1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პარსონსი ტალკოტ (1902-1979)

  1. პარსონსი ანსხვავებს ორ ძირითად პროცესს, რომელიც ხდება ნებისმიერ სოციალურ სისტემაში: ინტეგრაციული და კონტროლის პროცესები, რომლებსაც აქვს კომპენსატორული ეფექტი: ისინი აღადგენენ წონასწორობას დარღვევის შემდეგ, და იცავენ საზოგადოების განგრძობითობას და რეპროდუქტიულობას. მაგრამ, გარდა ამისა, არსებობენ სტრუქტურული ცვლილებების პროცესები, რომლებიც ეხება ღირებულებების და ნორმების ძირითად სისტემებს. სტრუქტურული ცვლილება არის იმ ღირებულებების ცვლილება, რომელიც აკონტროლებს სისტემის ერთეულებს შორის ურთიერთობებს. სტუქტურული ცვლილებები ევოლუციურ მოდელს მიჰყვებიან. პროცესის ყოველი შემდგომი ფაზა გამოირჩევა სირთულის ზრდით, რაც თავის მხრივ გამოიხატება სისტემის შიგნით სპეციალიზირებული ერთეულების რაოდენობის გაზრდით, რასაც მოსდევს თანამშრომლობის, ორგანიზაციის და კოორდინაციის ახალი ფორმების აუცილებლობა. სოციოკულტურული ევოლუცია, ისევე, როგორც ორგანული ევოლუცია მიმდინარეობს შედარებით მარტივიდან უფრო რთული ფორმებისაკენ. ანუ, მთავარი მიმართულება ზოგადი ადაპტიური შესაძლებლობის გაძლიერებაა. მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი მიმართულებაა, რომელიც არ მოიცავს სპეციფიკური ევოლუციური ტრაექტორიის მრავალფეროვნებას. ევოლუცია არის არა მონოლინეარული, არამედ მულტილინეარული. ევოლუციის ყოველი დონე მოიცავს განსხვავებული ფორმების და ტიპების დიდ მრავალფეროვნებას. არსებობს ევოლუციის ოთხი ბაზისური მექანიზმი: დიფერენციაცია, ადაპტაციური გაუმჯობესება, ჩართვა და ღირებულებების განზოგადება (გენერალიზაცია). 1. დიფერენციაციის მექანიზმი, ანუ, სტრუქტურულად და ფუნქციურად ახალი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება. დიფერენციაცია სტრუქტურის ერთეულის ან სისტემის დაყოფაა ორ ან მეტ ერთეულად, ან სტრუქტურად, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან და სისტემისათვის ფუნქციურად მნიშვნელოვანია; 2. ადაპტირებადი გაუმჯობესება ყოველი ახალი ერთეულის ეფექტურობის ზრდაა, მათი უფრო სპეციალიზირებული და ეფექტური მოქმედება ადრეული, უფრო ერთგვაროვანი ერთეულების მოქმედებასთან შედარებით. ადაპტაციური გაუმჯობესება ის პროცესია, რომლის მიხედვითაც უფრო მეტი რესურსებია ხელმისაწვდომი, ანუ, ახალი ერთეულების ფუნქციონირება თავისუფალია იმ შეზღუდვებისაგან, რომელიც ჰქონდა მათ წინმსწრებ ერთეულებს; 3. ჩართვა ის მექანიზმია, რომელიც საჭიროა ახალი ერთეულების და სისტემების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, მათი ჰარმონიული ოპერირებისათვის ახალ კონტექსტში; 4. ღირებულებების განზოგადება საჭიროა მაშინ, როდესაც ხდება ახალი ნორმატიული სტანდარტების ფორმულირება, იმისათვის, რომ ახალი ერთეულები ჩაერთონ საზოგადოებაში და მათ მოქმედებას ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდეს. ეს მექანიზმი მუშობს სოციალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ოთხივე