1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრესის თავისუფლება

  1. E. Freedom of press
    დემოკრატიულ საზოგადოებაში პრესას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება, ვინაიდან პრესის თავისუფლება საზოგადოებრივი აზრის გამოვლენისა, და ფორმირების საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, პოლიტიკური დებატები - დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. პრესას აკისრია პოლიტიკური და სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გავრცელების მისია. თუ პრესას ინფორმაციის გავრცელების ამოცანა აკისრია, საზოგადოებას, თავის მხრივ, აქვს უფლება, მიიღოს იგი. პთ მნიშვნელოვან სტატუსს იძენს, თუ მისი მეშვეობით განსაკუთრებული ინტერესის მქონე საკითხები შუქდება. პრესამ არ უნდა გადააჭარბოს იმ საზღვრებს, რომლებიც დადგენილია სხვასთან ერთად, სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. პთ-ის კონტექსტში დიდი ყურადღება ეთმობა ისეთ პუბლიკაციებს, რომლებიც ვარაუდს ან ჭორს ეყრდნობა. ჟურნალისტური ინფორმაციის წყარო ასევე ექცევა ამ უფლების დაცვის ქვეშ. ბეჭდვის თავისუფლების ერთ-ერთი ფუძემდებლური პირობა ჟურნალისტური ინფორმაციის წყაროა, ვინაიდან დაუცველობის შემთხვევაში ინფორმაციის წყაროები მას ვერ შეუწყობენ ხელს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებით ინფორმირებაში. პთ დაკავშირებულია როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებასთან. თავის მხრივ, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება არ უშლის ხელს სახელმწიფოს, შემოიღოს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინოწარმოების ლიცენზირება. სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს სალიცენზიო მოთხოვნები და პრაქტიკა. ეროვნულ ხელისუფლებას ლიცენზირების მექანიზმის შემოღება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეუძლია, და ეს ზომები ხელს არ უნდა უშლიდეს გამოხატვის თავისუფლებას (გარდა შეზღუდვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა). აუდიოვიზუალურ საშუალებებზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესება ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ამგვარი მონოპოლიზაცია არ არის აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისათვის და არ შეიძლება გამართლებული იყოს გადაუდებელი სოციალური მოთხოვნებით. საზოგადოებრივ მოთხოვნათა მრავალფეროვნება არ შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ ერთი სამაუწყებლო კომპანიის ძალების მეშვეობით. დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს წყაროების მრავალფეროვნება, რათა პლურალიზმის პრინციპები იქნეს დაცული. პრესის თავისუფლების შინაარსი მოიცავს ასევე მასობრივი ინფორმაციის აუდიოვიზუალური მასობრივი საშუალებების მეშვეობით გაშვებულ კომერციულ რეკლამასაც. თუმცა ამ სფეროში სახელმწიფოს, შეზღუდვების შემოსაღებად, ბევრად უფრო მეტი უფლებები აქვს. ეროვნული სასამართლო საქმიანობის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის მორალური ფასეულობები, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის საწინდარია. ბავშვებისათვის განკუთვნილი რეკლამა არ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მათ ზიანს მიაყენებს. ასეთმა რეკლამამ უნდა გაითვალისწინოს ბავშვების ფიზიკური, ფსიქიკური თუ სულიერი განვითარების დონე. სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს პრესის თავისუფლებაზე, იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვები ემსახურება კანონიერ მიზანს, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებისა ან სასამართლო ხელისუფლებისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნებისათვის (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა შესახებ, მე-10 მუხ.).
