1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თვა თვი

თვითგამორკვევის უფლება

ჩნდება გაერო-ს წესდების 1(2) მუხლში, აგრეთვე, ორივე საერთაშორისო პაქტში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის და, ამგვარად, ადამიანის საერთაშორისო უფლებებისათვის მას ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ბევრი მიმომხილველის აზრით, თვითგამორკვევის პრობლემა დაკავშირებულია ბენეფიციარებთან - ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეკუთვნით ეს უფლება? ჰარსტ ჰანამის აზრით, „საერთაშორისო კანონმდებლობის არც ერთ თანამედროვე ნორმას არ ჰქონია ისეთი მძლავრი მხარდაჭერა და ფართო აღიარება, როგორიც ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას. და მაინც, ამ უფლების მნიშვნელობა და შინაარსი ბუნდოვანი და არასრული რჩება, როგორც მაშინ, როდესაც ის იქნა ჩამოყალიბებული პრეზიდენტ ვუდროუ ვილსონისა და სხვების მიერ ვერსალში“ (პუნქ. 175). თვითგამორკვევის უფლება, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, წარმოადგენს ჯგუფურ უფლებას. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ „ხალხებს“. ამ უფლებამ გამოიწვია სამართლებრივი პრობლემები, ვინაიდან ადამიანები ცდილობდნენ, დაკავშირებოდნენ საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებს ინდივიდუალური გასაჩივრების მექანიზმის გამოყენებით. სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე დებატები გამოიწვია მნიშვნელობამ, რომელიც გაერო-ს წესდებაში უნდა მინიჭებოდა ცნებას „ხალხები“, თუმცა შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. საერთაშორისო სამართლაში ხალხის უფლებათა, მათ შორის, თვითგამორკვევის უფლების განსაზღვრისათვის, „ხალხს“ აქვს შემდეგი მახასიათებლები: (a) ეს არის იმ ცალკეული ადამიანებისაგან ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომლებსაც აქვთ შემდეგი საერთო ნიშნები: (i) საერთო ისტორიული ტრადიცია; (ii) რასობრივი ან ეთნიკური იდენტურობა; (iii) კულტურული ერთგვაროვნება; (iv) ლინგვისტური ერთიანობა; (v) რელიგიური ან იდეოლოგიური მსგავსება; (vi) ტერიტორიული კავშირი; (vii) ერთნაირი ეკონომიკური ცხოვრების დონე. (b) ჯგუფი უნდა შედგებოდეს ადამიანთა გარკვეული რაოდენობისაგან, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება არ იყოს დიდი (მაგალითად, ჯუჯა-სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანები), მაგრამ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფოში ადამიანთა მიერ შექმნილ ჩვეულებრივ გაერთიანებათა სიდიდეს. (c) ჯგუფს მთლიანობაში უნდა გააჩნდეს სურვილი, განისაზღვრებოდეს როგორც ხალხი, ან ჰქონდეს ცნობიერება, რომ ეს არის ხალხი - იმის გათვალიწინებით, რომ გარკვეულ ჯგუფებს, ან ამგვარ ჯგუფთა ზოგიერთ წევრებს, შესაძლოა, არ გააჩნდეთ ამგვარი სურვილი ან ცნობიერება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ზემოთ ჩამოთვლილი საერთო მახასიათებლები. (d) შესაძლოა, აღნიშნულ ჯგუფს გააჩნდეს დაწესებულებები ან სხვა საშუალებები საერთო მახასიათებლების გამოსახატავად, აგრეთვე, იდენტურობის სურვილი (იუნესკო). ეს განმარტება წარმოადგენს კომპრომისულს ყველაზე ხშირად შემოთავაზებულ განმარტებებს შორის, მაგრამ, ძირითადად, მაინც რჩება გაერო-ს განათლების, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის (იუნესკო) სამუშაო ვარიანტად. ჯერჯერობით ეს არ არის საყოველთაოდ აღიარებული განმარტება. თვითგამორკვევა განსჯის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ევროპაში აღმოცენდა ნაციონალური სახელმწიფოები. ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, რუსეთისა და თურქეთის იმპერიების მიერ ასიმილაციური პოლიტიკის მზარდი განვითარების ფონზე იზრდებოდა ავტონომიისა და თვითმმართველობის მოთხოვნა. ამ თემას ლენინმაც კი მიუძღვნა წიგნი. თვითგამორკვევა ჩვეულებრივ განიხილება, როგორც ფორმა მოსახლეობის კოლექტიური მისწრაფებისა ნებისმიერი დაქვემდებარების წინააღმდეგ, რასაც საფუძვლად უდევს თეორია იმის თაობაზე, რომ იდეალური ნაციონალური სახელმწიფო წარმოადგენს ერთი ეროვნებისაგან შემდგარ სახელმწიფოს. თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს საკუთარი სახელმწიფო აქვს. ამგვარად, თვითგამორკვევის ცნება გაიგივებულია გათავისუფლებასთან. და ბოლოს, თვითგამორკვევის მოთხოვნა, როგორც უცხო სახელმწიფოს ძალაუფლების დამხობის გამამართლებელი საშუალება, ტრადიციულად მიჩნეულ იყო პოლიტიკურ, და არა სამართლებრივ, იარაღად. თვითგამორკვევასთან დაკავშირებით მიღებულია შეხედულება, რომ ეს არის უფლება, რომლითაც თავდაპირველად სარგებლობდნენ კოლონიური რეჟიმის ქვეშ მცხოვრები ხალხები და რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კოლონიური რეჟიმის დასამხობად. ძირითადად, ეს უფლება მიჩნეულ იყო ერთ გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფის უფლებად, რომელიც დაეხმარებოდა მათ, მიეღოთ კოლექტიური გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მმართველობის ქვეშ სურდათ ცხოვრება. ყველა ხალხისათვის თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს ხელშეუვალ უფლებას. თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ის იყოს აბსოლუტური უფლება. ცხადია, რომ არაკოლონიურ ქვეყნებში მცხოვრები ხალხები მის გამოყენებას არ საჭიროებენ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9