ეს მექანიზმი მოქმედებს ერთად, და ყოველი ცვლილება ამ ოთხი (და სხვა) პროცესის შედეგია. ევოლუციას აქვს შემდეგი ეტაპები-საფეხურები: პრიმიტიული, განვითარებული პრიმიტული და მოდერნული. პრიმიტიული ეტაპი არის მაშინ, როდესაც საზოგადოება მთლიანდ ჰომოგენული და ერთგვაროვანია. განვითარებულ პრიმიტიულ საფეხურზე ხდება ქვესისტემებად დაყოფა: პოლიტიკური ფუნქციები გამოეყოფა რელიგიურს, ხოლო საეკლესიო და საერო ღირებულებები დიფერენცირდება. საზოგადოებაში მონაწილეობა სტრატიფიცირდება, და უფრო მეტი ყურადღება ექცევა მიღწევებს, ვიდრე სოციალურ წარმოშობას. ხდება დამწერლობის გაჩენა, ინფორმაციის აკუმულირება და გადაცემა. საბოლოოდ, ,,საზოგადოების მოდერნული ტიპი წარმოიშობა ერთ ევოლუციურ არენაზე, რომელიც ევროპის არეალია.. .. “ მოდერნულობის ძირითადი, განმასხვავებელი ნიშნებია: 1. საზოგადოებაში ოთხი ქვესისტემის სრული დიფერენციაცია: ადაპტაციური, მიზანზე ორიენტირებული, ინტეგრაციული და მოდელების შემანარჩუნებელი; 2. ეკონომიკის დომინანტური როლი, რომელიც ხასიათდება მასობრივი წარმოებით, ბიუროკრატიული ორგანიზაციით, ბაზრის ყველგან განმსჭვალურობა და ფული, როგორც გაცვლის გენერალიზებული არენა და მედიუმი; 3. კანონის სისტემის, როგორც სოციალური კოორდინაციის და კონტროლის ძირითადი მექანიზმის განვითარება; 4. სტრატიფიკაცია, რომელიც დამყარებულია მიღწევის უნივერსალურ კრიტერიუმზე; 5. სოციალური ურთიერთობების იმპერსონალური, მედიაციური, რთული ქსელების გავრცელება. პარსონსმა თავისი მსჯელობა ევოლუციაზე დაამთავრა დასკვნით: ჩვენს დროში უნდა გამოჩენილიყო ,,წამყვანი საზოგადოება”, რომლიც დაასრულებდა ევოლუციურ პროცესს, და ეს საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატებია. ,,აშშ-მ, ,,პირველმა ახალმა ერმა” უნდა ითამაშოს დაახლოებით იგივე როლი, რასაც ინგლისი ასრულებდა XVII საუკუნეში”.
    Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],
  2. მე-20 საუკუნის სოციალური თეორიის ისტორიაში შემოგვთავაზა სოციალური მექანიზმის შესასწავლი ყველაზე დახვეწილი ფორმალური მიდგომა, რომელიც ორთოდოქსული ჰერმენევტიკული ტრადიციის ფარგლებს სცილდებოდა. საზოგადოების მიმართ თავის „ფუნქციონალისტურ“ მიდგომაში, პარსონსმა კონცეპტუალურად მოიაზრა კულტურასა და მატერიალურ ძალას შორის ურთიერთობა, როგორც ანალიტიკური საფეხურები ერთიან ემპირიულ სამყაროში და არა როგორც შინაგანი გამოცდილება გარეგანი დეტერმინაციის საპირისპიროდ.პარსონსის მიხედვით, მონაწილეები ითავისებენ მნიშვნელად წესრიგს (კულტურული სისტემა) რომელიც უფრო ზოგადია, ვიდრე სოციალურ ურთიერთობათა კომპლექსი (სოციალური სისტემა) და რომელთა ნაწილს ისინი ასევე წარმოადგენენ. ეს ანალიტიკური არგუმენტი, ერთი მხრივ, ნიშნავს, რომ ყოველი სოციალური აქტი აკონკრეტებს უფრო ფართო კულტურულ მოცემულობას. სოციალური ქმედება არ უნდა განიხილებოდეს მექანისტურად, რადგანაც მისი კულტურული ასპექტი ყოველთვის აქტუალურია. მეორე მხრივ, მოქმედება ასევე სოციალურია და არა მხოლოდ კულტურული სისტემის ნაწილი; აქ იდეალისტური პერსპექტივა უარიყოფა. იმდენად, რამდენადაც პარსონსი ასევე აღიარებს მესამე ანალიტიკური სისტემის არსებობას, რომელსაც წარმოადგენს პიროვნება, ის ამბობს, რომ ვერც კულტურული კოდები და ვერც სოციალური დეტერმინიზმი აკნინებს ფსიქოლოგიური იმპერატივების მნიშვნელობას.