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  2. იმისდა მიუხედავად, თუ როგორია პროფესიული მედიის ფუნქცია, მისი უპირველესი მისია არის კომუნიკაციის თავისუფლების გამოყენება, რათა ხალხმა მიიღოს ინფორმაცია გარე სამყაროზე საკუთარი დაკვირვებების შესახებ. სწორედ ეს თავისუფლებაა ერთ-ერთი იმ რამოდენიმე ე.წ. ,,აბსოლუტურ” უფლებათაგანი, რომლის საჭიროებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანთა საზოგადოების არსებობა, შესაბამისად, ადამიანთა მოდგმის გადარჩენა. როგორიც არ უნდა იყოს დიქტატურა, საერო თუ თეოკრატიული, მონარქიული თუ იმპერიული, სამხედრო თუ კოლონიალური, ბურჟუაზიული თუ პროლეტარული - ის ყოველთვის ზღუდავს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას. ამდენად, თავისუფლება იქცა დემოკრატიის სიმბოლურ ფაქტორად. უთუოდ ღირს გავიმეოროთ, რომ როგორც არ არსებობს ჭეშმარიტი თავისუფლება შეზღუდვების გარეშე, ასევე შეუძლებელია პასუხისმგებლობის არსებობა თავისუფლების გარეშე. პროფესიულ მედიას ესაჭიროება ჩაურევლობა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მედია მფლობელის მხრიდან. მას აგრეთვე ესაჭიროება ,,ეკონომიკური” დამოუკიდებლობა: სათანადო ანაზღაურების გარეშე ჟურნალისტს გაუჭირდება, გაუძლოს კორუფციის ცდუნებას ,,ყველას აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, დაუბრკოლებლად მისდევდეს თავის მრწამსს და მოიძიოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”, - ასეთია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-19 მუხლი. გვიანი მე-19 საუკუნის ტექნოლოგიამ და მოგვიანებით ელექტროობამ მედიის უზარმაზარი ექსპანსია გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, კონცეპტუალური რევოლუციის საჭიროება შექმნა. წლების მანძილზე ,,პრესის თავისუფლება” აღიქმებოდა საყოველთაო უფლებად. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ცენზურას ბოლო მოეღო და იმ დრომდე, ვიდრე პერიოდული გამოცემისათვის მცირე თანხა იყო საკმარისი, ,,პრესის თავისუფლება” მართლაც არსებობდა. მოგვიანებით ფასების ესკალაციამ თავისუფლება ნეგატიური გახადა: გასაყიდად გამოტანილ სხვადასხვა გაზეთებს შორის მოქალაქეს შეეძლო, უგულველეყო ის გამოცემა, რომელიც მის მოთხოვნილებებს არ პასუხობდა ან სამყაროს მისთვის მიუღებელი კუთხით წარმოაჩენდა. ასე მაგალითად, 1945 წლიდან მოყოლებული ბევრ ქალაქში გაზეთების რაოდენობა ერთამდე შემცირდა. ახალი ყოველდღიური გაზეთის გამოცემა მილიონობით დოლარი ჯდება. შედეგად, ,,პრესის თავისუფლება” მოქალაქეთა უფლება კი აღარ არის, არამედ პლუტოკრატთა და მთავრობის პრივილეგიაა. ამიტომაც აღმოცენდა ახალი კონცეფცია. ის პირველად ანგლო-საქსურ და სკანდინავიურ დემოკრატიებში აღმოცენდა. ამ ქვეყნებში არსებობს ფასეულობებთან დაკავშირებული კონსენსუსი, პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მონაცვლეობის ტრადიცია; რაც შეეხება ახალი ამბების მედიას, არსებობს თავისუფლებისა და ზომიერი აგრესიულობის ტრადიცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ქვეყნებში ოპოზიციაცმხარდამჭერებიც და ჟურნალისტებიც კარგად არიან ინტეგრირებული პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრესის თავისუფლებას უკვე განსაზღვრავენ არა როგორც უბრალოდ პოლიტიკური თუ სხვაგვარი ცენზურის არარსებობას, არამედ მისაღწევი მიზნის გაცხადებას: დაკმაყოფილდეს თითოეული მოქალაქის უფლება - იყოს კარგად ინფორმირებული. ინფორმირების უფლება კი მედიის ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
    Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9