XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე საზოგადოებში მომხდარი ისტორიული, სოციალური, ფსიქოლოგიური ცვლილებანი ლიტერატურაშიც აისახა; შედეგად კი მივიღეთ რთული, მრავალგანზომილებიანი, წინააღმდეგობრივი ლიტერატურული მიმართულება, რომელიც „პოსტმოდერნიზმის“ სახელით არის ცნობილი. ლიტერატურათმცოდნეები დღემდე ვერ შეთანხმებულან არათუ პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ, არსებით ნიშან-თვისებებთან, არამედ ტერმინთან დაკავშირებითაც კი. მათი ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ლიტერატურული მოვლენა ქრონოლოგიურად ავანგარდიზმს მოსდევს, მას ეფუძნება და, ამდენად, უფრო გამართლებულია მასთან მიმართებით ტერმინ „პოსტავანგარდიზმის“ გამოყენება (2, 76). თუმცა, ტერმინი პოსტმოდერნიზმი უფრო გავრცელებულია და დამკვიდრებულია სამეცნიერო მიმოქცევაში. დღესდღეობით პოსტმოდერნიზმი ჩამოყალიბებული სახით არსებობს როგორც ამერიკულ და დასავლეთევროპულ ლიტერატურებში, ასევე ყოფილ პოსტსაბჭოურ სივრცეში (აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთი, ბალტიისპირეთი, საქართველო...). პოსტმოდერნიზმი ყველა ქვეყანაში ეროვნული ნიშნით ვითარდებოდა, თუმცა ლიტერატურის თეორეტიკოსები მასში ორ ძირითად მოდიფიკაციას გამოყოფენ: ა) დასავლურს, რომელსაც ახასიათებს: მჭიდრო კავშირი პოსტმოდერნისტულ თეორიასა და ფილოსოფიასთან; ენისა და მხატვრული სახეების ცენტონურობა, რომელიც გარდაიქმნება სიმულაკრების ჰიბრიდულ-ციტატურ ენად; ოპტიმისტური ტონი (შედარებით გვიანდელი პერიოდისთვის) და ბ) აღმოსავლურს, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლური ლიტერატურის ახალი ტენდენციების შესახებ სრული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში. იგი ვითარდებოდა და იძენდა აშკარა ეპატაჟის ხასიათს „სახელმწიფო ხელოვნების“ - სოცრეალიზმის ნორმების მიმართ. ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ ტოტალიტარიზმმა და მკაცრად რეგლამენტირებულმა ინფორმაციულობამ განაპირობა აღმოსავლური მოდიფიკაციის დამოუკიდებელი, თავისთავადი ხასიათი (4, 42-55). ქართულ მწერლობაში XX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან იკვეთება პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, რაც ვლინდება ინტერტექსტუალობაში, დემითოლოგიზაციაში, ფსევდოციტატურობაში, ტექსტის მეტაფორიზაციაში, „ავტორის ნიღბის“ გამოყენებაში, ტექსტის რიზომატულობაში, ე. წ. „ძმაბიჭობის“ ხერხში და სხვა.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008
მეოცე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის პოპულარული მიმდინარეობა.მრავალი მკვლევარი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „პოსტმოდერნიზმმა ჩამოაყალიბა განსაკუთრებული, სპეციფიური მენტალიტეტი, რომელიც ახასიათებს თანამედროვეობას, და იგი იქცა მასების შემეცნების ერთგვარ დუღაბად“ (პოვჟირენკო 2004: 10).
XXI საუკუნის დასაწყისში პოსტმოდერნიზმი, რომელიც ათასწლეულთა მიჯნაზე სოციალურ-კულტურულ ფენომენად გადაიქცა, სწრაფად იძენს სიმწიფის ნიშნებს და თანამედროვე კულტურის ყველა სფეროს მოდის ახალ ნიშნებს კარნახობს. პოსტმოდერნიზმის ეს გავლენა ცხადია ყველაზე ნათლად სწორედ სარეკლამო სფეროში წარმოჩინდება და თავის ასახვას ჰპოვებს საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც. უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ორი ცნება - „პოსტმოდერნი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მოდერნის შემდგომ პერიოდს და პოსტმოდერნიზმი - რაც წარმოადგენს კულტურის თვითშეგნებას, მიმართულებას მოცემულ ისტორიულ ეპოქაში“ (ლექსიკონი 2004: 39).
პოსტმოდერნიზმი არის საზოგადოების ხაზგასმულად გამოკვეთილი, გაურკვეველი მდგომარეობა; ადამიანთა ცხოვრების ხასიათი იძენს გლობალური და ფრაგმენტული საზოგადოების თვისებებს, სადაც არ არსებობს შეფასების აბსოლუტური წესები და კრიტერიუმები. პოსტმოდერნიზმი უარყოფს განმანათლებლობის იდეებს და საზოგადოების სრულყოფას რაციონალური აზროვნების საშუალებით. პოსტმოდერნისტების აზრით „საზოგადოების წვდომა რაციონალური გზით შეუძლებელია, რადგან საზოგადოება მუდმივ ცვლილებებშია“ (ლოუსონი 2002: 334).
