1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო

ამ თეორიის წარმომადგენელთა (დ. კეისი, ჯ. მიურდალი, ჯ. სტრეჩი, ა. პიგუ, კ. ბოლდუინგი, ვ. ა. მუნდი და სხვები) შეხედულებები გარკვეულწილად დაუპირისპირდა ადრე არსებულ კონცეფციებს, რომელთა თანახმად, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართალდარღვევათა შემთხვევების გარდა. იყო პერიოდი, როდესაც ეკონომიკა მთლიანად კერძო ინიციატივაზე იყო დაფუძნებული და სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში სოციალურ ბოროტებად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფად აღიქმებოდა. მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კვალობაზე სახელმწიფომ თანდათან აქტიურად იწყო ჩარევა ეკონომიკაში და თვითონ გახდა მსხვილი სამეურნეო სუბიექტი. იგი ზემოქმედებს კერძო სექტორზე გადასახადების, ინვესტიციების, სახელმწიფო შეკვეთების, საკრედიტო პოლიტიკის რეგულირებისა და კონტროლის სხვა საშუალებებით. იგი ატარებს სოციალური მომსახურების პოლიტიკას, რაც გულისხმობს სოციალურ უზრუნველყოფას, სოციალურ დაზღვევას, დახმარებებს ავადმყოფობის, მოხუცებულობის, უმუშევრობის შემთხვევაში, ზრუნავს ბავშვებზე, ჯანდაცვაზე, აბანდებს სახსრებს მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში და ა. შ. სახელმწიფო ახორციელებს მსხვილ პროგრამებს სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. ასეთი პოლიტიკის შედეგად არაერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში იქნა მიღწეული ცხოვრების მაღალი დონე, რაც იქცა კიდეც „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის ბაზად. დ. კეისი თავის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936) ასაბუთებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის აუცილებლობას. ამ თეორიის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება საშუალებას იძლეოდა, გადაელახათ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რაც დამახასიათებელი იყო კაპიტალიზმის განვითარების წინა ეტაპისათვის, როდესაც ინდივიდუალური კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის ბატონობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პოლარიზაციას იწვევდა. შერეული ეკონომიკის შექმნა, სახელმწიფოს აქტიური მარეგულირებელი როლი და სოციალური მომსახურების პოლიტიკა ხელს უწყობს „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნასა და განვითარებას. მათი აზრით, თანამედროვე მაღალგანვითარებული სახელმწიფო მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესების გამომხატველად გადაიქცა. კერძოდ, ბოლდუინგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ახლა მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; პიგუს აზრით, ასეთი სახელმწიფო მთელი ხალხის სახელმწიფოა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და სამართლიანობის იდეების რეალიზაციის საშუალებაა; მუნდის მიხედვით, „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ძირითადი იდეა მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება, თანაბრად მიიღოს მონაწილეობა კეთილდღეობაში, მაშინაც კი, როდესაც არა აქვს აუცილებელი წყაროები ამის უზრუნველსაყოფად. ასეთი სახელმწიფოს მიზანი არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის განსაზღვრული დონის მიღწევა, მთელი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი მინიმუმის მიღწევა.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9