1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გაეროს კონფერენცია ვაჭრობასა და განვითარებაზე

E. UN Conference on Trade and Development (UNCTAD)
გაეროს გენერალური ასამბლეის ძირითადი ორგანო ვაჭრობისა და განვითარების საკითხებში. იგი დაფუძნდა როგორც მუდმივი მთავრობათაშორისო ორგანო 1964 წელს ჟენევაში ჩატარებული კონფერენციის პირველ სესიაზე. მისი დაფუძნება მიზნად ისახავდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ეკონომიკურ განვითარებას, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებში. უნკტადი თავის მანდატს ახორციელებს შემდეგი მეთოდებით: პოლიტიკის ანალიზი, პრობლემის განხილვა, კონსენსუსის მიღწევა და მთავრობათაშორისო დონეზე მოლაპარაკებების გამართვა, კონტროლის განხორციელება, პრაქტიკული მუშაობა და ტექნიკური თანამშრომლობა. უნკტადის წევრ სახელმწიფოებს სურთ მიაღწიონ სტაბილურ, მდგრად ზრდას ყველა ქვეყანაში და ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას განვითარებად ქვეყნებში, რათა ყველამ ისარგებლოს წარმატებებით სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. უნკტადის შემადგენლობაში შედის 188 სახელმწიფო. დამკვირვებლების სტატუსით სარგებლობენ მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი სამდივნო არის ჟენევაში. უმაღლესი ორგანოა კონფერენცია. როგორც წესი, კონფერენცია ატარებს სესიებს მინისტრების დონეზე ოთხ წელიწადში ერთხელ პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შესამუშავებლად. უნკტადი ფინანსდება გაეროს რეგულარული ბიუჯეტიდან. მისი წლიური ბიუჯეტი ოპერაციული საქმიანობისათვის შეადგენს დაახლოებით 55 მილიონ აშშ დოლარს. თავისი არსებობის პერიოდში უნკტადმა შეძლო მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება, რომლებიც, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს შეესაბამება. მიღწეულ იქნა შეთანხმებები პირველადი წარმოების (ნედლეული) საქონლის სფეროში და შეიქმნა კვლევითი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია ნედლეულის მწარმოებელი და ნედლეულის მომხმარებელი ქვეყნებით; მიღებული იქნა შეღავათთა განზოგადოებული სისტემა (Generalized System of Preferences), რომელიც ითვალისწინებს განვითარებული სახელმწიფოების მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის სატარიფო შეღავათების მინიჭებას - ცხრამეტმა განვითარებულმა სახელმწიფომ 10 წლით ცალმხრივად მოხსნა საბაჟო გადასახადები განვითარებადი ქვეყნების გადაუმუშავებელ და ნახევრადგადაუმუშავებელ პროდუქციაზე, (შეთანხმება მოქმედებს 1971 წლიდან); მიღებულია რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს განვითარების მიზნით დაბალშემოსავლიანი განვითარებადი ქვეყნებისათვის დავალიანების რეტროაქტიულ კორექტირებას (მოქმედებს 1978 წლიდან); შემუშავებულია დავალიანების რესტრუქტურიზაციის სფეროში საერთაშორისო ზომების სახელმძღვანელო პრინციპები (1980წ.) და სხვ. გარდა ამისა, უნკტადმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების (Less Developed Countries) მობილიზაციის საქმეში. ამ თემას მიეძღვნა უნკტადის მიერ ორგანიზებული რამოდენიმე კონფერენცია, სადაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, გაეროს კონფერენციამ ვაჭრობასა და განვითარებაზე ვერ შეძლო მთელი რიგი დასახული პრობლემების გადაჭრა, და კვლავ ბევრია გასაკეთებელი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობისთვის.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9