1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პლა პლე პლი პლო პლუ

პლურალისტური დემოკრატია

ამ თეორიის წარმომადგენლების (გ. ლასკი, მ. დიუვერჟე, რ. დარენდორფი, რ. ალენი, რ. დალი და სხვები) აზრით, საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა ურთიერთმოქმედი ფენები (ე. წ. „სტრატები“, სიტყვიდან „strata”), რომლებიც ამა თუ იმ ინტერესთა ერთობლიობის შედეგად წარმოიქმნება (იგულისხმება პროფესიონალური და მატერიალური მდგომარეობა, ასაკი, რელიგიური შეხედულებები და სხვ.). ასე რომ, არსებობს მოხუცების, ახალგაზრდების, სპორტსმენებისა და სხვათა სტრატები, რომელთა ინტერესების მორიგება შესაძლებელია. მათი გამოვლენის, გამოხატვისა და ცხოვრებაში გატარებისათვის იქმნება შესაბამისი „დაინტერესებული ჯგუფები“, ანუ „ზეწოლის ჯგუფები“, მეწარმეთა ასოციაციები, პროფესიული კავშირები (ექიმების, მასწავლებლების და სხვა), რელიგიური გაერთიანებები, პაციფისტური და პატრიოტული ორგანიზაციები, კულტურული და სპორტული საზგადოებები და ა. შ. ისინი, ყველანი, ცდილობენ, საკუთარი ინტერესები პოლიტიკურ ხელისუფლებაზე ზემოქმედების, „ზეწოლის“ გზით განახორციელონ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ჯგუფები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ ინტერესებს, ღიად მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყენებენ საყოველთაო საარჩევნო უფლებას, პოლიტიკურ პარტიებად და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებად გაერთიანების უფლებას, შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის სარგებლობენ ინფორმაციის თანამედროვე საშუალებებით. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ასეთ პირობებში, ამ თეორიის შესაბამისად, სხვადასხვა ჯგუფების ურთიერთქმედების, კონკურენციის შედეგია. პოლიტიკური ხელისუფლება დანაწილებულია სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს შორის. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ამტკიცებს ლასკი, იყოფენ ხელისუფლებას მთავრობასთან, ასე რომ ხდება სუვერენიტეტის „დიფუზია“ სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი ხასიათის მრავალრიცხოვან ინსტიტუტებს შორის. აქედან მომდინარეობს „პლურალისტური დემოკრატიის“, პოლიტიკური პლურალიზმის ცნება. ამ დოქტრინის მომხრეები აცხადებენ, რომ პლურალიზმის მეშვეობით პოლიტიკური ხელისუფლება საყოველთაო-სახალხო ხდება. სახელმწიფო ამ შემთხვევაში გვევლინება, როგორც სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების შეთანხმების იარაღი, ნეიტრალური არბიტრი კონკურენტ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომელიც მოწოდებულია, არ დაუშვას ერთის ბატონობა სხვებზე, ე. ი. დაიცვას თავისუფალი პოლიტიკური კონკურენციის პირობები. პლურალიზმის იდეოლოგები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ პლურალისტურ საზოგადოებაში სახელმწიფო გამოხატავს ყველა ფენის ინტერესებს, იგი საყოველთაო ნების გამომხატველია, ხოლო ნებისმიერი ადამიანი, ყოველი გაერთიანება „ფლობს“ სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილს და მონაწილეობს სახელმწიფოს მართვაში.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9