1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დებ დედ დევ დეი დეკ დელ დემ დენ დეო დეპ დერ დეს დეტ დეფ დეც

დეკარტი რენე (1596-1650)

  1. ფრანგი ფილოსოფოსი, რაციონალიზმის მამამთავარი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ანალიზური გეომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დეკარტს კოსმიური მატერიის მოძრაობის ძირითად ფორმად მიაჩნდა მისი ნაწილაკების გრიგალისებრი მოძრაობა, რაც ასევე განაპირობებს სამყაროს აღნაგობას და წარმოშობს ციურ სხეულებს. დეკარტის ამ ჰიპოთეზამ ხელი შეუწყო ბუნების დიალექტიკურ გაგებას, თუმცა თვით დეკარტს განვითარება ჯერ ისევ მექანისტურად ესმოდა. მისი თხზულებებია: „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური განაზრებანი“.
    Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
  2. (Decartes = Cartesius; ლაე, 1596 წ.- სტოკჰოლმი, 1650 წ.) განათლება ლა ფლეშის იეზუიტთა სახელგანთქმულ კოლეჯში მიიღო, სადაც, იმდროინდელი სასწავლო პროგრამების შესაბამისად, ფილოსოფიისა და მათემატიკის საფუძვლიანი ცოდნა შეიძინა, თუმცა, გვიანდელი აღიარებით, ამ ცოდნით უკმაყოფილო დარჩა.
    1617-1629 წლებში იმოგზაურა ევროპის ქალაქებში, თავდაპირველად მაურიციო დი ნასოს და შემდეგ ბავარიის თავადის ლაშქრის შემადგენლობაში. სწორედ ბავარიაში ყოფნისას, 1619 წელს, გააკეთა მან, საკუთარი განცხადებით, „გასაოცარი აღმოჩენა”, რაც მათემატიკური სიცხადის მისაღებად ფილოსოფიაში მათემატიკური მეთოდის გამოყენებაში მდგომარეობს. საფრანგეთის დედაქალაქის ცდუნებათაგან თავის დაღწევის მიზნით დეკარტმა საცხოვრებლად ჰოლანდია აირჩია და იქ გაატარა ოცი წელი (1629 - 1649). აქ ის განაგრძობდა შრომების გამოცემასა და მიმოწერას თავისი დროის გამოჩენილ სწავლულებთან, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია მამა მერსენი, მცირეთა ორდენის წარმომადგენელი. 1649 წელს შვედეთის დედოფალმა კრისტინამ დეკარტი სტოკჰოლმში მიიწვია, რათა პირადად მისგან მოესმინა მისი ფილოსოფიის პრინციპების განმარტება, მაგრამ მოაზროვნემ ვერ აიტანა ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატი და 1650 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა.
    დეკარტის პირველი შრომა Regulae ad directionem ingenii 1626 წელს იქნა შედგენილი, მაგრამ მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოიცა. 1633 წელს დეკარტმა დაასრულა მუშაობა შრომაზე ტრაქტატი „სამყაროს (ანუ, სინათლის) შესახებ“ და შესავლის სახით მას „მეთოდზე” მსჯელობა დაურთო. 1632 წელს შემდგარი გალილეის სასამართლო პროცესის შემდეგ დეკარტმა გადაიფიქრა კოპერნიკის სწავლების მხარდამჭერი ნაწარმოების გამოქვეყნება, ამიტომაც ტრაქტატის შესავალი, ანუ „მეთოდზე მსჯელობა“ მან ცალკე გამოსცა. ასევე ცალკე გამოქვეყნდა რამდენიმე მოკლე გამოკვლევა (diottrica, Meteore, geometria), რომლებიც თავდაპირველად ხსენებული ტრაქტატის შემადგენელ ნაწილებად იყო ჩაფიქრებული.
    ამავე დროს დეკარტმა ღმერთის, სამყაროსა და ადამიანის პრობლემათა შესახებ მეტაფიზიკური ტრაქტატი შეიმუშავა, რომელიც მამა მერსენმა ნაყოფიერი კამათის გამოწვევის მიზნით იმდროინდელ სწავლულებს გაუგზავნა. ეს შრომა 1641 წელს გამოიცა სათაურით Meditationes de prima philosophia. მას თან ერთვოდა მოწინააღმდეგეთა შენიშვნები (კატერუსი, ჰობსი, არნო, გასენდი, ბურდენი და ორი სხვა სწავლული) და მათზე ავტორის პასუხები. 1644 წელს გამოქვეყნდა Principia philosophiae ოთხ წიგნად, 1649 წელს-ნაშრომი სამშვინველის ვნებათა შესახებ. დეკარტის ფილოსოფიური პრობლემის გასაგებად და მისი სწავლების მიმართულებათა გასაცნობად მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის „ეპისტოლარიუმი“.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I. ; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა ; რედ. ზაზა შათირიშვილი ; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9