1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)

ორგანო, რომელსაც ეწოდებოდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია, ამჟამად წარმოადგენს უშიშროების სერიოზულ ორგანიზაციას, რომელშიც შედის ორმოცდათხუთმეტი სახელმწიფო და რომლის საზღვრები გადაჭიმულია „ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე“ (ეუთო-ს სახელმძღვანელო, 2000, გვ. 1). იგი მსოფლიოში უშიშროების უდიდესი რეგიონული ორგანიზაციაა (გაერო-ს წესდების VIII თავში იგი აღიარებულია, როგორც ევროპის რეგიონული მექანიზმი აღნიშნული მიზნებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ მისი მთელი აქცენტი გადატანილია უშიშროებაზე – შეიარაღების კონტროლი, კონფლიქტების თავიდან აცილება, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი უშიშროება – ეუთო ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უშიშროების საკითხებთან დაკავშირებულ ადამიანურ პრობლემებს. ამის ფუნდამენტური პრინციპები წააგავს გაერო-სეულ დასაბუთებას: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და განვითარება განიხილება როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მნიშვნელოვანი ფაქტორი. მიუხედავად ამისა, გაერო-სგან განსხვავებით ეუთო-ს არა აქვს საერთაშორისო სამართლის სუბიექტის სტატუსი. იგი უმთავრესად პოლიტიკური ორგანოა. მისი არსებობა აუცილებელი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორგანიზაცია წარმოიშვა იდეოლოგიურად დაყოფილ ევროპაში და მისი ამოცანა იყო უშიშროებისა და თანამშრომლობის განვითარება კონტინენტზე. პროცესი დაიწყო 1973 წელს ჰელსინკიში, როცა ოფიციალურად გაიხსნა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენცია. თავად კონფერენციაზე დასწრებისა და მასში მონაწილეობის მიღების ფაქტიც კი აღსანიშნავი იყო იმ ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც წინ უძღოდა საერთო შეთანხმების მიღწევას. აშშ-სა და კანადასთან ერთად კონფერენციას დაესწრო მთელი ევროპა (ალბანეთის გარდა). ჰელსინკის კონფერენციის საბოლოო აქტს 1975 წელს ხელი მოაწერა ოცდათხუთმეტი სახელმწიფოს მეთაურმა. დელეგატების გადაწყვეტილებით, კონფერენციამ ჩამოაყალიბა მიზნები და საერთო ნიშნების სფეროები, რასაც ზურგს უმაგრებდა ის მოსაზრება, რომ ყველა დამსწრე სახელმწიფო დაინტერესებული იყო ევროპის უშიშროებაში და შემდგომი კონფლიქტების თავიდან აცილებაში იმ რეგიონში, რომელსაც ოცდაათი წლის განმავლობაში ორჯერ გადაუარა ომის ქარიშხალმა. მონაწილე სახელმწიფოები იძლეოდნენ ერთად მუშაობის პირობას პერიოდული კონფერენციებისა და შეხვედრების დახმარებით. ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, თავად შეხვედრები იყო ერთადერთი მამოძრავებელი ძალა კავშირის დასამყარებლად „რკინის ფარდის“ მიღმა, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს იყო გასაოცრად წარმატებული რამ. ჰელსინკის კონფერენციის მიერ მიღებული საბოლოო აქტის რეკომენდაციათა მესამე პაკეტი დაკავშირებულია თანამშრომლობასთან ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში. ეს ფართო კატეგორია ეხებოდა ადამიანის უფლებებს, განათლებასა და კულტურას: მუხლებში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი, აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის და ასევე თვითგამორკვევის მტკივნეული საკითხი. ცვლილებებისკენ მიმართულ მთავარ სტიმულს წარმოადგენდა მხარეების რეაქცია კომუნიზმის დამხობაზე. 1990 წლის პარიზის ქარტია „ახალი დასაწყისი“ იყო გაერთი ანებული და თავისუფალი ევროპისთვის. მან ეუთო-ს (ჰელსინკი) პროცესის ფორმალიზება აღნიშნა გადაწყვეტილებით ყოველ ორ წელიწადში შეხვედრის მოწვევისა და ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ. 1994 წელს ახალი ინსტიტუციონალური ჩარჩო და მის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები აისახა გადაწყვეტილებაში 1995 წლიდან პროცესის „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ეუთო) ფორმატში დაწყების შესახებ. ეუთო მუშაობდა ევროპაში, რაც წარმოუდგენელი იყო იმ წლებში, რომლებიც წინ უძღვოდა ჰელსინკის პირველ კონფერენციას და მას შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა უჩვეულო/შეუდარებელი გამოწვევა იყო ორგანიზაციისა და მისი აქცენტისთვის უშიშროების საკითხებზე. ეუთო-ს დღევანდელ პრიორიტეტებს შეადგენს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში დახმარება კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით, ადგილობრივი კონფლიქტების თავიდან აცილება და უშიშროების ერთობლივი სისტემის პროპაგანდა. ამ მიზნებისკენ მოძრაობის პროცესში, ეუთო-მ ჩამოაყალიბა საველე მოქმედებათა სისტემა და მთელი რიგი საველე მისიებისა. ეუთო-ს მისიები განლაგებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ტერიტორიებზე. აქ იგულისხმება მისიები ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში, საქართველოში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, ოფისები ერევანში, ბაქოში, ცენტრალურ აზიაში, წარმომადგენლობა ალბანეთში, მონიტორინგის ჯგუფები ბელორუსიაში და საქმიანობა ესტონეთსა და ლატვიაში. დღემდე მისი ერთ-ერთი ყველაზე ფართო მასშტაბური ოპერაციის ადგილია კოსოვო, სადაც ეუთო გაერო-სთან ერთად მუშაობს და სადაც მრავალი სხვა ორგანიაცია თუ ორგანოა წარმოდგენილი. ვინიდან თანამედროვე ევროპაში ეთნიკური კონფლიქტები ფართომასშტაბური ძალადობის უმთავრესი წყაროა, რეგიონში განახლდა ინტერესი ადამიანის უფლებების მიმართ. ეუთო-ს სამუშაოს ადამიანური განზომილება მნიშვნელოვნად გაფართოვდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა დემოკრატიულ დაწესებულებათა და ადამიანის უფლებათა ოფისი, ეროვნულ უმცირესობათა საკითხების უმაღლესი კომისრის ოფისი (ორივე ჩამოყალიბდა 1992 წელს) და, უფრო მოგვიანებით, 1997 წელს, მედიის თავისუფლების წარმომადგენელის ინსტიტუტი. სინამდვილეში ეუთო ცდილობს ადამიანის უფლებათა გამოყენებას რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების მიზნით. ეს უკავშირდება გაერო-ს ადრეულ მიდგომას. ადამიანის უფლებათა დაცვა, თავისთავად, მიზნად ისახავს არა იძულებითი ღონისძიებების გატარებას, არამედ ადამიანის უფლებათა პატივისცემის კულტურის განვითარებასა და, მაშასადამე, დემოკრატიულ და მშვიდობიან საზოგადოებათა ევოლუციას. ამ თვალსაზრისით, კავშირი შეიძლება მოიძებნოს ამერიკული სახელმწიფოების კომისიის ორგანიზაციის პიონერულ სამუშაოსთან, რომელიც ეხება ახლადწარმოქმნილი დემოკრატიების განვითარებასა და გაძლიერებას უსაფრთხოების მხრივ არასტაბილურ რეგიონებში.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9