკონომიკაში, რომ, სტრუქტურული თვალსაზრისით, გასული საუკუნის მანძილზე ეს სიტუაცია ძალზე უმნიშვნელოდ შეიცვალა. მრავალი სკეპტიკოსის წარმოდგენით, ასეთი უთანაბრობა ხელს უწყობს ფუნდამენტალიზმისა და აგრესიული ნაციონალიზმის წარმოჩენას, იმის ნაცვლად, რომ უბიძგოს მსოფლიო ცივილიზაციის შექმნას, როგორც ამას ჰიპერგლობალისტები ვარაუდობენ. პირიქით, ხდება მსოფლიოს დაქუცმაცება ცივილიზაციურ ბლოკებად და კულტურულ თუ ეთნიკურ ანკლავებად. წარმოდგენა კულტურული ერთობისა და გლობალური კულტურის შესახებ, აგრეთვე, მითია.ზოგ სკეპტიკოსს მიაჩნია, რომ „გლობალიზაცია“ საერთოდ წარმოადგენს მოხერხებულ პოლიტიკურ თეზისს, რომელიც გამოიყენება არაპოპულარული ორთოდოქსური ნეოლიბერალური ეკონომიკური სტრატეგიების გასამართლებლად.
Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9