1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაერთიანებული ერების წესდება

წესდების პრეამბულის წამახალისებელ პუნქტებში ნათქვამია: „ჩვენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შემავალმა ხალხებმა, რომლებიც მოწოდებულნი ვართ მომავალი თაობების გადარჩენისთვის ომების საშინელებებისგან, რომლებმაც ჩვენი ცხოვრების მანძილზე უკვე ორჯერ მოუტანა კაცობრიობას ენით აღუწერელი ტანჯვა, და ჩვენი რწმენის დასადასტურებლად ადამიანის ძირითადი უფლებების, ადამიანის ღირსების, მამაკაცებისა და ქალების, მცირე თუ დიდი ერების თანასწორი უფლებების მიმართ... გადავწყვიტეთ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება აღნიშნული მიზნის მისაღწევად...“ როგორც ვხედავთ, წესდებაში ხაზგასმულია თანასწორობის ცნება და თითოეული და ყოველი ადამიანის ღირსების პატივისცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნები, როგორც ეს ჩამოყალიბებულია მისი წესდების პრეამბულაში, გამოხატავდა იმ პერიოდის მსოფლიოს აზრს. გაერთიანებული ერების უპირველეს ფუნქციას წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება (მუხლი 1(1)). თუმცა, იყო და არის მიღებული, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საერთო პატივისცემის მიღწევა მშვიდობის შენარჩუნების და კანონის პატივისცემის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებებზე მითითება გაკეთდა ახალი ორგანიზაციის შესაბამის დოკუმენტში (წესდება). ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების განვითარების მიზანი ჩამოყალიბებულია ორგანიზაციის მიზნებში, წესდების პირველ მუხლში: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს: 2. ხალხთა შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპისა და ხალხების თვითგამორკვევის პატივისცემაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობის დამყარება და საყოველთაო მშვიდობის განმტკიცებისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების გატარება; 3. ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების გადასაწყვეტად საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობა და წახალისება ყველასთვის, განურჩევლად რასისა, სქესის, ენისა თუ სარწმუნოების...“ მითითება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებათა დაცვას შორის არსებულ კავშირზე განგებ არის გაკეთებული. როგორც გვიჩვენებს, მაგალითად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ბოლოდროინდელი საქმიანობა, ადამიანის უფლებათა (განსაკუთრებით ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების) დაცვა და ხელშეწყობა კვლავაც მთავარ ფაქტორს წარმოადგენს სტაბილურობის გარანტირებისთვის მსოფლიოს პოტენციურად არამდგრად ნაწილებში (ეუთო-ს საქმიანობა განხილულია ევროპაში რეგიონული დაცვის კონტექსტში – მე-7 თავი). იმ დროისთვის ადამიანის უფლებათა მიმართ მითეთების წესებში შეტანა რადიკალური იყო. ეს ნიშნავს საერთაშორისო სამართლის როლის აღიარებას ინდივიდების უფლებათა დაცვის საქმეში და ხაზგასმით აღნიშნავს საკუთარ მოქალაქეებზე სახელმწიფო იურისდიქციის ექსკლუზიურობის დასასრულის დასაწყისს. ომის შემდგომი პერიოდის ევროპაში ადამიანის უფლებათა პოზიტიური ვალდებულებების დაკისრება ყველა სახელმწიფოზე წარმოუდგენელი იყო, თუმცა კონსტიტუციური გარანტიების დაკისრება „დამარცხებულ“ ქვეყნებზე, მეორეს მხრივ, განიხილებოდა ეროვნული სამართლის მტკიცე საფუძვლის დამყარებად (თუნდაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით), და შესაბამისად მისაღებად (როგორც ეს განხილულია მე-2 თავში).
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9