1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მონობა და იძულებითი სამსახური

მონობა იყო ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული პირველი საკითხი, რომელმაც ფართო საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გმობს მას, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მაინც დგას მონობის მსგავსი ფაქტები. სამწუხაროდ, ოცდამეერთე საუკუნეში კვლავ ხდება ადამიანის უფლებათა დარღვევა ამ თვალსაზრისით. მანფრედ ნოვაკის დახასიათებით, მონობა არის „ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე განხორციელებული ძალადობის უკიდურესი გამოხატულება, რაც წარმოადგენს უშუალო თავდასხმას ადამიანის პიროვნებასა და მის ღირსებაზე“ (გვ. 80). გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და ადამიანის უფლებათა დაცვის დოკუმენტები კრძალავს ადამიანის ღირსებისა და თავმოყვარეობის ნებისმიერ შელახვას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის მონური შრომის ტრადიციული ფორმები გაუქმდა, არსებობს მისი ბევრი თანამედროვე ფორმა – მონობა ვალის გამო, ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგი და ექსპლუატაცია – რაც წარმოადგენს მონობის ანალოგიურ ფორმას და რასაც საერთაშორისო საზოგადოება გმობს. 1926 წლის კონვენცია მონობის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის შემდეგ გაგრძელებულ იქნა 1953 წლის ოქმით. ნოვაკის აზრით, მავრიტანია იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად გააუქმა მონობა – ეს მოხდა მხოლოდ 1983 წელს (იქვე). მსოფლიოს საზოგადოებრიობა ვითარდება და მონებით დატვირთული გემები აღარ წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას, როგორც ეს ადრე იყო. მიუხედავად ამისა, მაინც აქვს ადგილი ადამიანთა „გაყიდვას“ ოჯახის მიერ პროსტიტუციის მიზნით, პედოფილიას, ოჯახის წევრთა მომსახურებას, აგრეთვე, იძულებით შრომასა და იძულებით ქორწინებას, როდესაც საკუთარ არჩევანს ყურადღება არ ექცევა. 1926 წლის ერთა ლიგის კონვენციის მიხედვით, მონობა არის „იმ ადამიანის სტატუსი ან მდგომარეობა, რომლის მიმართაც ხორციელდება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული რომელიმე ან ყველა უფლებამოსილება“ (მუხლი 1(1)). პარალელი შეიძლება გაივლოს მონობის აკრძალვასა და ადამიანის უფლებას შორის, ისარგებლოს პატივისცემით ადამიანური ღირსების გამო, აღიარებულ იქნეს პიროვნებად კანონის წინაშე და ისარგებლოს თანასწორუფლებიანობით კანონის წინაშე (უფრო დეტალურად განხილულია მე-16 თავში). იმის გამო, რომ მონობა არის ადამიანური ღირსების პატივისცემისა და ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობის პრინციპის საპირისპირო მოვლენა, მას არასოდეს ექნება გამართლება. თავისთავად მონობა არის არსობრივად ვიწრო ცნება, რომელიც იწვევს პიროვნების, როგორც სამართლებრივი ერთეულის სრულ გაქრობას. ერთა ლიგამ დიდი შრომა გასწია მონობის აღმოსაფხვრელად აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, სადაც იმ დროს გაბატონებული იყო კოლონიური კანონები, უფლებები და რწმენა. ეჭვგარეშეა, რომ ამ დროს მონური შრომის გამოყენებამ იკლო. მიუხედავად ამისა, ეს ისტორია ასახულია აფრიკის ერთობის ორგანიზაციის რეგიონალურ დოკუმენტებში. აფრიკული ქარტია მონობას უკავშირებს ადამიანის თანდაყოლილი ღირსების გრძნობის პატივისცემის უფლებას. მე-5 მუხლის მიხედვით, „იკრძალება ადამიანის ექსპლუატაციისა და დამცირების ყველა ფორმა, განსაკუთრებით მონობა, მონებით ვაჭრობა, წამება, სასტიკი, არაჰუმანური თუ დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი“. 2001 წელს აფრიკაში რასიზის თემაზე ჩატარებულმა საერთაშორისო კონფერენციამ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია აფრიკის მემკვიდრეობა მონებით ვაჭრობასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ დღეს ტრადიციული მონობის დოკუმენტალურად დასაბუთებული მაგალითები ცოტაა, ყურადღება გადატანილ იქნა ადამიანთა ტრეფიკინგზე და იძულებით შრომაზე, ეს არის პრაქტიკა, რომელიც ახლოს დგას მონობასთან.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9