1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტრა ტრე ტრი ტრო ტრუ

ტრანსფორმაციონალისტური თეზისი

საფუძვლად უდევს იმის რწმენა, რომ ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე გლობალიზაცია წარმოადგენს იმ სწრაფი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომლებიც სახეს უცვლიან თანამედროვე საზოგადოებებსა და მსოფლიო წესრიგს. ამ წარმოდგენის მხარდამჭერთა აზრით, გლობალიზაციის თანამედროვე პროცესები ისტორიულად იმდენად უპრეცენდენტოა, რომ საზოგადოებები და მთავრობები მთელს მსოფლიოში იძულებულები არიან შეეწყონ მსოფლიოს, რომელშიც უკვე აღარ არსებობს მკაფიო განსხვავება საერთაშორისო და შინაგან, საგარეო და საშინაო ურთიერთობებს შორის. ამ თვალსაზრისით, გლობალიზაცია წარმოადგენს მძლავრ გარდამქმნელ ძალას, რომელიც პასუხისმგებელია იმ „მასიურ შერყევაზე“, რომელსაც განიცდიან საზოგადოებები, ეკონომიკები, მართვის ინსტიტუტები და მსოფლიო წესრიგი. ტრანსფორმაციონალისტთა წარმოდგენით გაუგებარია, სად შეიძლება მიგვიყვანოს ამ „შერყევამ“, რადგანაც გლობალიზაცია წარმოადგენს შემთხვევით, ძნელად გასათვალისწინებელ, წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიულ პროცესს. სკეპტიკოსებისა და ჰიპერგლობალისტებისაგან განსხვავებით, ტრანსფორმაციონალისტები არ განსაზღვრავენ გლობალიზაციის სამომავლო განვითარების ტრაექტორიას. ისინი აგრეთვე არ ცდილობენ განსაზღვრონ გლობალიზაცია რაღაც მარტივი, მკაფიო, იდეალური „გლობალიზებული მსოფლიოს“ სახით, იქნება ეს გლობალური ბაზარი თუ გლობალური ცივილიზაცია. ისინი უფრო აღიქვამენ მას როგორც გრძელვადიან ისტორიულ პროცესს, რომელიც სავსეა წინააღმდეგობებით და რომელიც დიდწილად ყალიბდება ისეთი ფაქტორების ხარჯზე, რომლებიც გარემოებათა დამთხვევის მეშვეობით აღმოჩნდნენ ერთად. სკეპტიკოსებისა და ჰიპერგლობალისტებისაგან განსხვავებით, ტრანსფორმაციონალისტები ამტკიცებენ, რომ ხდება ახალი „სუვერენული რეჟიმის“ ჩამოყალიბება, რომელიც იკავებს სახელმწიფოებრიობის ტრადიციული კონცეპციის ადგილს. მათი წარმოდგენით დღეს სუვერენიტეტი ნაკლებადაა ტერიტორიულად განსაზღვრული ბარიერი და უფრო ვაჭრობის საშუალებაა იმ პოლიტიკაში, რომელიც განისაზღვრება რთული ტრანსნაციონალური ქსელებით. გარდა ამისა, გლობალიზაცია უკავშირდება აგრეთვე, მძლავრი, ახალი არატერიტორიული ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმების აღმოცენებას გლობალურ სივრცეში, როგორებიცაა მულტინაციონალური კორპორაციები, ტრანსნაციონალური სოციალური მოძრაობები, საერთაშორისო მარეგულირებელი სააგენტოები, და ა.შ.
Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9