ქმედება არის სიმბოლური, სოციალური და მოტივაციური ერთსა და იმავე დროს. სრული ემპირიული ანალიზის ჩასატარებლად, მკვლევარმა უნდა შეისწავლოს სამივე ანალიტიკურ სისტემას შორის კონკრეტული ურთიერთმიმართება. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის ეს ანალიტიკური ავტონომია მნიშვნელოვანია ნებისმიერ ემპირიულ „კონკრეტულ“ მომენტში, ის მაინც არის ინსტიტუციური ფაქტორების გავლენის ქვეშ. პარსონსის ხედვა კულტურული, სოციალური და ფსიქოლოგიური სისტემების ანალიტიკური ავტონომიის შესახებ გვთავაზობს ერთგვარ გამოსავალს მექანისტურსუბიექტივისტური დიხოტომიიდან. აქ კულტურას შედარებით ავტონომიური სფერო ენიჭება, მაგრამ არა სრული ავტონომია.პარსონსის თანახმად, ფუნქციონალური ანალიზი უნდა ეხებოდეს კულტურის „ინსტიტუციონალიზაციას“, თუ როგორ ხდება კულტურა სოციალური სისტემების რეალური სტრუქტურების ნაწილი. ინსტიტუციონალიზაციაზე ეს ფოკუსი, პარსონსის მიხედვით, საგრძნობლად დაავიწროებს სოციოლოგების კულტურულ ინტერესს. ისინი თავისი შესწავლის საგნად გაიხდიან ღირებულებებს და არა სიმბოლურ სისტემებს. ღირებულებები დაგვეხმარება სიმბოლურ-აბსტრაქტული ფორმით ვიმსჯელოთ ცენტრალური ინსტიტუციონალური პრობლემების შესახებ. ისინი შეეხებიან ისეთ საკითხებს როგორც არის თანასწორბა - უთანასწორობა, სპონტანურობა – დისციპლინა, ავტორიტეტისადმი მორჩილება – კრიტიკული ქმედება, საზოგადოებრივი საკუთრება - კერძო საკუთრება. პარსონსის მიხედვით, ნორმატიული წარმოდგენები ყალიბდება სწორედ ასეთი კონკრეტული საკითხების ირგვლივ. მონაწილეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ რეალურ ალტერნატივებს შორის. არჩევანის გაკეთების შემდგომ ნორმატიული ან ღირებულებითი სტანდარტები იკვეთება. ინსტიტუციონალიზაცია ნიშნავს, რომ ერთი ან მეორე სტანდარტი გადაიქცევა მონაწილის როლის დამახასიათებელ ნიშნად. ინდივიდისთვის, ჯგუფისთვის ამ ინსტიტუციონალიზებული ღირებულებიდან გადახვევა სანქციით რეგულირდება/ისჯება; ხოლო ღირებულებისადმი დამორჩილებას მოყვება ჯილდო. ღირებულებითი ანალიზის პერსპექტივიდან ინსტიტუტების განხილვა ბევრის მომცემია, თუმცა არ უნდა მოხდეს კულტურული ანალიზის ჩანაცვლება ამ მიდგომით. ღირებულებითი ანალიზის დროს, ინტერპრეტაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ მნიშვნელობებით რომელთა ინსტიტუციონალიზაციაც არის შესაძლებელი. შედეგად, ის ცნებები რომლებსაც ღირებულებითი ანალიზი იყენებს, მნიშვნელობის ანალიზის დროს ეყრდნობა მექანისტურ, წმინდად სოციალური ანალიზისთვის შემუშავებულ ლექსიკას.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9