მისი მომხრეები მხარს უჭერენ ეკონომიკური კონკურენციის გარკვეულწილად შეზღუდვას და სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის სოციალური დაცვის ფუნქციის განხორციელებას, რათა გარანტირებული იყოს პიროვნების განვითარებისათვის თანაბარი შესაძლებლობები და თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დაპირისპირება. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა უთანხმოება სოციალური და ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრეთა შორის. თუ ეკონომიკური ლიბერალზმის მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფოს ფუნქციები უნდა შეიზღუდოს და მხოლოდ თავდაცვის, უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების უზრუნველყოფაზე იქნეს დაყვანილი, სოციალური ლიბერალიზმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მოსახლეობის სოციალური დაცვაა: გაჭირვებულთა საკვებითა და ბინით უზრუნველყოფა; ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სასკოლო განათლება; საპენსიო უზრუნველყოფა; ბავშვებზე, ინვალიდებსა და მოხუცებზე ზრუნვა; სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; უმცირესობათა დაცვა; დანაშაულებათა აღკვეთა; მეცნიერებისა და ხელოვნების მხარდაჭერა და სხვა.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007