ერნესტ რენანის თანახმად, „უპირველესად არის პოლიტიკური პრინციპი, რომელიც მოითხოვს, რომ პოლიტიკური და ნაციონალური ერთიანად, ჰარმონიულად უნდა არსებობდნენ“. ნაციონალიზმის თანახმად, ცალკეული „ერები“ და შესაბამისად „ეროვნული გრძნობა“ ათასწლეულების მანძილზე არსებობს. ისტორიის მოხმობა სამყაროს ნაციონალისტური ხედვის ცენტრალური ნაწილია. მუდმივად იხმარება „ძველის“, „პირველმოსახლის“, „ტრადიციულის“ ცნებები. მაგრამ საკუთრივ დოქტრინა შედარებით ახალი შექმნილია და იგი წარმოადგენს XVIII ს. მიწურულსა და XIX ს. I ნახევარში საერთაშორისო სისტემის შეცვლის შედეგს. სიტყვა „ნაცია“ ანდა მისი ექვივალენტები, მრავალი საუკუნეა, რაც არსებობს და სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ იმას, რასაც დღეს უნდა ვუწოდოთ ტომები, ხალხები, მონარქის ქვეშევრდომთა ჯგუფები, თემები. თემის, საზოგადოების გარკვეული იდეა, მისი საკუთარი ისტორიითა და იდენტურობით, და ხშირად საკუთარი ენითა და რელიგიით, ნებისმიერ კულტურაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, ტერმინ „ნაციისა“ და მასთან ასოცირებული „ნაციონალიზმის“ დოქტრინის თანამედროვე სახით გამოყენება XVIII ს-დან იწყება. ჩანს, რომ იგი შეიქმნა სამი გამოცალკევებული, მაგრამ ურთიერთკავშირში მყოფი ფაზის შედეგად. პირველი ფაზა ასოცირდება განმანათლებლობასთან და უპირველესად საზოგადოებათა თვითგამორკვევის პრინციპთან. ეს არის იდეა, რომლის თანახმადაც ხალხის ჯგუფს გააჩნია გარკვეული საერთო ინტერესები და მან უნდა გამოხატოს საკუთარი სურვილი თუ როგორ შეიძლება საუკეთესო გზით ამ ინტერესების განხორციელება. ძველი საბერძნეთიდან წამოსული პოლისის, ანუ პოლიტიკური საზოგადოების იდეაზე დაყრდნობით, ყველაზე სრულყოფილად ეს იდეა ჟან ჟაკ რუსომ გამოხატა. მან შექმნა დემოკრატიისა და უმრავლესობის მმართველობის ლეგიტიმურობის თანამედროვე იდეების საფუძველი. გვიანდელი დემოკრატი მოაზროვნეები, უპირველესად ჯონ სტიუარტ მილნი, მას უმატებენ წარმომადგენლობით ხელისუფლებას, როგორც პოლიტიკური სისტემის ყველაზე სასურველ ფორმას: თუკი მოხდება წარმომადგენლობითი ხელისუფლების, როგორც ინდივიდუალური თვითგამორკვევის პრინციპის კოლექტიური ფორმის საშუალების რეალიზაცია, აქედან მეტად მცირე გზა რჩება გასავლელი ერთა თვითგამორკვევის იდეამდე. მეორე ფაზა ნაციონალიზმის იდეის ევოლუციისა საფრანგეთის რევოლუციიდან მომდინარეობს. მონარქიის ოპოზიცია საკუთარ თავის აღსანიშნავად იყენებდა ტერმინს „ნაცია“, რომელშიც იგულისხმებოდა მთლიანად ფრანგი ხალხი დამოუკიდებლად მანამდე არსებული წოდებებისა და სტატუსისა. ამ შემთხვევაში „ნაციის“ კონცეფცია უპირველესად გამოხატავს ერთიან, თანასწორუფლებიან მოქალაქეობას, ხალხის ერთიანობას. რევოლუციის ლოზუნგი „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ სწორედ ამ იდეიდან იყო