1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფაბ ფავ ფაზ ფაი ფაკ ფალ ფან ფარ ფას ფაქ ფაშ ფახ

ფაშიზმი

  1. (იტალ. fascismo/fascio – კონა, შეკვრა, გაერთიანება) – მემარჯვენე ექსტრემისტული პოლიტიკური მოძრაობა.
  2. ფაშიზმი I მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა. იგი დაუპირისპირდა იმ დროისათვის გაბატონებულ ისეთ იდეოლოგიებს, როგორიცაა ლიბერალიზმი და სოციალიზმი. ფაშისტები იმის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რომ ლიბერალიზმიც და სოციალიზმიც საზოგადოების წევრებს ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განაწყობდა: ლიბერალები - ინდივიდუალიზმის ხაზგასმით, სოციალისტები კი - სოციალურ კლასებს შორის კონფლიქტის გამწვავებით. ამის საპირისპიროდ ფაშიზმი ინდივიდებსა და კლასებს განიხილავს, როგორც ერთი მთელის, ყოვლისმომცველი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს, შემადგენელ ნაწილებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ მაშინ იყოს ძლიერი, როდესაც ყველა საერთო მიზნებით ერთიანდება ერთი პარტიისა და უმაღლესი ლიდერის წინამძღოლობით. ფაშისტური იდეოლოგიის ბირთვი იტალიაში ბენიტო მუსოლინის (1883-1945), ხოლო გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის (1889-1945) წინამძღოლობით განვითარდა. მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჰიტლერი და მისი მომხრეები ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებდნენ. ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა. მათთვის არ არსებობდა ერთი, ანუ უნივერსალური, ადამიანური ბუნება. მათი აზრით, ყოველ რასას საკუთარი ბედი და მახასიათებელი გააჩნია, ამდენად, ისინი სულაც არ არიან თანასწორნი. კონკრეტულად კი ერთი რასა, არიული (რომლის წარმომადგენლები იყვნენ გერმანელები) ბუნებრივად უფრო ძლიერი, გონიერი და უფრო შემოქმედებითია, ვიდრე ყველა დანარჩენი, და ამ რასის ბედისწერაა, თავის ძალაუფლებას დაუმორჩილოს ყველა სხვა რასა. გერმანული ფაშიზმისათვის უკიდურესი ნაციონალიზმი იყო დამახასიათებელი. ნაციონალიზმი გამოხატულებაა რწმენისა, რომ მსოფლიო ბუნებრივად დაყოფილია სხვადასხვა ერებად ან ხალხად, რომელთაგან ყოველი საკუთარ პოლიტიკურ გაერთიანებაში - ეროვნულ სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტური ტენდენციები მრავალი ერის წარმომადგენლებისათვისაა დამახასიათებელი, ის მაინც ძალზე გაძლიერდა იტალიასა და გერმანიაში - ქვეყნებში, რომლებიც XIX საუკუნის II ნახევრამდე ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბებულან. როგორც ჩანს, ამ გაერთიანების შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილმა დიდი როლი ითამაშა იტალიური ფაშიზმისა და გერმანული ნაციზმის წარმოქმნაში.
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9