1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოსტმოდერნიზმი და პოსტმოდერნი

ეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი სრულიად განსაზღვრული სტილია, რომელსაც ზოგჯერ გვიანდელ მოდერნს მიაკუთვნებენ, ხოლო როდესაც საუბარია პოსტმოდერნზე, იგულისხმება არა რაღაც ვიწრო სტილისტური მიმდინარეობა, არამედ ისტორიული ვითარება, სიტუაცია, რომელშიც ყველა აღმოვჩნდით, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია ჩვენი იდეები, შეხედულებები, გეოგრაფიული მდებარეობა, გემოვნება, ასაკი თუ სქესი. ამდენად, თუ პოსტმოდერნიზმი მიეკუთვნება უპირატესად კულტურას, პოსტმოდერნი – ისტორიას, პოსტმოდერნიზმი სუბიექტურია, ხოლო პოსტმოდერნი ობიექტურად ჩამოყალიბებული ვითარებაა. ამ ახალი პოსტმოდერნული ეპოქის ჩამოყალიბება სათავეს იღებს XX საუკუნის სამოციანი წლებიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა მასობრივ სტუდენტურ გამოსვლებს ევროპის, და არა მარტო ევროპის, ბევრ ქვეყანაში. სტუდენტები აუჯანყდნენ არაეფექტურ მოძველებულ პოლიტიკურ, სოციალურ რეჟიმს. შესაცვლელი გახდა არა მარტო პოლიტიკა, არამედ საერთოდ მოდერნისტული არსებობის წესი, მიდგომები, პრიორიტეტები. თავისი უფლებებისთვის და თვითდამკვიდრებისთვის მოგვიანებით გამოვიდნენ ქალები, სექსუალური უმცირესობები. პოსტმოდერნის ეპოქისადმი არაერთგვაროვანი მიდგომაა. იურგენ ჰაბერმასი მიიჩნევს, რომ პოსტმოდერნი – ეს არის დაუმთავრებელი მოდერნი. დღეისთვის, მისი აზრით, მოდერნმა თავის პიკს მიაღწია და არ შეიძლება ლაპარაკი სრულიად ახალ და განსხვავებულ პარადიგმაზე. ნიუ ეიდჟიც უარყოფს პოსტმოდერნისტული ეპოქის არსებობას. ის, რაც დღეს ხდება უეჭველად მოდერნია, რაზედაც მეტყველებს თვით ამ მოძრაობის დასახელება, რომელიც ემთხვევა მოდერნს და უბრალოდ მის გვიანდელ ფაზაზე მიუთითებს. ბოდრიარი მოდერნს უწოდებს „სცენის ეპოქას“, ვინაიდან მასში ყველა მოვლენა მიისწრაფოდა თვითწარმოდგენისთვის, როგორც სცენაზე, რის დაგვირგვინებას ტელევიზია წარმოადგენს. პოსტმოდერნული მიდგომა ეს პირველ რიგში იმის გაგების ტოლფასია, რომ ყველაფერი არ შეიძლება იყოს წარმოჩენილი. დენიელ ბელიც არ იზიარებს პოსტმოდერნისტული ეპოქის თავისებურებას. წარმოადგენს რა ტექნოკრატიის დამცველს, ის მიიჩნევს, რომ პოსტინდუსტრიული საზოგადოება საწარმოო ურთიერთობების განვითარების ისეთი სტადიაა, როდესაც ქრება ყველა ისტორიული სოციალურ–ეკონომიკური წინააღმდეგობა ტექნიკის განვითარების შედეგად. ანუ ბელი პოსტმოდერნისტულ ეპოქას აიგივებს პოსტ-ინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებასთან, რასაკვირველია პოსტ-ინდუსტრიული საზოგადოება პოსტმოდერნის ერთ-ერთი აუცილებელი და თანმყოლი მოცემულობაა, მაგრამ პოსტმოდერნი მაინც მასზე არ დაიყვანება. პოსტმოდერნის გამოწვევებმა ენთუზიაზმი გამოიწვიეს „ახალ მემარჯვენეებში“ (ა. მელერი. ა. დე ბენუა, რ. სტოიკერსი და სხვა). ისინი სიხარულით აღნიშნავენ, რომ დამთავრდა პრინციპების განუყოფელი ბატონობის ეპოქა. თუმცა სწორედ განმანათლებლობის დიადი პროექტის შელახვა აწუხებს ი. ჰაბერმასს. ის ბრალს სდებს პოსტმოდერნის მხარდამჭერებს რენეგატულობაში და ფაშიზმშიც კი. მთლიანად უარყოფს რა პოსტმოდერნს, ის მასში ხედავს პრე-მოდერნის დაბრუნებას. უმბერტო ეკოს აზრით, პოსტმოდერნისტული ხედვის ნიშნები ყველა ეპოქას ახასიათებს სულიერი კრიზისის პერიოდში. სწორედ ამ დროს ხდება ინდივიდუალური სუბიექტის გამწირება, რის შედეგადაც იკარგება ტრადიციის დამცავი პიროვნული სტილი. პოსტმოდერნიზმი ჩვეულებრივ ითვლება ისეთი კულტურის ქმნილებად, რომელსაც არ გააჩნია აბსოლუტი, ზუსტი განსაზღვრებები ან საფუძვლები. მას ახასიათებს შეხედულებების პლურალიზმი და განსხვავებულობა. მოხდა განმანათლებლობის იდეალების გაუფასურება ან უფრო სწორედ მათი გატოლება ნებისმიერ სხვა იდეალებთან. აზროვნებამ დაკარგა უნარი და რწმენა იმისა, რომ სამყაროს შეცნობა ძალუძს. საზოგადოდ აზროვნებამ დაკარგა პრიორიტეტი და ინტუიციამ თავისი უფლებები დაიბრუნა. უპირატესობის მინიჭების აუცილებლობა გაქრა და ტრადიციულმა, ძველმა, არქაულმა ისეთივე ძალა შეიძინა, როგორც თანამედროვემ. პოსტმოდერნიზმი დემოკრატიული ხელოვნებაა იმ აზრით, რომ წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული აზროვნების ასახვას. ამავე დროს პოსტმოდერნიზმის განურჩევლობა სტილების, ჟანრების მიმართ, ისევე როგორც გულგრილობა შეფასებებისადმი და მასობრივი კულტურის მიმღებლობა ნებისმიერი სხვა კულტურის გვერდით სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პოსტმოდერნიზმი თავადაა მასობრივი კულტურა. მასობრივი კულტურა სრულიად სხვა მოვლენაა და წარმოადგენს სწორედ მოდერნიზმის პროდუქტს, მის ქმნილებას. ის ხელოვნების ერთ-ერთი დარგია თავისი ამოცანებით, გამოხატვის ფორმებით. საინტერესოა ის, რომ სხვადასხვა ჟანრები იმდენად ურთიერთშეღწევადი გახდა, რომ ხშირად ე.წ. მაღალი ხელოვნების ნაწარმოები მასობრივი კულტურის ბევრი ელემენტის მატარებელი ხდება. ადგილი აქვს „ორგვარ კოდირებას“ ანუ მხატვრული ნაწარმოები ხდება მისაღები როგორც მასობრივი მომხმარებლისთვის, ისე ელიტარულისთვის. პოსტმოდერნიზმის ტიპიური ნაწარმოებებია, ბოლო წლებში ეგზომ პოპულარული მწერლების აკუნინის, პელევინის, მ. პავიჩის წიგნები. პოსტმოდერნიზმი არც მასობრივი ხელოვნებაა და არც ელიტარული. ის უბრალოდ ხელოვნებაა.
Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9