ამოზრდილი. ამდენად, „ნაციის“ კონცეფცია დაკავშირებული იყო სახელმწიფოთა შიგნით მცხოვრებთა თანასწორობასთან, დემოკრატიის ადრეულ კონცეფციასთან. საფრანგეთში მიმდინარე ამ ევოლუციასთან ერთად დაიწყო მსგავსი პროცესები ამერიკაში, რაც გამოიხატა ჩრდილოეთში ამბოხით ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ (1776-83) და მოგვიანებით ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლით სამხრეთში (1820-22). აქ ამბოხის საფუძველი პოლიტიკური იყო – ბრძოლა ევროპის იმპერიული ცენტრებისაგან დამოუკიდებლობისათვის, პოლიტიკური უფლებებისათვის და საზოგადოების თვითგამორკვევისათვის. „ნაციის“ ამ დემოკრატიულ და პოლიტიკურ კონცეფციას შეუერთდა მისი მესამე ფაზა, საბოლოო კომპონენტი – გერმანული რომანტიკული იდეა Volk-ის ანუ ხალხისა. რაც გულისხმობს, რომ საზოგადოების ერთიანობა ეფუძნებოდა არა იმდენად პოლიტიკურ იდენტურობას, რამდენადაც ისტორიას, ტრადიციასა და კულტურას. Volk-ის იდეის თანამხმად, როგორც მას ქადაგებდნენ მაგალითად ჰერდერი და ფიხტე, კაცობრიობა დაყოფილია ცალკეულ ხალხებად, რომელთა შორის განსხვავებები და მათი იდენტურობა უნდა გამოვლინდეს კვლევის საშუალებით და ამგვარად შესაძლებელი გახდება თითოეული ხალხის ხასიათისა და განსაკუთრებულობის დადგენა. სწორედ ამ სამი ფაზისაგან შეიქმნა ის პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც დღეს ნაციონალიზმს ვუწოდებთ. იგი ალბათ ყველაზე მკაფიოდ იტალიელმა ჯუზეპე მაზინიმ წარმოაჩინა. მისი რწმენით, ერებს გააჩნიათ საკუთარი ეროვნული ტერიტორიები და უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი. იტალიის შემთხვევაში ლაპარაკი იყო დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანებაზე. მაგრამ მაზინიმ ხმარებაში ასევე შემოიტანა ორი სხვა ელემენტი, რომლებიც შევიდნენ ნაციონალიზმის თანამედროვე კონცეფციაში. პირველი წარმოადგენს ერის მორალურ კონცეფციას, რომლის თანახმადაც თითოეული ინდივიდი არა მხოლოდ ეკუთვნის ერს, არამედ მოვალეცაა დაემორჩილოს ერის ნებას. ამ გზით ერთგულების, პატრიოტიზმის, საზოგადოებასთან იდენტიფიცირების ადრეული კონცეფციები თანამედროვე სახელმწიფო სისტემის ნაწილი გახდა. მაზინის მეორე იდეას წარმოადგენს „ნაციების ოჯახის“ კონცეფცია: თუკი მსოფლიო დაყოფილია ერებად, მაშინ მათ იდენტიფიცირებისა და თვითგამორკვევის გზით, შეუძლიათ მიაღწიონ დამოუკიდებლობას. მისი თვალსაზრისით, ყოველივე ამის შედეგი იქნება მშვიდობა ერებს შორის ამ ახალ საფუძველზე. ფრანგი ერნესტ რენანისათვის კი ნაციონალიზმი იყო „ყოველდღიური პლებისციტი, პროცესი, რომლითაც ისტორიულად ჩამოყალიბებულ საზოგადოებას მუდმივად შეუძლია საკუთარი იდენტურობა და ნება გამოხატოს განგრძობადი არსებობის, თვითგამორკვევისა და სურვილების საშუალებით.“
Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001