1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰუმ ჰუს

ჰუმბოლდტი ვილჰელმ ფონ (1767-1835)

ლიბერალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლად გერმანიაში ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი ითვლება. იგი ცდილობდა, განესაზღვრა ადამიანის ყველაზე უფრო ხელსაყრელი მდგომარეობა სახელმწიფოში. ჰუმბოლდტის აზრით, ადამიანთა გაერთიანება ერთ სოციალურ კავშირად წარმოშობს მათი საქმიანობის მრავალფეროვნებას, ასეთ ვითარებაში ყალიბდება პიროვნება, რომელსაც პირადი ღირსების გრძნობა და თავისუფლება აქვს; ის უნიკალური და სხვებისგან განსხვავებული ინდივიდია, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია. ხელისუფლებას კი სახელმწიფოს მეშვეობით სურს ყველას ერთ თარგზე მორგება. ეს კი მიმართულია იმ მრავალფეროვნების შემცირებისაკენ, რითაც საზოგადოების, ერის ყოფიერება გამოირჩევა. განსაკუთრებით საშიშია პიროვნებისა და ერისათვის, როდესაც სახელმწიფო ადამიანებზე მამობრივი ზრუნვის მისიას თავის თავზე იღებს. ჰუმბოლდტი თვლიდა, რომ ასეთ პირობებში აღზრდილი მოქალაქე მუდმივად ელოდება დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. საბოლოო ჯამში ეს მოვლენა პიროვნების, მოქალაქის უმოქმედობას იწვევს, ასუსტებს ინდივიდის ენერგიასა და ნებას, გადააჩვევს პრობლემათა დამოუკიდებლად გადაწყვეტას, საკუთარი ძალებით სიძნელეთა დაძლევას. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ინდივიდის ზნეობაზე და, რაც მთავარია ასუსტებს ერის ძალას. ასე რომ, ბედნიერებას ადამიანმა შეიძლება მხოლოდ საკუთარი ძალებით მიაღწიოს, სახელმწიფო კი უნდა შემოიფარგლოს მოქალაქეთა როგორც საშინაო ისე საგარეო უშიშროების დაცვით. სიმშვიდის დაცვა - ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთადერთი მიზანი და მისი საქმიანობის ერთადერთი შინაარსი. ჰუმბოლდტის აზრით,რაც უფრო დიდია სახელმწიფო ხელისუფლების მოქმედების ფარგლები, მით ნაკლებია ინდივიდის თავისუფლება. თავისუფლება არ შეიძლება დაირღვეს მაშინაც კი, როდესაც აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ღონისძიებების გატარება ადამიანთა უშიშროების უზრუნველსაყოფად. ამდენად, მისი აზრით, სახელმწიფო მოწყობა დაკავშირებულია თავისუფლების შეზღუდვასთან და ამიტომ მას არ შეიძლება არ შევხედოთ, როგორც ბოროტებას, თუნდაც აუცილებელს.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9