ფართო კონტექსტში პოსტმოდერნიზმში იგულისხმება „ცივილიზაციის გლობალური მდგომარეობა უკანასკნელ ათწლეულებში, კულტურული ზედნაშენისა და ფილოსოფიურ ტენდენციათა მთელი ჯამი“ (ვაინშტეინი 1993: 31), პოსტმოდერნიზმის დამახასიათებელი ნიშნებია: ტრადიციული ფორმების ნგრევა, ციტატურობა, ინტერტექსტუალობა, მორალთან დაკავშირებით მარგინალურობის გამოვლენა, კანონების უარყოფა, გაურკვევლობა, სამყაროს აღქმა როგორც მუდმივად ცვალებადი, ამორფული, პოლივარიანტული რეალობისა. ზოგიერთი მკვლევარი პოსტმოდერნიზმში გამოჰყოფს შემდეგ ნიშნებს:
1.გაურკვევლობა; ორაზროვნება.
2. ფრაგმენტულობა. მხატვარი პოსტმოდერნისტი ქმნის დეკონსტრუქციებს, არჩევს კოლაჟებს, მონტაჟებს, იყენებს მზა ან დანაწევრებულ ტექსტებს.
3. დეკანონიზაცია, ველა კანონებისა და ნორმების, ეროვნული და რელიგიური პირობითობების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.
4. ზედაპირულობა, გამოკვეთილი სახის არქონა.
5. წარმოუდგენელის წარმოდგენა.
6. ირონია, დამცინაობა.
7. ჰიბრიდიზაცია ან ჟანრების მუტანტური ცვლილებები, გაურკვეველი ფორმების „პარალიტერატურა“, „პარაკრიტიკა“, „არამხატვრული“ რომანის დამკვიდრება.
8. კარნავალიზაცია. კარნავალიზაცია ნიშნავს ენის ცენტრიდანულ ძალას, საგნების „პირობით მხიარულ მიმართებას“, ცხოვრების ველურ აურზაურში, უწესრიგობაში მონაწილეობას, სიცილის იმანენტურობას.
9. პერფორმანსი; თეატრი იქცევა ცხოვრების დეკანონიზაციის არსებულ ნორმად.
10. კონსტრუქტივიზმი. პოსტმოდერნიზმი კონსტრუირებას უწევს რეალობას.
11. იმანენტურობა. თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების მეშვეობით შესაძლებელი გახდა ადამიანის შეგრძნებების განვითარება. შესაძლებელი გახდა მოვიცვათ სამყარო არაცნობიერის საიდუმლოებებიდან დაწყებული კოსმოსის შავი ხვრელებით დამთავრებული და ყოველივე ეს გადავიყვანოთ ნიშნების ენაზე, გარდავქმნათ ბუნება კულტურაში, იმანენტურს ემიოტიკურ სისტემაში (კერიმოვი 2001: 201).
პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსები ცდილობენ დაამტკიცონ ჭეშმარიტების პირობითობა თანამედროვე სამყაროში. პ.ვეინის აზრით, „როგორც ნებისმიერი თანამედროვე საგანი, ჭეშმარიტებაც დაიშალა და მან დაკარგა თავისი ერთიანობა, იგი გაიფანტა, მისი მოძრაობა ერთგვარი გაზვიადებით შეიძლება შევადაროთ, განვსაზღვროთ როგორც ხეტიალი, უაზრო მოძრაობა“ (ილინი 2001: 324).
პოსტმოდერნიზმი ყურადღებას ამახვილებს არა საგნის, მოვლენის ანარეკლზე - არამედ მის კონსტრუირებაზე, სინამდვილის, რეალობის მოდელირებაზე, ხელოვნური რეალობის შექმნაზე. ამ თვალსაზრისით, თავისი სპეციფიკიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ მისადაგებული სწორედ ტელევიზიაა.
პოსტმოდერნიზმი, როგორც მიმართულება ჩამოყალიბდა სწორედ ტელევიზიის სწრაფი და ფართო აღმავლობისა და განვითარების პერიოდში და შეითვისა მრავალი რამ მისი ესთეტიკიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ტელევიზიისათვის დამახასიათებელი მოზაიკური მოწოდების მეთოდი და ინფორმაციის წარმოდგენის მისეული სტილი, ე.წ. „ვიდეოკრატია“, ხედვის ანუ თვალის თავისუფლება. ასე რომ ცნებებს - ხელისუფლება, თავისუფლება, პოსტმოდერნისტულ ეპოქაში ემატება ახალი ცნება - თვალისუფლება.
Source: სჯანი №7 – თბ., შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2006
მსოფლმხედველობა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამყაროს სწორხაზოვნად და „პროგრესირებადად“ აღქმის კუთხეს და მოსაზრებას, რომ საზოგადოებაში ზოგი ჯგუფები სხვებზე მეტად განვითარებულნი არიან. პოსტმოდერნიზმი ამბობს, რომ საზოგადოების განვითარების სწორხაზოვანი ტრაექტორია არ არსებობს და რომ ჩვენი, როგორც ინდივიდების, გამოცდილებები ფრაგმენტირებული და მრავალგვარია. იგი არ არის თანმიმდევრული და სწორხაზოვანი. თუმცა, პოსტმოდერნიზმი ასევე აღიარებს, რომ სამყაროს ხედვისმოდერნული მოდელის დომინანტობის გამო, საკუთარ თავს თანმიმდევრულად და სწორხაზოვნად აღვიქვამთ.
Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
ინტელექტუალური მოძრაობა, აბსოლუტური და უნივერსალური ჭეშმარიტების იდეას უარყოფს და ჩვეულებრივ ყურადღების ცენტრში აქცევს დისკურსს, დებატებსა და დემოკრატიას.
Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
ინტელექტუალური მოძრაობა, აბსოლუტური და უნივერსალური ჭეშმარიტების იდეას უარყოფს და ჩვეულებრივ ყურადღების ცენტრში აქცევს დისკურსს, დებატებსა და დემოკრატიას.
Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.